ახალი ამბები

რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

10 თებერვალი, 2021 • 1114
რესპუბლიკელები მზად არიან, უბარიერო სისტემის კენჭისყრისთვის პარლამენტში ერთჯერადად შევიდნენ

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პარტიის წევრები მზად არიან, პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ კენჭისყრისთვის შევიდნენ, თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

როგორც სამნიძე ნეტგაზეთთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს მანდატების გაუქმებაზე განცხადება აქვთ დაწერილი, ისინი საარჩევნო ბარიერის დასაწევად კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგ კი მანდატების გაუქმებაზე განცხადებას ისევ დაწერენ.

“ჩვენ მანდატების [გაუქმების] განცხადება დაწერილი გვაქვს და ერთგული ვრჩებით ამ განცხადების. ველოდებით, როდის გააუქმებს ხელისუფლება ამ მანდატებს, რომელიც კანონს არღვევს, არ აუქმებს, მაგრამ ამავე დროს წინაპირობებით და დათქმებით მზად არის უბარიერო პროპორციული სისტემისთვის, თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში. თუმცა ჩვენ მას მივმართავთ, რომ თუ შემოტყუების მექანიზმებით არ არის ამ კანონპროექტზე საუბარი, თუ ისინი გაბედავენ და ასეთ კანონპროექტს დაარეგისტრირებენ და იარსებებს უბარიერო, ბუნებრივი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემა, ჩვენ მზად ვართ, რომ კენჭისყრაში ერთჯერადად, სამ მოსმენაში მივიღოთ მონაწილეობა და ისევ დავტოვოთ პარლამენტი. ეს არ ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ ვიმუშაოთ დღევანდელ პარლამენტში. ეს ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს მომავლისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, რომლის შემდეგაც ვერ შეძლებს ვერც ერთი ხელისუფლება, რომ ისევ ერთპარტიული პარლამენტით ან მიტაცებული ხელისუფლებით იფუნქციონეროს”, — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“რესპუბლიკური პარტია” 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდა. საპარლამენტო მანდატი პარტიის ორ წევრს, ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას აქვს.

საარჩევნო ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის — 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია წარმოდგენილი.

ხათუნა სამნიძეს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე კონსულტაცია “ძალა ერთობაშიას” ბლოკთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და საარჩევნო რეფორმასთან ერთად მთავარ მოთხოვნად ახალი არჩევნების დანიშვნასა და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

სამნიძის თქმით, მას სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება.

“ამ კანონპროექტზე უარს ოპოზიცია არ იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ჯერ კონსულტაციები არ გვქონია სხვა პარტიებთან, იმიტომ, რომ ჯერ კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და მზად ვართ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის”, — აცხადებს სამნიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი