იმუნიზაციის საბჭოს წევრი, ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კითხვარს, რომელიც მოქალაქის COVID-19-ზე ვაქცინაციისას ივსება, დაემატება კითხვები სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ დაავადებებსა და სხვა რისკფაქტორებზე.
მისი თქმით, ექიმი აღნიშნული ანამნეზის შეკრების შემდეგ გადაწყვეტს, გაუკეთოს მოქალაქეს ვაქცინა, თუ გაგზავნოს სპეციალისტან დამატებითი კვლევების ჩასატარებლად:
“კითხვარში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ყველა ადამიანი ავსებდა, შევიტანთ ცვლილებებს, სადაც იქნება რამდენიმე სიღრმისეული კითხვა, რომელიც სისხლის შედედების სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ უკვე ცნობილ დაავადებებზე იქნება, ან სხვა რისკფაქტორების გათვალისწინებაზე.
თუ ასეთი დაფიქსირდება, მათ მიეცემათ რეკომენდაცია. ჩვენ ვიცით, რომ იმუნიზაციის ბრიგადა შედგება სამი პირისგან — რეგისტრატორი, ექიმი და აცრის მედდა. ექიმი გადაწყვეტს, გაუკეთოს იმ დღეს აცრა პაციენტს, თუ გაუშვას სპეციალისტთან და შემდგომ ანალიზებით და პსუხებით დაბრუნდეს უკან, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ იმუნიზაციის პროცესი”, — აცხადებს კულუმბეგოვი.
აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ “ასტრაზენეკას” წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან. ის პირები კი, მიუხედავად ასაკისა, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უვკე აიცრნენ და გვერდითი მოვლენები არ განუვითარდათ, კვლავ შეძლებენ ამავე პრეპარატის მეორე დოზით აცრას.
ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] დასკვნით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ ასტრაზენეკას ვაქცინის “ძალიან იშვიათ” გვერდით მოვლენებს შორის უნდა იყოს შეყვანილი თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
EMA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასკვნის გამოსატანად კომიტეტმა ყველა არსებული მტკიცებულება, მათ შორის, დროებითი ექსპერტთა ჯგუფის რჩევებიც გაითვალისწინა.
ვრცლად:
ევროპის წამლის სააგენტომ “ასტრაზენეკას” ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირი გამოავლინა