ახალი ამბები

მთავრობა ფქვილზე დროებითი საიმპორტო გადასახადის დაწესებას გეგმავს

29 მაისი, 2023 • 620
მთავრობა ფქვილზე დროებითი საიმპორტო გადასახადის დაწესებას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციით, იგეგმება, რომ ფქვილზე დროებით საიმპორტო გადასახადი დაწესდეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომავალ კვირას მთავრობას შესაბამისი დადგენილების პროექტს წარუდგენენ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 27 მაისს შეხვედრა გაიმართა მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებისა და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს, იმპორტირებულ ფქვილზე დროებით დააწესოს საიმპორტო საფასური, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

მინისტრმა ოთარ შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ.

შესაბამისად, მომავალ კვირას საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს მიხედვით, შეხვედრას ესწრებოდა ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, ვლადიმერ ბიძინაშვილიც, რომელმაც თქვა, რომ წისქვილკომბინატების ნაწილი დღესაც მუშაობს, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც გააქტიურდებიან, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხორბლის შეუფერხებელ დაბინავებას.


ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში კახეთში ფერმერების პროტესტი მიმდინარეობდა. ისინი მთავრობისგან ხორბლის და ფქვილის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვდნენ.

ფერმერები აცხადებდნენ, რომ იმის გამო, რომ რუსეთიდან საქართველოში იაფი, დაუბეგრავი ფქვილი შემოდის, ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნა ქრება. შესაბამისად, მოსავალი უფუჭდებათ. შესაბამისად, მათი მთავარი მოთხოვნა შემოტანილი ფქვილის დაბეგვრა იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი