ახალი ამბები

“გადავწყვიტე, ხვალაც დავრჩე თბილისში” — დანიელსონი

14 მარტი, 2021 •
“გადავწყვიტე, ხვალაც დავრჩე თბილისში” — დანიელსონი

“ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში”, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში დღეს, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა ვიზიტის ერთი დღის გახანგრძლივების შესახებ განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ყველა მხარე ძალიან ჩართული იყო პროცესში. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ”, – განაცხად დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ დღეს უკვე შეძლებდა განეცხადებინა საკითხის გადაწყვეტის შესახებ, თუმცა ამას მეტი დრო დასჭირდა.

“მიზეზი, პრეზიდენტმა მიშელმა რატომ აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას სჯერა საქართველოს მნიშვნელობის ევროკავშირისთვის. ამ გზაზე გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ზუსტად ამიტომ ვდებთ ამდენ ძალისხმევას მხარეების დასახმარებლად. ახლა ცოტა უნდა დავიძინო და ველოდები, ხვალ თქვენთან შეხვედრას”, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში 12 მარტიდან ჩერთო.

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ასევე, დისკუსიების ორი (“ქართული ოცნებასთან” კი — სამი) რაუნდი გამართა 4 ჯგუფად დაყოფილ პოლიტიკურ პარტიებთან:

  1. „ქართული ოცნება“
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ბლოკში მყოფი “რესპუბლიკური პარტია”
  3. “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ერვოპული საქართველო”, “გირჩი” და “გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის”
  4. “ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქეები” და “პატრიოტთა ალიანსი”

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში, ასევე, ჩართული არიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ მიშელის თბილისში ვიზიტის დროს განახლებულ პოლიტიკური დიალოგში წარმომადგენლად დანიშნა.

შარლ მიშელი ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ელის პროგრესს მოლაპარაკებებში.

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, 14 მარტს, “ქართული ოცნების” მხრიდან მომლაპარაკებლებმა — ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ განაცხადეს, რომ “ჯერ კიდევ რჩება საკითხები, სადაც საჭიროა პოზიციების დაახლოება” და დიალოგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას, ბრიუსელში 16 მარტს გაიმართება.

“დისკუსიები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგაც” — კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი