ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პირველ აპრილს გამოქვეყნდა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების კუთხით არასრულწლოვან ლუკა სირაძისა და მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეებია გამოყოფილი. დოკუმენტში საუბარია ხარვეზებზე, რომლებიც გამოვლინდა აღნიშნულ საქმეთა გამოძიების/სასამართლო განხილვის დროს.
თემურ აბაზოვის საქმე
სახალხო დამცველი “განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს” აწ უკვე სასამართლოს მიერ გამართლებული თემურ აბაზოვის საქმეს. მარნეულის ყოფილ მერს ბრალი ედებოდა პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში. საუბარია მოქალაქეზე, რომელმაც ერთ-ერთ დემონსტრაციაზე აბაზოვის მისამართით შეიგინა.
მოგვიანებით, სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე, პროკურატურამ აბაზოვს წარდგენილი 2 ბრალიდან ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) მოუხსნა. სახალხო დამცველს ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნია.
“[1 ბრალდების მოხსნის] საფუძვლად პროკურატურამ მიუთითა, რომ თემურ აბაზოვმა ორივე ქმედება ერთიანი განზრახვით ჩაიდინა, რის გამოც პირველმა დანაშაულმა სრულად მოიცვა ღირსებისა და პატივის შემლახავი კადრების შენახვისა და გავრცელების ორგანიზების პერიოდი.
სახალხო დამცველი არ იზიარებს პროკურატურის დასაბუთებას კადრების გავრცელების ნაწილში ბრალდების მოხსნის თაობაზე. არც სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დისპოზიციები, არც აღნიშნული ქმედებების ლოგიკური ანალიზი არ მიუთითებს, რომ პირის მიმართ არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა მოიცავს ამ მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებას.
არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი კადრების საჯაროდ გავრცელება დამატებით აღრმავებს დაზარალებულის მიერ განცდილ მძიმე მორალურ ტანჯვას და იწვევს მის ხელახალ ვიქტიმიზაციას, რის გამოც ამ ქმედებას სისხლის სამართლის კოდექსი ცალკე, დამოუკიდებელ დანაშაულად მოიაზრებს”, — ვკითხულობთ ანგარიშში.
ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე მოცემული ბრალის მოხსნით სასამართლოს წაართვა უმძიმეს დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ლუკა სირაძის საქმე
ანგარიშში ნახსენებია ლუკა სირაძის საქმეც. საუბარია მოზარდზე, რომელსაც 2019 წელს წარწერების გაკეთებას ედავებოდნენ იმ სკოლის კედლებზე, რომელშიც თავად სწავლობდა.
ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი — გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც მოზარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ჩვენების იძულებას ედავებოდნენ. ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დამნაშავეობაზეც მიუთითებდეს. ანგარიშს მიხედვით, ომბუდსმენმა პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, უშედეგოდ.
“საქმის მასალებით, პირველ რიგში, იკვეთება, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ცდილობდა მოწმეებზე ზემოქმედებას, რათა ამ პოლიციელის სასარგებლო ჩვენება მიეცათ.
ასევე, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა, მაშინ, როცა პირველადი ჩვენებით სხვა პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დგებოდა დღის წესრიგში.
აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და გამოძიების დაწყების მიზნით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც წინადადება არ გაიზიარა”, — აღნიშნავს ნინო ლომჯარიას აპარატი.