ახალი ამბები

90 წლის კაცის კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის — ვოლსკი პოზნერზე

15 ივნისი, 2023 • 759
90 წლის კაცის კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის — ვოლსკი პოზნერზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერზე საუბრისას აცხადებს, რომ 90 წლის კაცის დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის.

ასე გამოეხმაურა ვოლსკი იუთუბ არხ „კიბერ კმარას“ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს. ჩანაწერში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერსა და მის გარემოცვას ბოდიშს უხდის 2021 წლის 31 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, როცა თბილისში აქტივისტებმა პოზნერის დაბადების დღე ჩაშალეს, საქართველოში ჩამოსულ პოზნერსა და მის სტუმრებს კი ქვეყნის დატოვება პროტესტის ფონზე მოუხდათ.

გია ვოლსკის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი „დაჩეხილია“.

„ზურაბ აბაშიძე ელაპარაკება ამერიკის მოქალაქეს, რომელიც საქმის კურსში არ არის, საქართველოში რა ხდება. რაც შეეხება ჩემს შეხედულებას, 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ 90 წლის კაცს და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, რაც ჩემთვის სასიამოვნო არ არის, კვერცხებით დევნა არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რაც ჩვენს ერს და „ნაციას“ გააჩნია.

რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, ძალიან ბევრი ინტერესი გატარებული აქვს „ნაცმოძრაობას“, თავისი ტელევიზიების ჩართვით, დღესაც ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, 90 წლის პოზნერთან დაკავშირებით რა კომენტარი ჰქონდა, დაჩეხილი, მით უმეტეს, ამერიკის მოქალაქესთან ზურაბ აბაშიძეს, ეს უკვე მეოცე და მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


იუთბ არხ „კიბერ კმარაზე“ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ურეკავს და მომხდარის გამო ბოდიშს უხდის, აქციის მონაწილეებს კი, რომლებმაც პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის პირობებში რუსი ჟურნალისტისა და მისი გარემოცვის რესტორანში ქეიფი გააპროტესტეს, „ნაცისტებს“, „სააკაშვილის მოსყიდულებს“, “უროდებს” და „ზონდერებს“ უწოდებს. ვიდეოზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა, მითითებულია, რომ საუბარი 2021 წლის 1 აპრილს შედგა.

„ნეტგაზეთი“ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარკ ზილბერკვიტს ტელეფონით მართლაც ესაუბრა, თუმცა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის ავთენტურობას არ ადასტურებს. ამასთან, აბაშიძე უარყოფს ვლადიმერ პოზნერთან საუბარს.

აღნიშნული პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ „იუთუბ“ არხის მეშვეობით მსგავსი ტიპის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. მანამდე, ამავე გვერდმა გამოაქვეყნა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. მაშინ ამ ჩანაწერის ავთენტურობას ზურაბ აბაშიძე თავადვე ადასტურებდა.

ამავე გვერდმა გაავრცელა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც ასევე არ არის დადგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი