ახალი ამბები

EMC: კარტოგრაფების საქმეში ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობებია

1 დეკემბერი, 2020 • 1367
EMC: კარტოგრაფების საქმეში ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობებია

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია და ბრალდებული პირების მიმართ დევნა უნდა შეწყდეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას და გამოძიების და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე, ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, EMC-ის შეფასებით, სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ ეჭვებს აჩენს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და აშკარად შეუსწავლელი გარემოებები, რაც მათი შეფასებით, პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს.

EMC მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენების რელევანტურობის პრობლემაზე და ამბობს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო კომისიაში დაკავებული ოფიციალური პოზიციები და მათი მანდატი/უფლებამოსილება არ იძლევა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემის, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ მიმართული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას.

ორგანიზაციის თქმით, ისინი სახელმწიფო კომისიის რიგითი წევრები იყვნენ, რომელიც კოლექტიურად იღებდა გადაწყვეტილებას ყველა ექსპერტულ რეკომენდაციაზე და თავის მხრივ, ყველა ამ ექსპერტულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მაღალ თანამდებობის პირებთან ათანხმებდა:

“სწორედ ამიტომ, ბრალდებული პირების ოფიციალური სტატუსისა და საჯარო უფლებამოსილების გათვალისწინებით, კოლექტიური ორგანოს მიერ მიღებული ექსპერტული გადაწყვეტილებების გამო, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენება არაარსებითი და დაუსაბუთებელი ჩანს”, – წერია EMC-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ამასთან, EMC–ს შეფასებით, პრობლემური და სადავოა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფაქტობრივი არგუმენტებიც, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ არ გამოიყენეს და დამალეს მათ ხელთ არსებული 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” აცხადებენ, რომ საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ამ რუკის გამოყენების საკითხი სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე წლით ადრე განიხილა და მეცნიერული არგუმენტების გამო საბოლოოდ უგულებელყო. ამ გარემოებებს კი, მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას გარდა, სხვა პირებიც ადასტურებენ.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებულ პირებს კომისიის წევრებისთვის ეს რუკა განზრახ არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ, უსაფუძვლოა და ხელოვნურად შექმნილი.

EMC-ს თქმით, საქმის მასალების მიხედვით, არც ამ რუკის გადამალვის ფაქტი დასტურდება, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელ, ნატალია ილიჩოვამ სახელმწიფო კომისიაში მის ნაცვლად დანიშნულ სხვა პირს საქმის მასალებთან ერთად სრულად გადასცა:

“მეტიც, ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ყოფილიყო 1: 200 000 მასშტაბის რუკის სამუშაო პროცესში გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ 1: 200 000 მასშტაბის რუკაზე ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება არსებითად მნიშვნელოვანი იყო, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ პროკურატურას არ დაუნიშნავს შესაბამისი საპროცესო მოქმედება და 1: 200 000 მასშტაბის რუკის ხარისხისა და სიზუსტის შეუფასებლად ცდილობს შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა, რომ რუკა ეწინააღმდეგება ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას მიერ სამუშაო პროცესში მომზადებულ და აზერბაიჯანულ მხარესთან გაცვლილ კარტოგრაფიულ მასალას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, EMC აცხადებს, რომ პროკურატურა არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს იმ საკითხსაც, რომ თითქოს კარტოგრაფებს 1938 წელს დამტკიცებული 1: 500 000 მასშტაბის რუკების მიღმა სხვა რუკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ.

ორგანიზაციის განცხადებით, 1996 წლის 13 ივნისის შეთანხმებით დადგინდა, რომ სამთავრობო კომისიებს, დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ 1938 წელს დამტკიცებული 1: 500 000 მასშტაბის რუკებზე ასახული სასაზღვრო ზოლით უნდა ემსჯელათ, თუმცა ამავე დროს შესაძლებელი იყო სამუშაო პროცესში სხვა დოკუმენტაციის გამოყენებაც:

“აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალის დასაბუთებაში პროკურატურა კარტოგრაფების მიერ სხვა რუკების გამოყენების უკანონობაზე უთითებს. ექსპერტიზამ ვერ შეძლო შეეფასებინა, სხვა რუკებზე დატანილი სასაზღვრო ხაზი შეესაბამება თუ არა 1938 წელს დამტკიცებულ 1: 500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილ სასაზღვრო ხაზს.

ამ გარემოების შეფასება და დადგენა კი სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი იყო, რამდენადაც ნ. ილიჩოვა, ი. მელაშვილი მიუთითებენ, რომ მართალია, იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს, თუმცა გამოყენების პროცესში აუცილებლად ადგენდნენ გამოყენებული მასალის შესაბამისობას 1938 წელს დამტკიცებულ 1: 500 000 მასშტაბის რუკებთან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე რაიმე საეჭვო გარემოება სამუშაო პროცესში არ გამოვლენილა და არც კომისიის რომელიმე წევრს უცდია დამოუკიდებლად შეემოწმებინა, მომზადებული რუკები იყო თუ არა 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკით დადგენილი სასაზღვრო ზოლის შესაბამისი”, – აღნიშნავს EMC.

სრულად EMC-ს სამართლებრივ შეფასებას გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი