ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი შვედეთში კრისტიან დანიელსონს შეხვდა

14 მარტი, 2023 • 689
ილია დარჩიაშვილი შვედეთში კრისტიან დანიელსონს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შვედეთში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს და მზად არის იმუშაოს ქართულ მხარესთან იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც საჭიროა ამ გზაზე შემდგომი წარმატების მისაღწევად.

„ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედ დიპლომატს საქართველოს პირადი მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის აქტიური გულშემატკივრობისთვის. მისი თქმით, ქვეყანა არა მხოლოდ ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს, არამედ დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს ევროპულ, მათ შორის, საკანონმდებლო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისითაც. მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე და აღნიშნეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან პრაქტიკული დაახლოების თვალსაზრისით პრიორიტეტულ მიმართულებებს და ამ პროცესში შვედეთის დახმარებას, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სატრანზიტო მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოწვევები“, — ნათქვამია გამნცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. დანიელსონი უძღვებოდა იმ მედიაციის პროცესს, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობდა. სწორედ მისი ჩართულობით მომზადდა 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი