ახალი ამბები

მე პირადად პოლიტიკური პარტიების შეთანხმების ერთგული დავრჩები – კორძაია

11 თებერვალი, 2021 • 694
მე პირადად პოლიტიკური პარტიების შეთანხმების ერთგული დავრჩები – კორძაია

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია საერთო ოპოზიციური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში უბარიერო სისტემის მხარდასაჭერად პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ აპირებს.

როგორც კორძაიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერ ხათუნა სამნიძის განცხადება უბარიერო სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იყო შეთავაზება ოპოზიციური პარტიებისადმი და იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება არ არის მზად ამ რეფორმის გასატარებლად.

“თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (და არა პერსონები) ერთობლივად შეთანხმდებიან, მაშინ გამოდის, რომ პრობლემა არ არსებობს და საერთო კონსენსუსია, მაგრამ გუშინ გამოჩნდა, რომ პარტიები ამ პოზიციის გამზიარებლები არ არიან და ისევ დგას მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების თაობაზე ერთიან პაკეტში. შესაბამისად, თუ ოპოზიციური პარტიების შეთანხმება ვერ შედგება იმ კონკრეტულ წინადადებაზე, მე, თამარ კორძაია, პოლიტიკური პარტიების შეთანხმების ერთგული დავრჩები”, – განაცხადა კორძაიამ.

კითხვაზე, ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა, თუ “რესპუბლიკური პარტიის” არცერთი წევრი შევა ერთჯერადად პარლამენტში, კორძაია პასუხობს:

“რესპუბლიკელების” განცხადებაც ამას ნიშნავდა, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ კიდევ გაიყო [პოზიციები], მე პერსონალურად დავრჩები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების  შეთანხმების ერთგული”, – აღნიშნა კორძაიამ.

“მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე თქვეს, რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმების გარეშე ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ”, – თქვა კორძაიამ.

ის არ აკონკრეტებს, “რესპუბლიკურ პარტიაში” იყო თუ არა წინაწარი კონსულტაცია ხათუნა სამნიძის მიერ საჯარო განცხადების გაკეთებამდე.

“რესპუბლიკური პარტია” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდა. საპარლამენტო მანდატი პარტიის ორ წევრს: ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას აქვს.

საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

ხათუნა სამნიძემ 10 თებერვალს განაცხადა, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება.

ოპოზიციურმა პარტიებმა ხათუნა სამნიძის წინადადება არ გაიზიარეს.

რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი