ახალი ამბები

პოზნერის თქმით, საქართველოში კიდევ ჩამოვა

2 აპრილი, 2021 •
პოზნერის თქმით, საქართველოში კიდევ ჩამოვა

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის თქმით, საქართველოში კიდევ ჩამოვა. როგორც მოსკოვის ოლქის კუთვნილი ტელეარხი „360“ იტყობინება, ეს განცხადება ჟურნალისტმა გამოცემა News.ru-სთან საუბარში გააკეთა.

„კიდევ ერთხელ წავალ, რატომაც არა? ასეთ შესაძლებლობას აბსოლოტურად არ გამოვრიცხავ. იქ უამრავი მეგობარი მყავს, აუცილებლად წავალ საქართველოში“, — ამბობს იგი.

ეს პოზნერის რიგით მეორე კომენტარია საქართველოში მის ვიზიტთან დაკავშირებით. აქამდე მან განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, „ყურადღების მიქცევა არ ღირს“.


რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ, რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში პირველი აპრილს, დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი