ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.
ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.
“ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს” – “ქართული ოცნების” პოზიცია ამნისტიაზე
20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის აქტის გამოცემის შესახებ ჩანაწერი დოკუმენტის საბოლოო ვერსიამდე იმ სამუშაო ვარიანტშიც იყო, რომელიც შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში მეორე ვიზიტის დასრულებისას დატოვა. შეთანხმების ტექსტში აღნიშნული პუნქტი შემდეგი ფორმულირებით იყო წარმოდგენილი:
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება”.
საბოლოო ვერსიაში კი ტექსტი შემდეგნაირად კორექტირდა:
“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება”.
განსხვავება აღნიშნული პუნქტის პირვანდელ და საბოლოო ვერსაის შორის მხოლოდ ერთ წინადადებაშია. კერძოდ, საბოლოო ვერსაიში ამნისტიის გარდა დაშვებულია “ისეთი ზომების მიღება, რომელიც ამნისტიის ანალოგიურ შედეგს გამოიღებს”.
გამომდინარე იქიდან, რომ ტექსტის ფორმულირება ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, “ნეტგაზეთი” “ქართული ოცნების” დეპუტატს, შალვა პაპუაშვილს ესაუბრა და სთხოვა განმარტება, გულისხმობდა თუ არა შეთანხმება, რომ ამნისტია შეეხებოდა იმ პირებსაც, რომლებმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. 20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი.
გუშინ, 19 აპრილს, შალვა პაპუაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხის დეტალიზება ამნისტიის შესახებ კანონში მოხდებოდა. რაც შეეხება დოკუმენტის ძირითად პრინციპს, პაპუაშივლმა თქვა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა მხარეებს ამ საკითხის დახურვა შესთავაზეს:
“აქ დეტალიზება მოხდება ამნისტიის შესახებ კანონში. მთავარი არის პრინციპი. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული იყო, რომ 20 ივნისის საკითხი დავხუროთ, გადავშალოთ ეს ფურცელი. აქედან გმოამდინარე, რაც საჭირო იქნება ამ ფურცხლის გადასაშლელად, ის იქნება [კანონში]. ვერ გეტყვით ზუსტად, სამართლებრივად როგორ იქნება”, – თქვა პაპუაშვილმა.
დღს კი ანალოგიურ კითხვაზე, შეეხებოდა თუ არა ამნისტია იმ პირებსაც, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს, პაპუაშვილმა პირდაპირ განგვიცხადა, რომ აქტი შეეხება როგორც მელიას და ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებსაც, რომლებმაც შესაძლოა უფლებამოსილებას გადააჭარბეს:
“შეეხება როგორც ძალადობაში ბრალდებულ პირებს, ნიკა მელიას და სხვა პირებს, ასევე, იმ სამართალდამცავებს, რომლებსაც გადააჭარბეს უფლებამოსილებას”, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
“ერთ-ერთი რთული ჩანაწერი” – რას ფიქრობენ ოპოზიციაში
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მოლაპრაკებებზე აღნიშმული პუნქტის დეტალური განხილვა არ ყოფილა და რა ფორმულირებას მიიღებს ამნისტიის შესახებ კანონი – სამუშაოა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე “ნეტგაზეთთან” იხსენებს, რომ როდესაც საუბარი ჩამოვარდა ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, მხარეები მსჯელობდნენ გზებზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხების გადაჭრა:
“ვეძებდით ყველა გზას, როგორ შეიძლებოდა ეს საკითხები გადაგვეჭრა და მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველსავე შეხვედრაზე შემოთავაზებული იყო, რომ ყველანაირი ბრალდება უნდა მოეხსნას, როდესაც გამოვა პატიმრობიდან და ამისთვის იყო ამნისტია საუკეთესო შემოთავაზება მათი მხრიდან. მთავარია, რომ ნიკა მელიას პარტია თავად დაეთანხმა ამას, თუმცა შემდეგ შეიცვალა ბევრჯერ ეს მექანიზმი”, – აცხადებს ხათუნა სამნიძე.
მისი თქმით, ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, მელიასთვის გირაო გადაეხადა, შემდეგ კი იმისათვის, რომ აღარ ყოფილიყო არანაირი რისკი, რომ ხელისუფლება კვლავ გამოიყენებდა მის მიმართ აღნიშნულ ბრალდებას და მოხდებოდა მისი დაპატიმრება, მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო ამნისტიის კანონი.
აღნიშნული პუნქტი, სამნიძის თქმით, აზღვევდა იმასაც, თუ მელია გირაოს გადახდაზე უარს იტყოდა:
“თუ გაგრძელდება ნიკას უარი ევროპის დახმარებაზე, რომ ის გირაოთი მაქსიმუმ 72 საათში გამოვიდეს, მერე რჩება ამნისტიის კანონი, რომლითაც მოეხსნება ბრალი და გათავისუფლდება”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.
მისი თქმით, ამნისტიის თემა დაწვრილებით ჩაშლილი არ ყოფილა და ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, პარლამენტში მუშაობის დროს პროექტში ისეთი მუხლები ჩაიწეროს, რომ იმ პირებს, ვინც დემონსტრანტები დააზიანა, არ ჰქონდეთ საშუალება, მართლმსაჯულებას თავი დააღწიონ. პროცესს კი მონიტორინგს შეთანხმებაში ჩართული მედიატორები გაუწევენ:
“ეს არის ფასი, ერთ-ერთი რთული ჩანაწერი, რომელიც უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ გვყავდეს და გადავიდეს ნორმალურ რელსებზე ქვეყნის სტაბილურობა. ძირითადი პასუხისმგებლობა არის ოპოზიციაზე. ამ პროცესს მონიტორინგს გაუწევენ ჩვენი მედიატორები.
ეს არის მათი მხრიდან გარანტორობა, რომ პროცესი იქნება ვითარების შესაბამისი და ჩვენ მივიღებთ ამნისტიის კანონს, რომლითაც პირველ რიგში პოლიტიკურ დევნას შევწყვეტთ, რომელიც მიმდინარეობს ნიკა მელიას მიმართ, და ვიმუშავებთ მაქსიმალურად იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოინდომოს, არ დააყენოს არცერთ ეტაპზე საკითხი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ არ იყვნენ დასჯილი უშუალოდ ადამიანის დასახიჩრებაში მონაწილე პირები”, – აღნიშნავს ხათუნა სამნიძე.
მსგავსი პოზიცია აქვთ “ლელოში”. კერძოდ, პარტიის წევრი ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ დოკუმენტში არის გარკვეული საკითხები, რომელზეც განსხვავებული ფორმულირების მინიჭება იყო შესაძლებელი. მისი თქმით, სწორედ ასეთი პუნქტია ჩანაწერი 20 ივნისის ამნისტიაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ლელო” დოკუმენტს პრინციპულად ეთანხმება.
ნაცვლიშვილი ასევე ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტის კეთილსინდისიერი შესრულება მედიატორების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელდეს. უშუალოდ ამ ჩანაწერზე კი პრაქტიკაშია სამუშაო. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფორმატის დოკუმენტში მეტი სიცხადე მოვემული ვერ იქნებოდა და დეტალები კანონში უნდა აისახოს.
მისი თქმით, “ლელოსთვის” ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი არ იყოს უარის თქმა იმ ფუნდამენტურ, ეთიკურ და უფლებრივ პრინციპებზე, რომლის გადალახვაც სახელმწიფოს მხრიდან სწორი არ იქნებოდა:
“ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ არ ვეთანხმებით დემონსტრანტების და სახელმწიფო მოხელეების, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, ერთ სიბრტყეში განხილვას. კანონში ეს სულისკვეთება უნდა ჩანდეს. ერთ სიბრტყეში ვერ დავაყენებთ ადამიანებს, რომლებიც კონსტიტუციურ უფლებას იყენებდნენ და დაზარალდნენ, რომლებიც პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდნენ.
აქ ძალიან ბევრი ნიუანსია. პრინციპის დონეზე “ლელოსთვის” მნიშვნელოვანია, შეთანხმებისთვის ეს ნაბიჯი გადავდგათ, თუმცა ფუნდამენტური უფლებრივი და ეთიკური საკითხები არ გადაიკვეთოს. ჩაშლა უნდა მოხდეს. სამომავლოდ კანონი უნდა იყოს ისეთი, რომელიც მოემსახურება და არ შეურაცხყოფს დაზარალებულების ღირსებას და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს იყოს ბოლო ასეთი ტრაგიკული დანაშაულებრივი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. არ უნდა წახალისდეს და მწვანე შუქი აენთოს მომავალ ასეთ დანაშაულებს”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ამნისტია არ მოხდეს დავალების გამცემ პირებზე. ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციას 20 ივნისზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც ექნება, რომელიც მომხდარს დეტალურად გამოიძიებს:
“პარლამენტშია სამუშაო, რომელ მუხლებზე გავრცელდება ეს, მაგრამ რაც იგულისხმება გარანტირებულად, ნიკა მელიაზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს. ჩემი აზრით, მთავარი საკითხია, რომ დავალების გამცემების ამნისტია არ მოხდეს. სამართალდამცავებზე სულ რამდენიმე საქმეა და, ვფიქრობ, არ არის სრულად ასახული, ვინც იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას“, – ამბობს გიორიგ ვაშაძე.
ჩანაწერის შემოთავაზებულ ფორმულირებას ეწინააღმდეგება თავად ნიკა მელია, რომელსაც 20 ივნისის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასთან” ამ გარიგებაში ვერ შევა, რადგანაც მიიჩნევს, რომ ამ გზით მოხდება მოძალადე თნამდებობის პირებისა და პოლიციელების შეწყალება:
“ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული “თავისუფლების” შედეგი რა იქნება – შეწყალებული, მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება”, – აცხადებდა ნიკა მელია.
ჩანაწერის სამართლებრივი და მორალური ასპექტები
სისხლის სამართლის სპეციალისტი და საპროტესტო აქტივისტი ბექა ბასილაია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ თუ ამნისტიის კანონი 20 ივნისის გარშემო დაწყებული საქმეების ყველა მუხლზე გავრცელდება, ყველა გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. იურისტის თქმით, ამნისტიის პირობებში, ამ ბრალდებებით 20 ივნისის საქმეზე არც სამომავლოდ დაისჯება ვინმე.
“მე არ ვიცი, როგორი რედაქციით დაწერენ, მაგრამ თუ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გამოიცეს ამნისტიის აქტი, ეს ნიშნავს, რომ ის კვაზისაქმეებიც კი უნდა შეწყდეს, რომელიც პროკურატურაშია.
თუ ამნისტია იქნება მიღბული, იქ ესმება ყველაფერს წერტილი. ვერც ერთი ინსტანციის სასამართლო ვერაფერს დაავალდებულებს. გამოძიების შეწყვეტის უპირობო საფუძველია ამნისტიის აქტი. პირობითად შეიძლება გამოიძიონ და ბრალი არ წარუდგინონ, მაგრამ გამოძიება, რომლის მიზანიც სიმართლის დადგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის, როგორ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი”, – ამბობს ბასილაია “ნეტგაზეთთან”.
ბასილაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუნქტის დოკუმენტში ჩაწერით “ქართული ოცნება” საკუთარ თავს უქმნის იმუნიტეტს და ერთადერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის, რომელიც იურისტისა და აქტივისტის ვარაუდით, ბრძანებების გაცემის ნაწილში გარეულია 20 ივნისის მოვლენებში გიორგი გახარიასთან, ვახტანგ გომელაურსა და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად.
“20 ივნისის ამნისტია ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის უკანონო ქმედებებზე, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ხსნილია და ამას ვინ აკეთებს?! მოქმედი ხელისუფლება. ეს ხომ არ ხდება ეროვნული შეთანხმების საფუძველზე, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მოვიდა ახალი მთავრობა და მან მორალური პედესტალიდან გააკეთა წინა ხელისუფლების მიმართ პატიების აქტი. საკუთარ თავს პატიობენ. თითონ ჩაიდინეს დანაშაული და საკუთარ თავს უქმნიან იმუნიტეტს და ეს როგორ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის კომპრომისის ან მოლაპარაკების საგანი?” – ამბობს ბასილაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
აქედან გამომდინარე, აქტივისტი მიიჩნევს, რომ თუ ეს საკითხი ამგვარად იქნება დაყენებული და შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკების პროცესს ხელისუფლება იყენებს თავის სასარგებლოდ.
ბასილაია ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტში შესვლაზე დათანხმებული ოპოზიციური პარტიების რწმენას, რომ შეძლებენ, შეთანხმებაში დაფიქსირებული ბუნდოვანი ჩანაწერი მათ სასარგებლოდ საკანონმდებლო ორგანოში სურვილისამებრ დააკორექტირონ:
“ქართული ოცნება დებს პუნქტს, რომელსაც მის სასარგებლოდ არ გამოიყენებს? ამნისტიის კანონის მიღება უბრალო უმრავლესობითაც შეიძლება და “ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ოპოზიცია დღეს ხელს უწერს ასეთ ბუნდოვან რამეზე და ხვალ პარლამენტში უზრუნველყოფს, კანონში ეს მუხლები არ ასახოს?! გულუბრყვილობაა”, – ამბობს ბასილაია.
შეთანხმების დოკუმენტს მიესალმება მოძრაობა “სირცხვილია”, რომელიც სწორედ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა, თუმცა აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით არ უნდა გავრცელდეს საჯარო მოხელეებზე.
„საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა საქართველოს მმართველი პარტიის სამწუხარო უპასუხისმგებლობა არ ათავისუფლებს ოპოზიციას პროცესში გარდატეხის შეტანის პასუხისმგებლობისგან.
გადასალახია ჩიხი, რომელშიც ქვეყანა კარგა ხანია შევიდა და უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილზე დგას, ძირითადად კი უკან და უკან მიდის. საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ, მიიღოს ძალაუფლების დანაწევრების მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას ხელისუფლებების მსგავსი თავგასულობისგან მომავალშიც დააზღვევს“, — ნათქვამია „სირცხვილიას“ განცხადებაში.
ამავე წერილში ვკითხულობთ, რომ შეთანხმება, რომელსაც საქართველოს სთავაზობს აშშ და ევროკავშირი, ამ მომენტში კრიზისის დაძლევის ოპტიმალური საშუალებაა და – „ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ რჩება მორიგი “ტრიუკის” დადგმისა და გადაბრალების შესაძლებლობა. თუ ხელისუფლება რომელიმე აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, ბოიკოტის გაგრძელებასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები აღარც შინ იარსებებს და აღარც გარეთ,“.
„რაც შეეხება “გავრილოვის ღამეს”: ჩვენი მოძრაობის პრინციპული პოზიციაა, რომ ამნისტია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავრცელდეს დანაშაულებზე, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საჯარო მოხელეების მიერ.
უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალის გამოყენებით დაარბია და დაასახიჩრა დემონსტრანტები და ის, ვინც ამის ბრძანება გასცა. გამომდინარე იქიდან, რომ მცირე კომპრომისზე წასვლა უკეთესი მომავლის გარანტად მიგვაჩნია, მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, — ნათქვამია მოძრაობის ღია წერილში.