ახალი ამბები

საქართველოში კლიმატის ცვლილებებს საფრთხედ 91.35% მიიჩნევს – კვლევა

12 თებერვალი, 2021 • 1045
საქართველოში კლიმატის ცვლილებებს საფრთხედ 91.35% მიიჩნევს – კვლევა

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კლიმატის ცვლილებას რეალურ პროცესად და უფრო მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევენ, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმს და შეიარაღებულ კონფლიქტებს.

კვლევის თანახმად:

  • გამოკითხულთა 97.6%-ს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ;
  • მოსახლეობის 91.35% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება რეალური პროცესია, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე;
  • რესპონდენტების 25.9% თვლის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების მართვას საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ;
  • გამოკითხულთა 57.9% მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება უფრო მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი და შეიარაღებული კონფლიქტები;
  • მოსახლეობის 36.19% თვლის, რომ ვერაფერს გააკეთებს კლიმატის ცვლილების დასაძლევად;
  • საქართველოს მოსახლეობის აზრით, გლობალურ დათბობა და გვალვები (96.11%), ბუნებრივი კატასტროფები (92.84%) და მყინვარების დნობა და ოკეანეებში ყინულის ფენების შემცირება (91.83%) წარმოადგენს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს;
  •  გამოკითხულთა 86.7%-მა იცის, რომ ენერგოეფექტურობის ზომებს გატარების შედეგად მისი ხარჯები შემცირდება, ხოლო 7.9% თვლის, რომ ენერგოეფექტურობის ზომების გატარების შედეგად მისი ხარჯები არ შეიცვლება.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილების ცნობადობას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი აქვს სქესთან, ასაკსა და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის თვითშეფასებასთან. სხვა ჯგუფებთან შედარებით, ცნობადობის დაბალი ხარისხით ხასიათდება 65 წლის ან მეტი ასაკის ჯგუფი. 18-24 და 45-54 წლის ასაკობრივი ჯგუფები, ამ მხრივ, 100%-იანი მაჩვენებლებით არიან წარმოდგენილნი.

კვლევის თანახმად, მოსახლეობაში კლიმატის ცვლილება აღიქმება არა სოციალურ მითად, რომელსაც მხარს უჭერენ გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფები, არამედ რეალურ პროცესად, რომელიც საფრთხეს უქმნის დედამიწაზე ცხოვრებას არა მხოლოდ სამომავლოდ, არამედ კაცობრიობა უკვე დგას საფრთხის წინაშე.

კვლევა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს კლიმატის ცვლილების შესახებ. კვლევის შედეგები ეყრდნობა 1 100 პირისპირ ინტერვიუს, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისა, 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია.

კვლევა ჩატარდა კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი