პატიმარ გიორგი დავითაძის მშობლები აცხადებენ, რომ 10 თვის შემდეგ პროკურატურის მიერ მათი შვილის საქმეზე გამოძიების დასრულება ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა.

„საერთოდ ეს პროცესი, რაც დაწყებულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, არის პოლიტიკური დაკვეთა. როგორ შეიძლება მდინარაძეს დაეწყო ეს პროცესი და კობახიძეს სხვანაირად დაემთავრებინა. დაკვეთა იყო მდინარაძის, დასკვნა დადო კობახიძემ. მე სხვა არც ველოდებოდი. კაცი გამოდის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 10 თვის განმავლობაში არ მთავრდება გამოძიება და 2 დღეში მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაასრულეთო. დაასრულეს ის,  რაც მათ აწყობდათ. რომელ სამართალზეა აქ საუბარი?! რომელ მორალზეა აქ საუბარი?! ასე მალავენ, ჩქმალავენ და ხელს აფარებენ დამნაშავე პოლიციელებს და დამნაშავე ჯალათ ბადრაგებს თავისი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის თამადობით. ეს კარგს არც მათ მოუტანთ და არც ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ „ტვ პირველთან“.

გიორგი დავითაძის დედის, ირმა დავითაძის განცხადებით, გამოძიება სწორედ ისე დასრულდა, როგორც მმართველ გუნდს აწყობდა.

„კობახიძემ გადაწყვიტა და მოუწოდა თავიანთ გამოძიებას, ზეწოლა მოახდინა მათზე, რომ დაესრულებინათ გამოძიება. ე.ი. კობახიძის ნებაზეა, ესა თუ ის გამოძიება როდის დასრულდება ან რა მეთოდით დასრულდება. რა თქმა უნდა, დასრულდა ისე, როგორც სურდა კობახძეს და მის მმართველ გუნდს, ვინაიდან და რადგანაც იცოდნენ, რომ თუ დასრულდებოდა ეს საქმე ისე, როგორც აღწერილია იმ კადრებში, მაშინ მათ ეს ქვეყანა თავზე დაემხობოდათ“, – განაცხადა ირმა დავითაძემ „ტვ პირველთან“.

გიორგი დავითაძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ საქართველოში ყველა პროცედურას გავლის შემდეგ, საქმეს სტრასბურგში აუცილებლად გაასაჩივრებენ.

„ჩვენ ვრჩებით სამართლებრივ რეჟიმში, ვრჩებით ბრძოლის რეჟიმში და მას შემდეგ რაც ყველა შიდა პროცედურას გაივლის ეს დოკუმენტი, აუცილებლად გასაჩივრდება ეს სტრასბურგში. როცა თავიდან გიორგი მესაუბრა, ის ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის ფარგლებში დამტკიცებულიყო მისი სიმართლე. თავიდანვე იყო გიორგის მოთხოვნა, რომ ეს საქმე წასულიყო სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

10 ოქტომბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულეს, რომლითა დადგინდა, რომ მის მიმართ სექსუალური ძალადობა არ მომხდარა.

განცხადებაში პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ გიორგი დავითაძეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია.

ამასთან,  პროკურატურა ამტკიცებს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.

7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  რაც მალე დაიხურებოდა გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება, მით უკეთესი.

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნას ბოლომდე მიყვანილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.