ახალი ამბები

რას ნიშნავს ვადამდელის საკითხის სხვა არჩევნების შედეგებზე მიბმა

19 აპრილი, 2021 •
რას ნიშნავს ვადამდელის საკითხის სხვა არჩევნების შედეგებზე მიბმა

რა არგუმენტები და კონტრარგუმენტები უმაგრებს ზურგს 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან მიბმას და მის საწინააღმდეგო პოზიციას?

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მზადაა განახლებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, იგივე აზრზეა ოპოზიციის ნაწილი. რამდენიმე ოპოზიციურ  პარტიაში, მათ შორის ენმ-ში კი, აცხადებენ, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი კრიზისის განსამუხტად საკმარისი არაა.

ოპოზიციისთვის პირველი პრობლემური საკითხი შედის პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირების ნაწილში, — ანუ დოკუმენტის პირველ ნაწილში, — და ითვალისწინებს ამნისტიას, რომელიც „2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.

[ამ დათქმაში, „ყველა დარღვევაში“, შესაძლოა, ის სამართალდამცავებიც იგულისხმებოდნენ, რომლებიც შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ აქციაზე დემონსტრანტების დაშავებაზე და საკითხი ამიტომაცაა საკამათო].

„ნეტგაზეთი“ ცალკე შემოგთავაზებთ პირველ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს, ამ სტატიაში კი მეორე საკითხზე შევჩერდებით: მომავალი არჩევნების საკითხზე.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო: საქართველოს მთავრობა

რას ამბობს დოკუმენტი ვადამდელ არჩევნებზე?

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების წუთიდან ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, რის საფუძვლადაც გაყალბებას ასახელებს. ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ვერ მტკიცდება და ამ მოთხოვნას საფუძველი არა აქვს.

შარლ მიშელის მიერ 18 აპრილს გამოქვეყნებული 5-პუნქტიანი გეგმა (წინა გეგმისგან განსხვავებით) ამ სადავო საკითხსაც ითვალისწინებს: ამ გეგმის ბოლო პუნქტი სწორედ მომავალ არჩევნებს შეეხება.

კერძოდ, შეთავაზების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

„ქართული ოცნების“ პოზიცია

„ქართული ოცნება“ 18 აპრილს არ დასწრებია შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას, სადაც ამ უკანასკნელმა ახალი დოკუმენტი გააცნო პარტიებს. განცხადებები არ გაუკეთებიათ არც პარტიის წამყვან ლიდერებს. იმავე საღამოს მმართველი პარტიის წევრმა პარლამენტარმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა განცხადება და 43%-ზე ჩანაწერი ასე გააკრიტიკა:

„ჩვენი ინიციატივით ვთქვით საერთოდ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებს, მაშინ შეგვიძლია, კიდევ ვიმსჯელოთ ზოგადად რაიმე სახით რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ინიციატივიდან ახლა წარმოჩინება, რომ რაღაცნაირად კიდევ ერთი, ორი და სამი პროცენტის მიმატება, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში ჩვენი კეთილი ნების გამოხატულების ბოროტად გამოყენება“.

არჩილ თალაკვაძე. ფოტო: ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

მეორე დღეს პარტიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადება, სადაც წერია, რომ მმართველი პარტია, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ძალა, აცნობიერებს პასუხისმგებლობას; „ოცნება“ ასევე აცხადებს: „ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების რჩევებს და წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ, გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40%- იანი მაჩვენებლის გაზრდაზე“.

საბოლოოდ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ აღნიშნულ დოკუმენტს 43%-იანი დათქმით: „ქართული ოცნება” მზად არის, შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით“, – განაცხადა მოგვიანებით პარტიამ.

„ნაცმოძრაობის“ პოზიცია

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მზადაა, შენიშვნების მიუხედავად, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას. ეს არ სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, თუმცა ენმ-ს საბოლოო (პოლიტსაბჭოს) გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სხვა მიზეზებთან ერთად, განაცხადა: „აქ არის ეშმაკი დეტალებში: ჯერ ერთი, გაუგებარია, რატომ არის 43% და და არა 50%. თუ უმრავლესობის მხარდაჭერაზეა საუბარი, 43% რა არის, ვვაჭრობთ“? 

მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: მთავარი არხი

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აქ მეორე კითხვაც აქვს: „ეს არის უბრალოდ კითხვა, რომელიც ყველამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს, ვისაც შეთანხმება უნდა: ვთქვათ, 43%. ეს 43% ვინ უნდა დაითვალოს? ისევ თამარ ჟვანიამ?“

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დანიელსონთან შეხვედრებზე, აკო მინაშვილმა, ასევე განაცხადა, რომ ენმ-ში არ ფიქრობენ, რომ „ის, რაც შემოთავაზებულია, არის სწორი გზა იმისათვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, რადგან თვისებრივად განსხვავებულია ადგილობრივი და ფედერალური არჩევნები“.

მინაშვილის თანახმად,  „ადამიანმა ადგილობრივ არჩევნებში შეიძლება ხმა მისცეს სხვა პარტიას, ფედერალურში კი- სხვას“.

მსგავსი პოზიცია აქვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას. „ნეტგაზეთთან“ საუბარში გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„თვითმმართველობის არჩევნებზე ამ საკითხის მიბმა საერთოდ არალოგიკურია. არაფერ შუაში არ არის და ართმევს ადამიანს შესაძლებლობას, რომ მკაფიო არჩევანი გააკეთოს. სამწუხაროდ, არის ეგეთი ხალხიც, — და ეს ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, — „კალაძე მომწონს, მაგრამ ვადამდელ არჩევნებს ვუჭერ მხარს. რა უნდა ვქნა“? როგორ უნდა მოიქცეს ასეთი ადამიანი“?

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი დათქმის გარეშე, ან პლებისციტს იმაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა ასეთი არჩევნები. სხვები კომპრომისულ ნაბიჯებზე თანახმანი არიან.

„დაბალანსებული და კომპრომისული წინადადებაა“

„რესპუბლიკური პარტია“ ერთ-ერთია იმ პარტიებს შორის, რომლებიც ემხრობიან შეთანხმებაზე ხელმოწერას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „დოკუმენტი, როგორც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც აღნიშნა, არის დაბალანსებული და კომპრომისული“. 

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების შესახებ ჩანაწერს, ენმ-ის არგუმენტს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თვისებრივად განსხვავდება საპარლამენტოსაგან, ის ასე პასუხობს:

„თვისებრივად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სხვადასხვაა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაგრამ როდესაც ვითხოვთ პლებისციტს, ჩვენ, ოპოზიციას, ჩვენი კამპანიით უპრობლემოდ შეგვიძლია თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად ვაქციოთ, როცა ასეთი კამპანია გვექნება: „ვინც ხმას არ მისცემს ქართულ ოცნებას, მხარს დაუჭერს იმას, რომ მეტი პროცენტი აიღოს ოპოზიციამ და ამით გამოვიწვიოთ ის, რომ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები“. ეს მთავარი დათქმა წერია აქ და ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ თვითმმართველობის არჩევები იქცეს ერთგვარ პლებისციტად“.

ამასთან, ხათუნა სამნიძე მიუთითებს, რომ „მთავარი ჩანაწერი, რაც აქამდე არ იყო და ახლა გაჩნდა, არის ის, რომ პროპორციული ხმებით ხდება ამ პროცენტის გამოანგარიშება და არა მაჟორიტარების დამატების ხარჯზე, რასაც სულ იყენებდა მმართველი პარტია“.

რატომ 43 პროცენტი?

„რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე გვეუბნება, რომ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებად მისასვლელ ერთ-ერთ გზად პლებისციტს სახავდა და ვადამდელი არჩევნების საკითხი თავდაპირველად პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჩამოსვლისას თავად ახსენა:

„როდესაც სულ პირველად ჩვენ შეგვხვდა, მან ახსენა ეს, როგორც საშუალება იმისა, რომ ოპოზიციამ აჩვენოს საკუთარი ძალა და მხარდაჭერა“, – ამბობს პოლიტიკოსი და დასძენს, რომ „პირველ ჯერზე იყო 45% შემოთავაზებული, შემდეგ იყო „ქართული ოცნებისგან“ შემოთავაზებული 40%, შემდეგ კი საერთოდ გაქრა ეს საკითხი, ახლა კი არის შუალედური ვერსია“.

საბოლოოდ, პირველ შეთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი ჩანაწერი ან მინიშნება არ ყოფილა, ახალი დოკუმენტი კი 43%-იან ზღვარს აწესებს.

„მჯერა, რომ ისეთი ძლიერი იქნება ოპოზიციური პარტიების პოზიციები, რომ შევძლებთ ისეთი კამპანიის წარმოებას, — ერთიანი კანდიდატებით და ერთიანი კამპანიით თუ ა.შ., ეს შეთანხმების საკითხია, — რომ ოცნებამ ვერ შეძლოს 43%-ის აღება“.

სამნიძის თქმით, ეს არის რეალისტური შეთავაზება და „დღეს მოქალაქეებისთვის  იმის თქმა, რომ ეს არასწორია, 43% ცოტაა და 48% უნდა ყოფილიყო და 50%, ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ დარწმუნებული ოპოზიციური პარტიების ძალასა და შესაძლებლობაში, რომ დიდი ქალაქები მაინც მოიგონ და ნაბიჯ-ნაბიჯ წაართვან ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს“.

50%-იანი ნიშნული ბუნებრივად იარსებებდა, თუკი პლებისციტი ჩაინიშნებოდა კითხვით, უნდა ჩაინიშნოს თუ არა 2020 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 48% კი ის ზღვარია, რაც ოფიციალური შედეგებით მიიღო პროპორციულ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებში.

ხათუნა სამნიძის თქმით, რეალობიდან გამომდინარე, მმართველ გუნდს 43%-ის აღება „მართლა გაუჭირდება“ [„ქართული ოცნება“, არჩევნების შემდეგ, ოფიციალურად დატოვა დამფუძნებელმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელმაც შესაძლოა, ხმები გაუყოს „ოცნებას“ და ა.შ..]; ასევე:

„თუ ოპოზიციას დღეს თავად არ გვჯერა, რომ შეუძლია თვითმმართველობის არჩევნებზე ისე იმუშაოს, რომ ოცნებამ ვერ მიიღოს 43%, ძალიან პრობლემური მგონია“…

„ხელმოწერაზე უარი ყოვლად გაუმართლებელია“

პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა მოაწერონ ხელი ახალ პაკეტს, რადგან ის „საკმაოდ კომპრომისულია“, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმასთან დაკავშირებით კი „ნეტგაზეთს“ ეუბნება:

„პლებისციტთან პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ, რადგან გარკვეული განვითარებით, პოლიტტექნოლოგიური შესრულებით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები სავსებით შეიძლება განვიხილოთ, როგორც პლებისციტი, თუ შესაბამისი კამპანია ჩატარდება“… 

გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „შესაბამისი კამპანიით ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობა და წონა იზრდება და სრულიად ცხადია, რომ ამ არჩევნებზე წყდება ძალაუფლების ბედი იმიტომ, რომ თუ ეს დათქმული თამასა [43%] ვერ ასწია ოცნებამ, ბუნებრივია, რიგგარეშესაც წააგებენ“.

ამას გარდა, კომენტატორი მიუთითებს ექსპრემიერ გიორგი გახარიას ფაქტორზე და ამბობს, რომ მმართველი პარტიიდან მისი წასვლისა და ახალი პარტიის შექმნის დაანონსების ფონზე, „პრაქტიკულად აუწეველი იქნება ქართული ოცნებისთვის 40%-იანი თამასაც კი, რადგან ცხადია, გახარია წამოიღებს ოცნების ელექტორატის გარკვეულ ნაწილს“.

შესაბამისად, პოლიტოლოგის შეფასებით, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი არის „გაჯიუტება, იმის სურვილის გამოხატულება და ილუზია, რომ კრისტიან დანიელსონმა მაინცდამაინც უნდა გამოგლიჯოს ხელისუფლება ხელიდან „ქართულ ოცნებას“ და გადააბაროს ოპოზიციას“. 

როგორ გაიმართება არჩევნები

აღსანიშნავია ისიც, რომ შარლ მიშელის ახალი შეთავაზება ითვალისწინებს  საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეხება როგორც მომდევნო საპარლამენტო, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. კერძოდ:

  • ადგილობრივ არჩევნებში განისაზღვრება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში; 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან ,თბილისს გარეთ;
  • მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, ბუნებრივსა და 2%-იან ბარიერს შორის შუალედით;
  • შეთავაზება ითვალისწინებს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ახლებური წესით დაკომპლექტებას;
  • ჩნდება ვალდებულება, განისაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები ბიულეტენების გადასათვლელად, ხოლო ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.

[ვრცლად: შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად]

ყველა გარემოების გათვალისწინებით, კიდევ ერთი ანალიტიკოსი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, კორნელი კაკაჩია „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მართალია, დოკუმენტი მხარეებისთვის იდეალური არ არის, თუმცა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ხელი მოაწერონ მას:

„რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური დოკუმენტი, — და ვერც ვერასდროს იქნება კომპრომისზე დაფუძნებული დოკუმენტი იდეალური. მაგრამ ეს არის ყველაზე რეალური, რაც კი შესაძლოა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შემოთავაზებული ყოფილიყო“, – ამბობს იგი.

პოლიტოლოგის შეფასებით, დოკუმენტის ბოლო რედაქციაზე ხელმოწერაზე უარის თქმა „საკმაოდ სარისკოა იმ ხალხისთვისაც კი, ვინც ამას გაბედავს, რადგან, გარდა იმისა, რომ დასავლეთისგან ამას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გამოხმაურება, ქვეყნის შიგნითაც არა მგონია, ვინმემ პოზიტიურად შეხედოს“.

კორნელი კაკაჩია იხსენებს საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელ კვლევებს, სადაც „აშკარად გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს, პარტიებმა გადაინაცვლონ პარლამენტის ფორმატში და პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი