„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღის ჩაშლის გამო ზურაბ აბაშიძის მიერ ბოდიშის მოხდა აბსოლუტურად სწორი იყო.
როგორც კობახიძე ამბობს, ვლადიმერ პოზნერს თბილისში „პროვოკაცია“ ელენე ხოშტარიას ორგანიზებით მოუწყვეს და ამიტომ ამის გამო სინანულის გამოხატვა აბსოლუტურად ჯანსაღია.
„რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თავის დროზე იყო აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც ხოშტარიამ შეასრულა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუბლებს. ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს[…]
ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი სავაჭრო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ამ პროვოკაციის ორგანიზატორი ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან რუბლებს იღებს, რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციაზე პოზიციასა და სინანულის რომ გამოხატავ, ჩვეულებრივი ამბავია, აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
იუთუბ არხ „კიბერ კმარაზე“ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერსა და მის გარემოცვას ბოდიშს უხდის 2021 წლის 31 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, როცა თბილისში აქტივისტებმა პოზნერის დაბადების დღე ჩაშალეს, საქართველოში ჩამოსულ პოზნერსა და მის სტუმრებს კი ქვეყნის დატოვება პროტესტის ფონზე მოუხდათ.
გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ურეკავს და მომხდარის გამო ბოდიშს უხდის, აქციის მონაწილეებს კი, რომლებმაც პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათის პირობებში რუსი ჟურნალისტისა და მისი გარემოცვის რესტორანში ქეიფი გააპროტესტეს, „ნაცისტებს“, „სააკაშვილის მოსყიდულებს“, “უროდებს” და „ზონდერებს“ უწოდებს. ვიდეოზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა, მითითებულია, რომ საუბარი 2021 წლის 1 აპრილს შედგა.
„ნეტგაზეთი“ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარკ ზილბერკვიტს ტელეფონით მართლაც ესაუბრა, თუმცა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის ავთენტურობას არ ადასტურებს. ამასთან, აბაშიძე უარყოფს ვლადიმერ პოზნერთან საუბარს.
აღნიშნული პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ „იუთუბ“ არხის მეშვეობით მსგავსი ტიპის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. მანამდე, ამავე გვერდმა გამოაქვეყნა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. მაშინ ამ ჩანაწერის ავთენტურობას ზურაბ აბაშიძე თავადვე ადასტურებდა.
ამავე გვერდმა გაავრცელა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც ასევე არ არის დადგენილი.