თურქული საფეხბურთო კლუბი “ფენერბაჰჩე” ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს გადაწყვეტილებას სტამბოლის კონვენციიდან თურქეთის გასვლის შესახებ. შესაბამისი განცხადება კლუბმა “ტვიტერზე” გაავრცელა.
სტამბოლის კონვენცია საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, თურქეთი კონვენციას ტოვებს.
საფეხბურთო კლუბის განცხადებით, გასულ შაბათ-კვირას “მწუხარებით” შეიტყო ეს ამბავი.
“ფენერბაჰჩე” აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მისი არაერთი აქტივობაა მიმართული ქალებისა და გოგოების თანაბარი მონაწილეობისკენ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სპორტში.
“როგორც კლუბმა “ფენერბაჰჩემ”… რომელიც ხმამაღლა ამბობს, რომ “ქალთა წინააღმდეგ ძალადობა დანაშაულია! ნუ იქნები ამის მონაწილე, ნუ იქნები მაყურებლის [პოზიციაში]”… გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ შეშფოთებულნი ვართ კონვენციის დატოვების სოციალური შედეგებით.
გვჯერა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სტამბოლის კონვენცია, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალების წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის, ძალადობის აღმოსაფხვრელად და მთელი ჩვენი საზოგადოების საყოველთაო კეთილდღეობისათვის. ასე რომ, მოვითხოვთ და ვითხოვთ [კონვენციის] დატოვების გადაწყვეტილების გადახედვას”, — წერია განცხადებაში.
სტამბოლის კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილს მიიღო. ის ხელმოსაწერად 2011 წლის 11 მაისს, სტამბოლში, მინისტრთა კომიტეტის 121-ე სესიის დროს გაიხსნა. დოკუმენტი მოიცავს იურიდიულ და სოციალურ ინსტრუქციებს მთავრობებისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.
თურქეთის ხელისუფლებას არ დაუსახელებია მიზეზები, კონკრეტულად რატომ ტოვებს ქვეყანა საერთაშორისო კონვენციას. თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც, ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.
უფლებადამცველები და სხვები აქამდეც აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას კონვენციის დათქმების შესრულებისთვის არასაკმარისად მუშაობის გამო. ახლა კი, როცა ქვეყანა შეთანხმებიდან გავიდა, პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან. უკვე გაიმართა არაერთი აქცია ერდოღანის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
თურქეთში მოქმედი პლატფორმის — “ჩვენ შევაჩერებთ ფემიციდს” — მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 300 ქალი გახდა გენდერულად მოტივირებული მკვლელობის მსხვერპლი. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიხედვით კი, თურქეთში ქალების თითქმის 40%-ია ძალადობის მსხვერპლი თავიანთი პარტნიორების ხელში. ევროპაში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.
“არ გავჩუმდებით!” — პროტესტი თურქეთში სტამბოლის კონვენციის დატოვების წინააღმდეგ