ახალი ამბები

12 წლის ანას საქმეზე ბრალი სამხარაულის ბიუროს ექსპერტს წარუდგინეს – უფლებები საქართველო

17 ოქტომბერი, 2023 •
12 წლის ანას საქმეზე ბრალი სამხარაულის ბიუროს ექსპერტს წარუდგინეს – უფლებები საქართველო

“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, მარტში დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა ანუშაიტიტეს საქმეში ბრალი წარუდგინეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტს. ბავშვის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

ორგანიზაცია მოითხოვს, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გაგრძელდეს, რაც საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობას გულისხმობს.

გარდა ამისა, “უფლებები საქართველო” და გარდაცვლილი ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს. თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურა ამ შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს.

“უფლებები საქართველომ” ჯერ კიდევ ივლისში გაავრცელა ინფორმაცია ბიოლოგიური ექსპერტიზისას ამოღებული მტკიცებულებების დაზიანების შესახებ. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგად ამოღებული მასალების შენახვის წესის დარღვევის გამო გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი