ახალი ამბები

ევროკავშირის დახმარება არ არის უპირობო — დანიელსონი

12 მაისი, 2021 • 1338
ევროკავშირის დახმარება არ არის უპირობო — დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პერსონალურ წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს შარლ მიშელის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის პროცესს.

“19 აპრილის შეთანხმება უდავოდ დიდი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ კრიზისის დასრულების მიმართულებით, არამედ მისი პოტენციალის გამოც, საფუძველი ჩაუყაროს ამბიციურ დემოკრატიულ დღის წესრიგს. შეთანხმება შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რომელმაც შეიძლება გრძელვადიანი გავლენა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაში”, – განაცხადა დანიელსონმა ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით და ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით გამართულ ონლაინ-დისკუსიაზე, “როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!”

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის გატარებას, რის შემდეგაც, მისი აზრით, საარჩევნო სისტემისა და არჩევნების ადმინისტრირების შესახებ მუდმივი დავები ნაკლებად წინააღმდეგობრივი გახდება.

“არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული წინადადებები. დემოკრატია ვერ შედგება კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება წარმოადგენს კარგ საფუძველს მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად”, — განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონმა ასევე ხაზი გაუსვა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისა და ჟან მონეს დიალოგის მნიშვნელობას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ევროპარლამენტარებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შეთანხმების მიღწევაში და ევროკავშირის სტრუქტურები ამ მიმართულებით კოორდინებულად მუშაობდნენ.

“ეს იყო ინსტრუმენტი საქართველოში პოლიტიკური ძალებისთვის იმის ასახსნელად, თუ რაზე იდო ფსონი — საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, — თქვა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შეთანხმების სრულად იმპლემენტაცია.

“უახლოეს პერიოდში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. პარალელურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე. ამბიციური სასამართლო რეფორმა წინ უნდა წავიდეს”, — განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონმა ისაუბრა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე საქართველოსთვის და თქვა, რომ ეს დახმარება არ არის უპირობო, არამედ დიდწილად დაკავშირებულია კონკრეტულ პროგრესზე რეფორმებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი