ახალი ამბები

მოვითხოვთ, უცხოეთში გაიხსნას უბნები ყველა ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს – კორძაია

26 სექტემბერი, 2024 •
მოვითხოვთ, უცხოეთში გაიხსნას უბნები ყველა ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს – კორძაია

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ყველა იმ ქალაქში უნდა გაიხსნას, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს.

თამარ კორძაიას განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნას დღეს, 26 სექტემბერს, დანიშნულ ცესკოს სხდომაზე დააყენებენ, სადაც საზღვარგარეთ უბნების გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გაიხსნას უბნები ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებმა მოითხოვეს უბნების გახსნა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ემიგრანტები საქართველოდან არ წავიდნენ კარგი ცხოვრების საძებნელად, არამედ იმიტომ, რომ აქ არიან სიღატაკესა და იზოლაციაში. ისინი იქიდან არჩენენ საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ოჯახის წევრებს და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ემიგრანტების საარჩევნო უფლება, კონსტიტუციით დაცული უფლება უნდა უზრუნველყოს.

დღევანდელი მდგომარეობით და ბოლო მონაცემებით, 66 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მარტო 2023 წელს 163 000-ზე მეტი ქართველი წავიდა ემიგრაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა უბნების გახსნა, გახსნან უბნები, რადგან ყველგან აკმაყოფილებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას.

ასეთი ქალაქებია, მაგალითად, ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, ლეჩე, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი, ყველგან დაწერილია კანონის დაცვით განცხადებები და მოვითხოვთ, რომ დღევანდელ სხდომაზე დამატებით განიხილონ ეს საკითხი და მოვითხოვეთ, რომ ჩვენს ემიგრანტებს უზრუნველყოფილი ჰქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნას განიხილავს.

ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკო დღეს განიხილავს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს.

ცესკოს ცნობით, წელს საარჩევნო უბნები გაიხსნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, იაპონიასა და ავსტრალიის თანამეგობრობაში, სადაც საარჩევნო უბნები არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე.

დეტალურ ინფორმაციას, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში გაიხსნება საარჩევნო უბნები, ცესკო დღეს, 26 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროებს.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ დრომდე არაა საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა არჩევნებში  მონაწილეობა სურთ, მათ ამის გაკეთება ისევ შეუძლიათ. იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

თუმცა საკონსულო აღრიცხვის შესახებ განაცხადის განხილვის ვადა  5 სამუშაო დღეა. შესაბამისად, უმჯობესია, რომ უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სექტემბრის ბოლომდე მოითხოვონ.

გარდა ამისა, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეუძლიათ, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა რეგისტრაცია გაიარონ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, რომელიც, არსებული პრაქტიკით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იხსნება.


ქართველი ემიგრანტები გასული წლიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაეხსნათ უცხოეთის იმ ქალაქებში,  სადაც აქამდე არ ყოფილა. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროში აგზავნიდნენ, უწყება კი მათ მიმართვებს არ პასუხობდა.

Როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება ანუ ძირითადად ამა თუ იმ ქვეყნის დედაქალაქში.

ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისაგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი