ახალი ამბები

ერდოღანი ეხმაურება რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებას

17 ივლისი, 2023 • 1084
ერდოღანი ეხმაურება რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვებას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს რუსეთს, დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომლითაც უკრაინული მარცვლეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადიოდა შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორით.

ერდოღანის აზრით, შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინს სურს, რომ „ეს ჰუმანიტარული ხიდი აგრძელებდეს ფუნქციონირებას“, იტყობინება „როიტერსი“.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია ანკარასთვის და აპირებს, რუსეთის პრეზიდენტთან ამ თემაზე ისაუბროს. მისივე თქმით, საკითთხს აგრეთვე განიხილავენ თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.


რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეები მის პირობებს არ იცავენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმებას მოსკოვი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ის პუნქტები შესრულდება, რომლებიც რუსეთს ეხება.

გაეროსა და თურქეთის მედიაციით მიღწეული შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად დაასახელა უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა.

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.

შედეგად, წინა წლის 22 ივლისს რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა სტამბოლში ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტის პაკეტს. პირველი მემორანდუმი ეხება გაეროს ვალდებულებას, მოხსნას შეზღუდვები რუსული სასუქებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე. მეორე განსაზღვრავს შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ალგორითმს.

მასალების გადაბეჭდვის წესი