ახალი ამბები

ლუკა სირაძის საქმეზე ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

7 სექტემბერი, 2020 • 1687
ლუკა სირაძის საქმეზე ჩოლოიანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყოფილ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს, რომელსაც გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაღუპული ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებას ედავებოდა, სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა.

მოზარდის ძმა მიიჩნევს, რომ ჩოლოიანის გარდა ლუკა სირაძის გარდაცვალებაში სხვა პოლიციელებსაც მიუძღვით წვილი. როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოჯახი განაგრძობს ბრძოლას მათი პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად.

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მანამდე შსს-ც აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.

გამომძიებლის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიმ თქვა, რომ 15 წლის მოზარდის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, 23:30 საათამდე.

ლუკა სირაძის ძმა გასული წლის დეკემბერში  “ნეტგაზეთთან” აცხადებდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ: 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.

მიმდინარე წლის ივლისში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ ტელეეთერში განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის გარდა პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე სხვა პოლიციელებმაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე ეჭვი აქვს, რომ 15 წლის მოზარდს ხელი დაარტყა.

მისი თქმით, მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ სამართლიანობას მიაღწია, როცა ჩოლოიანი და კიდევ 3 პოლიციელი უმკაცრესად დაისჯებიან, ამისთვის კი დახმარებას საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვდა. გარდა ამისა, მისი თქმით, პასუხი სკოლის წარმომადგენლებსაც უნდა მოეკითხოთ.

თავის დროზე საქმის გამომძიებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი – აცხადებდა, რომ ჩოლოიანის გარდა, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდანაც გამოვლინდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევების ფაქტები, თუმცა სხვა პოლიციელების მიმართ ინსპექტორმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ გამოკვეთა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით შსს-ს გენინსპექციას მიმართა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნულ პოლიციელებს დისციპლინარული სახდელი დაეკისრათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში სახდელის ფორმა არ დაუკონკრეტებიათ.

ლუკა სირაძის საქმე: სადამდე მივიდა გამოძიება და სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი