„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, წნორში, მოხუცთა თავშესაფარში, 31 ადამიანს წაართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ისინი “ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის როგორც იმ პირების ვინაობა, ვისაც პირადობები გამოართვეს, ასევე იმათიც, ვინც დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.
“არჩევნებამდე დარჩა 9 დღე. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს და ამას ვერ ეგუება. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს საქართველოს მოქალაქეები, მოისყიდოს ისინი. მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 31 ადამიანს წაართვეს პასპორტი და წაიღეს ისინი “ქართული ოცნების” ოფისში. ამაზე სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც, როგორიც არის “ქართული ოცნება”. 22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს წაართვეს პირადობის მოწმობები და წაიღეს ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული მათგანის სახელი და გვარი, ასევე, დანაშაულის ჩამდენნი პირების სახელები და გვარები. დღეს მათ შეგნებულად არ ვასახელებთ, თუმცა მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების მერე დადგება დრო, როდესაც მასაც აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს. თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, აუცილებლად აგებს პასუხს”, – აღნიშნავს თამარ კორძაია.
გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც სთხოვენ, პირადობები სხვას გადასცენ, მოუწოდა, არ შეშინდნენ.
“ჩვენს წარმომადგენლობასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მივიდნენ, და ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ.
ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა დაასანქცირონ ის ხალხი, ვინც “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ერევა არჩევნებში. არჩევნებამდე დარჩა 9 დღე და გამარჯვება ჩვენს მხარესაა”, – ამბობს თამარ კორძაია.
ნეტგაზეთი ცდილობს ამ საკითხზე “ქართული ოცნებისგან” საპასუხო კომენტარის მოპოვებას.
ბოლო პერიოდში ენმ-ის წარმომადგენლებმა არაერთი ბრიფინგი გამართეს იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები ოპოზიციურად განწყობილ მოწყვლად ამომრჩეველს პირადობის მოწმობას ართმევს, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.