საზოგადოება

ნოღაიდელის თქმით, წინა ხელისუფლებას გარეჯის ქართულ ძეგლად შენარჩუნების ამოცანა ჰქონდა

21 ნოემბერი, 2023 • 9985
ნოღაიდელის თქმით, წინა ხელისუფლებას გარეჯის ქართულ ძეგლად შენარჩუნების ამოცანა ჰქონდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა.

ნოღაიდელმა განაცხადა, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი, ისევე როგორც საგარეო პოლიტიკა, პრეზიდენტის პრეროგატივას განეკუთვნებოდა. ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მას შეახსენა მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის შესახებ 2004 წელს მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ახორციელებს საზღვრის დაცვის ღონისძიებებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას“. ნოღაიდელმა თქვა, რომ კანონი ბოლომდე არ წაუკითხავს.

ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, დავით-გარეჯის კომპლექსზე საუბარი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა იკითხა, არის თუ არა საშუალება, რომ ეს კომპლექსი თავიდან ბოლომდე მოხვდეს საქართველოს შემადგენლობაში.

ნოღაიდელის თქმით, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიისგან, კერძოდ, მალხაზ მიქელაძისგან, მიიღეს განმარტება, რომ საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტებით კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცევა. ნოღაიდელის თქმით, არაფორმალურ ამოცანად ქართულმა მხარემ დაისახა გარეჯის, როგორც ქართული მონასტრის შენარჩუნება.

„მივიღეთ განმარტება ყველამ, რომ ამის საშუალება არ არის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების, რუკების და საბუთების შესაბამისად. შემდეგ მთავარი ამოცანა დღის წესრიგში დადგა (ამაზე ფორმალური გადაწყვეტილება მიღებული არ მგონია ყოფილიყო, თუმცა, არაფორმალურად), რომ ჩვენ უნდა ვცადოთ, გარეჯი შევინარჩუნოთ როგორც ქართული ძეგლი“, — განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ზურაბ ნოღაიდელის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრის დელიმიტაცია მის კომპეტენციაში არ შედიოდა, რომ სცოდნოდა 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესახებ, რეაგირება ექნებოდა ყველა ეტაპზე, ხოლო როგორც პრემიერი, უფრო ადვილად მოიპოვებდა ამ რუკას.

ბრალდებულების ადვოკატმა ზურაბ ნოღაიდელს სთხოვა დაზუსტება, თუ როგორ იყო ფორმულირებული მალხაზ მიქელაძის სიტყვები — კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩება თუ ექცევა? ნოღაიდელმა განმარტა, რომ საუბარი იყო ხელთ არსებული დოკუმენტებით ამ ტერიტორიების აზერბაიჯანულ მხარეს მოქცევაზე და ფაქტობრივ მოცემულობაზე და არა — ქართული მხარის გადაწყვეტილებაზე, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს დარჩეს.

„რჩებაში კი არ იგულისხმება, რომ ჩვენ რამე უნდა მიგვეცა, უნდა გვეჩუქებინა ან რაღაც… ჩვენი სურვილი იყო და, დარწმუნებული ვარ, დღესაც არის, რომ დავით-გარეჯის კომპლექსი თავიდან ბოლომდე იყოს საქართველოს მხარეს. ჩვენ უშიშროების საბჭოზე მაშინ მივიღეთ განმარტება, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი რჩება აზერბაიჯანის მხარეს“, — განაცხადა ნოღაიდელმა.

ნოღაიდელის თქმით, მას არ სმენია ქართული მხარის მზაობაზე ტერიტორიული მონაცვლეობის შესახებ, რომ დავით-გარეჯის კომპლექსის (ბერთუბნის ჩათვლით) სანაცვლოდ ქვეყანას სხვა ტერიტორიები დაეთმო.

„მე თანახმა ვიქნებოდი მაგაზე“, — თქვა ზურაბ ნოღაიდელმა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი არ აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი