ახალი ამბები

“კარტოგრაფების საქმეს” აშკარა პოლიტიკური მოტივი გააჩნია — ომბუდსმენი

5 მარტი, 2021 • 1098
“კარტოგრაფების საქმეს” აშკარა პოლიტიკური მოტივი გააჩნია — ომბუდსმენი

სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეში წარდგენილი ბრალდება შესაბამისობაში არ არის კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან და სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა – პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა – სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

ამის შესახებ საუბარია სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებაში, რომლითაც სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. დოკუმენტი ემყარება საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას. გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარესთან.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები);
  • სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

კანონიერების პრინციპთან მიმართებით, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ; მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა, ხოლო ბრალდებულების მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მითითებული ინფორმაცია დადასტურდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დოკუმენტებით.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წარმოადგენდნენ კომისიის წევრებს, რომელთაც ევალებოდათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მონაწილეობა. 1996 წლის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია უნდა მომხდარიყო 1938 წლის მდგომარეობით. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 1938 წლის, ორმხრივი შეთანხმებით აღიარებული, 1:500 000 მასშტაბიანი რუკა დაზუსტდა 1:50 000 მასშტაბის ალბომით, რომელიც გამოხატავდა საქართველოს ოფიციალურ პოზიციას. საქმეში მათ ბრალი ედებათ იმაში, რომ აღნიშნული ალბომის შედგენისას არ იხელმძღვანელეს 1936-1938 წლებში მომზადებული 1:200 000 მასშტაბის რუკებით, რამაც 1996-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს საზიანო შეთანხმება 13 მონაკვეთზე და საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში მოქცეული დაახლოებით 34,8 კმ2 ფართობის მონაკვეთები საქართველოს საზიანოდ მის საზღვრებს გარეთ მოაქცია.

საქმის მასალების თანახმად, ექსპერტები აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდნენ ორი, ვარგისიანობისა და მიზანშეწონილობის არგუმენტით:

  • აღნიშნული რუკა (1:200 000 მასშტაბის) იყო შედგენილი მიუფლინგის პროექციით, რომელიც აცდენას იძლეოდა ტოპოგრაფიული ობიექტების რეალურ და რუკაზე ასახულ მდგომარეობებს შორის, არ ეყრდნობა მათემატიკურ საფუძვლებს, რის გამოც რუკა შეიცავდა უამრავ უზუსტობას უცვლელი ობიექტების, ჰიდროქსელების, მათ შორის მანძილებისა და სხვა საკითხების შესახებ;
  • აღნიშნული რუკა შედგენილი იყო არა 1938 წლის, არამედ 1929 წლის სახელმწიფო საზღვრების საფუძველზე, რომელიც საქართველოსთვის წამგებიან პოზიციას ქმნიდა. ამის საწინააღმდეგოდ, 1942-43 წლის 1:100 000 მასშტაბის რუკები უშუალოდ ეფუძნებოდა 1938 წლის მდგომარეობას, უკეთ ამყარებდა საქართველოს ტერიტორიულ ინტერესებს და მეტი სიზუსტით იძლეოდა 1:50 000 მასშტაბის ალბომის შედგენის შესაძლებლობას.

ომბუდსმენის შეფასებით, რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა არგუმენტების საწინააღმდეგო დამაჯერებელი, ცალსახა და მკაფიო არგუმენტები საქმის მასალებში არ მოიპოვება. ამის გარდა, ბრალდების მხარემ არათუ ბრალდების წარდგენამდე, არამედ იქამდე არ დანიშნა ექსპერტიზა მიუფლინგის პროექციის სიზუსტესთან დაკავშირებით, სანამ 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზა დაცვის მხარემ არ დანიშნა.

რაც შეეხება მეორე, მიზანშეწონილობის არგუმენტს, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმის მასალებიდან აშკარაა, რომ ბრალდებულების ვალდებულებას წარმოადგენდა 1938 წლის ხაზით ხელმძღვანელობა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ინტერესად მიჩნეული იყო საზღვრის შეთანხმება 1938 წლის მდგომარეობით, ხოლო 1929 წლის მდგომარეობით საზღვრის შეთანხმებას აზერბაიჯანული მხარე ითხოვდა. ამ პირობებში შეუძლებელია დანაშაულებრივად შეფასდეს ბრალდებულთა ქმედება — კერძოდ ის, რომ 1938 წლის ხაზის აღსადგენად მათ გამოიყენეს შემდგომი წლების 1:100 000 მასშტაბის რუკები, რომლებიც პირდაპირ იძლეოდა 1938 წელს მოქმედი საზღვრის ხაზის აღდგენის შესაძლებლობას.

სასამართლოს მეგობრის შეფასებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. კერძოდ, დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი ზვიად თურმანიძე.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. დოკუმენტში შესულია მმართველი პოლიტიკური პარტიის მაღალჩინოსნების, პოლიტიკური საბჭოსა და მთავრობის წევრების, პარლამენტარებისა და სხვების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდებას პოლიტიკური პარტიების კრიტიკისთვის იყენებდნენ.

“ჩვენი შეფასებით, წინამდებარე საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე.


თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 მარტიდან დაიწყო ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული, “კარტოგრაფების საქმის” არსებითი განხილვა. საქმეს მოსამართლე დალი მეტრეველი განიხილავს. პირველ სხდომაზე შესავალი სიტყვით ბრალდების მხარე და ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე წარდგნენ. სხვა ადვოკატების მოსმენას სასამართლო 29 მარტს, 12:00 საათზე გააგრძელებს.

“კარტოგრაფების საქმეზე” სასამართლოს სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინეს სახალხო დამცველმა, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (იგივე EMC, თამთა მიქელაძე) და საქართველოს უნივერსტეტთან არსებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა. პროკურატურამ ეჭვქვეშ დააყენა სამივე მათგანის ობიექტურობა და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, არ დაერთო აღნიშნული მოსაზრებები საქმისთვის, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

„სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება და დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი საკითხის შეფასებაში. მოსამართლემ მზაობა გამოთქვა, პროცესზე სახალხო დამცველის ზეპირი განმარტებითაც მოისმინონ, ასევე, განიხილოს დანარჩენი ორი “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრების ზეპირი მოსმენის საკითხიც, თუ ავტორებს ამის სურვილი ექნებათ. სახალხო დამცველი “კარტოგრაფების საქმეში” ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას — პოლიტიკური მოტივის არსებობა — ადგენს. საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს EMC-იც. ორგანიზაციის შეფასებით, წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და გამოძიების და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ ეჭვებს აჩენს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი