ახალი ამბები

“დისკუსიები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგაც” — კობახიძე

14 მარტი, 2021 •
“დისკუსიები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგაც” — კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე დიალოგი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.

ამის შესახებ კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან დღეს გამართული მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა დისკუსიები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგაც. გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დაზუსტებას საჭიროებს და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს შეხვედრები დასრულებულია და არც ოპოზიციასთან ერთობლივი შეხვედრა არ გაიმართება.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება. შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ დღის ბოლომდე გახდებოდა ცნობილი, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას, თუმცა კობახიძის თქმით: “დაველოდებით შემდეგ მისიას”.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15-17 მარტს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება.

“ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში. ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულები. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესი ხელოვნურად არის შექმნილი.

“[შეთანხმების] მონახაზი არსებობს, არის საკითხების ჩამონათვალი, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში ვსჯელობდით და წინაც წავიწიეთ. ამ მიმართულებით დისკუსია უნდა გაგრძელდეს. მაგალითად, საარჩევნო რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ ისე, რომ არ არის არანაირი ხელმოწერა ოპოზიციური პარტიებისგან, გარდა ორი პარტიისა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით. შეიძლება იყოს გარკვეული პუნქტები, რომლებიც განხილული იყო მაგალითად დღეს და გუშინ. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით არ დაველოდებით ოპოზიციას. რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა და სახელმწიფო განვითარდეს, იმ საკითხებს განვიხილავთ ყოველგვარი ხელმოწერის გარეშეც”, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი