რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა თავის ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. პოზნერის თქმით, კვლავ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას და „საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი საერთოდ არაა“.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეწუხდა ჩემი მდგომარეობის გამო, როცა მეგობრებთან ერთად თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავედი. ეს ერთგვარი ტრადიცია იყო, ეს ორჯერ უკვე გავაკეთეთ. ჩავედით მესამედ და მოხდა, რაც მოხდა.
როგორც მესმის, საქართველოში მიდის თავზე ხელაღებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ ჩემი ჩასვლა გამოიყენა, რათა მოეწყო, არ ვიცი, როგორ ვუწოდო, შაბაში. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი სიტყვები აფხაზეთზე, რათა მოეწვდინათ ხმა ავტობუსისთვის კვერცხების სროლით — როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები საკმარისად აქვთ, ჩვენი რესტორანის კედლებზე ბრახუნით და სასტუმროს აივნის ქვეშ ყვირილით, სტვენით და ასე შემდეგ. მე გადავწყვიტე წავსულიყავით — როგორც მინიმუმ, რატომ უნდა ჩამეგდო მეგობრებო საფრთხეში. დავბრუნდით მოსკოვში და ბრწყინვალედ აღვნიშნეთ, ვიყავით შეზარხოშებული — თბილისური გამოცდილება გამოგვადგა კიდეც, რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.
მსურს ვთქვა, რომ საქართველოზე და ქართველებზე ნაწყენი არ ვარ, თანაც, საპატიო კახელი ვარ და, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში.
რაც შეეხება კვერცხების სროლის მოყვარულებს, განსაკუთრებით, თუ მათ ფულს უხდიან, ასეთი ხალხი ყველა ქვეყანაშია და, როგორც უკვე დავწერე, რეალურად ყურადღებასაც არ იმსახურებენ“, — წერს იგი.
რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ, რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.
აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში პირველი აპრილს, დილით გაბრუნდნენ.