ახალი ამბები

რას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზა ვაშლიჯვრის მეწყერზე

26 მარტი, 2021 •
რას ამბობს სამხარაულის ექსპერტიზა ვაშლიჯვრის მეწყერზე

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, ვაშლიჯვრის მეწყერი, დიდი ალბათობით, გზის მიმართულებით გადაადგილდება და ამ პროცესში დამატებით ნაპრალებს შექმნის.

უწყების ეს დასკვნა 17 მარტით თარიღდება, თუმცა ის მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც გუშინ, 25 მარტს, მერიამ გამარტივებული შესყიდვისთვის დოკუმენტაცია შეავსო სახელმწიფო შესყიდვების სააგნტოს ვებგვერდზე.  მერია მეწყრის კვლევა-პროექტირებისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიების გასატარებლად 7 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ექსპერტიზის დაკსვნაში ნათქვამია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე, კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი.

„მეწყრის საშუალო სიგანე 100 მეტრია, მეწყრული სხეულის სიგრძე მთავარი საფეხყრუს წარბადან მაჭავარიანის ქუჩამდე (საავტომობილო გზამდე) 200 მეტრს შეადგენს. ვიზუალური დაკვირვებით აღნიშნული ნაპრალები ზედაპირულ ნაწილში ღიაა და მათი ღიობის სიგანე 0.5მ-დან 1.5მ- მდე იცვლება.
დიდი ალბათობით, მეწყრული სხეულის შემდგომი გადაადგილება საავტომობილი გზის მიმართულებით, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებს და საფეხურებს“, – ამბობდა სამხარაულის ბიურო 17 მარტს.

„გამოკვლეულ ტერიტორიაზე განხორციელებული რამდენიმე ვიზიტის დროს, ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე დაიკვირვა, რომ მეწყრული პროცესი აქტიურ დინამიკაშია,(დინამიკა შესამჩნევია დროის მოკლე ორ-დღიან მონაკვეთშიც კი), რაც მოცემულ ვითარებაში შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფერდობის ბუნებრივი სტაბილიზაცია მოსალოდნელი არ არის,“. 

დასკვნის ავტორი, მირზა მესხი ამბობს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით აუცილებელია:

  • დაუყოვნებლის შეწყდეს ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (მ. მაჭავარიანის ქუჩა) შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;
  • განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი (დაკვირვება) შესაბამისი მეთოდიკის მიხედვით;
  • დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის დამცავი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და მოწყობას შესაბამისი კვლევებისა და გაანგარიშების საფუძველზე. მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისაკენ მიმართულ ღონისძიებად შესაძლებელია განხილული იყოს დინამიკაში მყოფი მეწყრული მასის დაშლა და გატანა, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობა, გრუნეტების მელიორაცია (ცემენტაცია), ხიმინჯების მოწყობა ქანების სუსტად გამოფიტულ ზონაში ჩაანკერებით და სხვა.

„გამოკვლეულ უბანზე მეყწრული პროცესების წარმოქმნა-განვითარება უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულად ფერდობზე მისი ამგები ქანების წონასწორობის დარღვევას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური ფაქტორებით: ფერდობის დახრილობით (კლდოვანი ქანების შრის წოლის ელემენტები-დაქანების აზიმუტი და დახრის კუთხე (052/180) თანხვედრაშია ფერდობის ექსპოზიციასა და მისი ზედაპირის დახრილობასთან), ფერდობზე დინამიური დატვირთვების გაზრდით, ასევე, სხვადასხვა პერიოდში აღნიშნული მეწყრული პროცესის მიმდებარედ განხორციელებული საინჟინრო საქმიანობითა და სხვა ფაქტორებით“, -ნათქვამია დოკუმენტში.

დასკვნა სრულად:

 


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მეწყრის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.  ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.

მეწყერს სახელმწიფოს გარდა სწავლობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერი ყოველდღიურად დაახლოებით 5 სანტიმეტრით მოძრაობს, ნალექიანი ამინდი კი არსებული ვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია.

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

მასალების გადაბეჭდვის წესი