ახალი ამბები

თამარ კორძაია ხსნის, რატომ დევნის ანტიკორუფციული ბიურო “საერთაშორისო გამჭვირვალობას”

1 ოქტომბერი, 2024 •
თამარ კორძაია ხსნის, რატომ დევნის ანტიკორუფციული ბიურო “საერთაშორისო გამჭვირვალობას”

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დევნა არის საქართველოს სრული იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

თამარ კორძაიას თქმით,  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სამიზნედ შემთხვევით არ არის არჩეული, რადგან ეს ორგანიზაცია კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძეს, ფარცხალაძეს, კახა ბექაურს, გიორგი კალანდარიშვილს და თავად რაჟდენ კუპრაშვილსაც კი:

“ჩვენ კარგად ვიცით და გვესმის ის, რომ თუ ივანიშვილს ეს გაუვა და გააგრძელებს სხვა ორგანიზაციების დევნას,  ეს იქნება სრული იზოლაციისკენ სვლა, ეს იქნება თავისუფალი ხმის ჩახშობა ქვეყანაში, ნებაწართმეული მოქალაქეების დატოვება ქვეყანაში, რადგან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ასეთ პირობებს, იბრძვიან და ხმას იღებენ. მთელი საქართველო დღეს იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ თუ ეს ჩვენ ოდნავ მაინც გავუტარეთ ივანიშვილს, ეს ნიშნავს სრულ იზოლაციას, მეტ ადამიანს ემიგრაციაში და მეტ დაჩაგრულ, დაბეჩავებულ ადამიანს საქართველოში”, – აღნიშნა კორძაიამ.

მისივე აზრით, ამ ფონზე საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს:

“რაზეც არაერთი დღეა ვლაპარაკობთ, რადგან ფრონტალური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ დაწყებულია და ეს არის ერთი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის თავისუფლების განადგურების. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არ გავუტაროთ ივანიშვილს და მისი დავალებების შემსრულებლებს ის ბოროტება და საბოლოოდ ვუთხრათ უარი იზოლაციას, სიღატაკეს და გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ კეთილდღეობით ევროპაში” ,- განაცხადა თამარ კორძაიამ.


საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.

ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.

ამის გამო, ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში პირველად, საარჩევნო უბნებზე მათი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ ეყოლებათ.

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო

მასალების გადაბეჭდვის წესი