ახალი ამბები

მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე ომბუდსმენის მოსაზრება მიკერძოებულია — პროკურატურა

5 მარტი, 2021 • 870
მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე ომბუდსმენის მოსაზრება მიკერძოებულია — პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრების მომზადებისას სახალდო დამცველი არ იცნობდა მელაშვილი-ილიჩოვას სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას და მის მიერ მომზადებული დასკვნა მიკერძოებულია.

პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოს მეგობრის სახელით სასამართლოსთვის წერილობითი მოსაზრების წარდგენის მიზანია სასამართლოს დახმარება, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი, რის საპირისპიროდაც სახალხო დამცველმა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია შეითავსა.

“ნინო ლომჯარია სრულიად დაუსაბუთებელი და ცალმხრივად მომზადებული მოსაზრებით მოგვევლინა, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სასამართლოს მეგობრის და სახალხო დამცველის როლის საწინააღმდეგოდ, კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ. სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას, რომელიც საქმის მასალების 16 ტომს და დიდი მოცულობით ელექტრონულ ინფორმაციას მოიცავს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებით ნაწილს წარმოადგენს. ელექტრონული ინფორმაციის გაანალიზების თაობაზე საუბარი მოსაზრების არცერთ ნაწილში არ გვხვდება, რისი მიზეზიც არის ის, რომ სახალხო დამცველი არც კი გასცნობია მტკიცებულებების ამ ნაწილს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის შეფასებით, მოსაზრების შედგენისას სახალხო დამცველი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებების იგნორირებას ახდენს.

“მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარია სრულად არ იცნობს სისხლის სამართლის საქმეს და ბრალდების მტკიცებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, შემაჯამებელ სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს მოსაზრებაში ბრალდებასთან დაკავშირებით,  რაც სამწუხაროდ, გვარწმუნებს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში”, – აცხადებს ბრალდების მხარე.

სახალხო დამცველის განცხადების მიუხედავად, რომ გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარესთან, პროკურატურა ამბობს, რომ ომბუდსმენს საქმის გამოძიების არცერთ ეტაპზე ბრალდების მხარისთვის საქმის მასალების გაცნობა არ მოუთხოვია და არც საქმის სასამართლოში წარმართვამდე მოუსმენია ბრალდების მხარის არგუმენტები მოპოვებულ მტკიცებულებებთან  თუ ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით.

“სახალხო დამცველის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან და წარმოაჩენს მხოლოდ კონკრეტული პირების სუბიექტურ დამოკიდებულებას მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისადმი. სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სახელით ცდილობს შეითავსოს როგორც სასამართლოს, ასევე, ცალკეულ ექსპერტთა ფუნქციები და უსაფუძვლოდ ცდილობს გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნებს. წერილობით მოსაზრებაში მტკიცებით ფორმაში აქვს დაფიქსირებული ისეთი დასკვნები, რაც მხოლოდ შესაბამისი დარგის ექსპერტების მიერ ჩატარებული სრულყოფილი ექსპერტიზით შეიძლება დადგინდეს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული მოსაზრების დაუსაბუთებლობას და ცალმხრივობას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების შეფასებით, სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი.

საქართველოს პროკურატურა აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში მოამზადებს და გაასაჯაროებს ნინო ლომჯარიას სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შინაარსობრივი მხარის დეტალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ შეფასებას, რათა არ მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრება წარუდგინა, რომლის თანახმადაც, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წარდგენილი ბრალდება შესაბამისობაში არ არის კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან და სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა – პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა – სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

„სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში.

სახალხო დამცველის გარდა, სასამართლოს სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინეს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (იგივე EMC, თამთა მიქელაძე) და საქართველოს უნივერსტეტთან არსებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა. პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა სამივე მათგანის ობიექტურობა და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, არ დაერთო აღნიშნული მოსაზრებები საქმისთვის, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

“კარტოგრაფების საქმეს” აშკარა პოლიტიკური მოტივი გააჩნია — ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი