ახალი ამბები

Uber-ის ტაქსისტები დასაქმებულებად უნდა ჩაითვალონ – ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო

19 თებერვალი, 2021 • 1117
Uber-ის ტაქსისტები დასაქმებულებად უნდა ჩაითვალონ – ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს 19 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, ტაქსების კომპანია Uber-ის მძღოლები დასაქმებულებად უნდა ჩაითვალონ და არა თვითდასაქმებულებად.

BBC-ის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ Uber-ის ათობით ათას კონტრაქტორს გაუჩნდება მინიმალური ხელფასის მიღებისა და ანაზღაურებად შვებულებაში გასვლის უფლება.

გამოცემის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზეგავლენა ექნება მოთხოვნაზე დამყარებულ ეკონომიკაზე (ე.წ gig-ეკონომიკაზე, — ატიპური შრომით დაკავებული ადამიანებისთვის).

ეს დავა Uber-თან 2016 წელს დაიწყეს კომპანიის ყოფილმა დასაქმებულებმა, ჯეიმს ფარარმა და იასინ ასლამმა; მათ აქამდე უკვე სამ ინსტანციაში ჰქონდათ ყოფილი დამსაქმებლებისთვის დავა მოგებული:

  • თავდაპირველად — დასაქმების ტრიბუნალში;
  • შემდეგ — ამ ტრიბუნალის სააპელაციო ორგანოში (2017);
  • რის შემდეგაც საქმე სასამართლოში წავიდა და Uber-ი იქაც დამარცხდა;
  • საბოლოოდ, კომპანია უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებითაც წაგებული დარჩა.

ჯეიმს ფარარი და იასინ ასლამი, Uber-ის ყოფილი დასაქმებულები

ეს განაჩენი საბოლოოა, — უზენაესი სასამართლო ბრიტანეთში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოა და სამართლებრივ საკითხებზე ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.

საქართველო და სხვა მაგალითები

მოთხოვნაზე დამყარებული, ე.წ Gig-ეკონომიკა თანდათანობით საქართველოშიც ძლიერდება. ბოლო წლებში ქვეყანაში გამოჩნდნენ Uber-ის მსგავსი ტაქსის თუ საკურიერო კომპანიები, რომლებიც ამავე ბიზნესმოდელს მისდევენ:

მათი მძღოლები მიჩნეული არიან კონტრაქტორებად/თვითდასაქმებულებად, რაც ნიშნავს, რომ მათზე არ ვრცელდება შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობები, როგორიცაა 8-საათიანი სამუშაო დღე და ამის შემდეგ ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღურება, ანაზღაურებადი შვებულება და ა.შ.

ამ საკითხზე მსოფლიოში სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს: მაგალითად, აშშ-ის შრომის სააგენტომ 2019 წელს მიიჩნია, რომ Uber-ის მძღოლები „კონტრაქტორები“ არიან და არა დასაქმებულები. თუმცა 2020 წელს აშშ-შივე, — კალიფორნიაში, — მოსამართლემ მიიჩნია, რომ Uber-მა თავისი მძღოლები დასაქმებულებად უნდა ჩათვალონ.

ბრიტანეთის მსგავსი პოზიცია აქვს ესპანეთის უზენაეს სასამართლოსაც: 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებელი მძღოლები დასაქმებულები არიან და არა თვითდასაქმებულები [ეს გადაწყვეტილება ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ „გლოვოს“ ყოფილი თანამშრომლის სარჩელის საფუძველზე გამოიტანა].

ამ საკითხზე გირჩევთ:

რა პირობებით მუშაობენ და რას ითხოვენ გლოვოს კურიერები

მასალების გადაბეჭდვის წესი