ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი: უკანონო დაკავებები ოკუპაციის დამყარების დღიდან ხდება და მიზეზი სახელმწიფოს პოლიტიკა არაა

11 თებერვალი, 2021 • 839
სუსი: უკანონო დაკავებები ოკუპაციის დამყარების დღიდან ხდება და მიზეზი სახელმწიფოს პოლიტიკა არაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დადმდგარი ოკუპაციის უშუალო შედეგია. სუს-ის შეფასებით, მცდარია ნარატივი, რომ უკანონო დაკავებები გახშირდა და ის საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ გატარებულ პოლიტიკას უკავშირდება.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი საბედაშვილმა დღეს, 11 თებერვალს, ბრიფინგზე აღნიშნულის არგუმენტად 2009-დან 2013 წლის ჩათვლით უკანონო დაკავებების სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ყოველწლიურად საოკპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ათობით საქართველოს მოქალაქეს აკავებენ უკანონოდ:

“მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ყოველწლიურად საქართველოს ათეულობით მოქალაქეს აკავებენ. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არცერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე.

2009 წელს საქართველოს 80-მდე მოქალაქე დააკავეს უკანონოდ, 2010 წელს ასევე საქართველოს 80 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს უკანონო დაკავებების რიცხვმა 140-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაკავებების სტატისტიკაში. 2021 წელს 110 ადამიანი იქნა დაკავებული უკანონოდ. 2019-2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი.

ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულების სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ოკუპაცია.

შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახლემწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან” ,- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.

მისი თქმით, გარდა ამისა, ხელისუფლება უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას მათი საუკეთესო ინტერესის შესაბამისად ასაჯაროებს და უფლებას იტოვებს, განსაზღვროს ფაქტის გახმაურებისთვის შესაბამისი დრო, რათა აღნიშნულმა ხელი არ შეუშალოს გათავისუფლების პროცესს:

“გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სახლემწიფოს მიერ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებაზე. ვრცელდება მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს, ამ პირთა ვინაობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

თითოეული უკანონო დაკავების ფაქტი ფასდება ინდივიდუალურად, რა დროსაც სახელმწიფო უფლებას იტოვებს, განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო და რადგან საკმაოდ ხშირად გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს გათავისუფლების პროცესისთვის და მსგავსი შემთხვევები არაერთხელ მომხდარა” – აცხადებს საბედაშვილი.

ამასთან, სუს-ში აღნიშნავენ, რომ უკანონო დაკავებებს სახელმწიფო მათ ხელთ არსებული ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტის გამოყენებით უპირისპირდება და აცხადებენ, რომ ამ ბერკეტების, მათ შორის ცხელი ხაზის დანიშნულების, დაკნინება საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს ემთხვევა:

“ცენტრალური ხელისუფლების ხელთაა როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ინსტრუმენტები. ოფიციალური ინსტრუმენტებია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი, IPRM-ის შეხვედრები და ჟენევის მოლაპარაკებები. დაკავების მომენტიდან ხდება ოფიციალური ინსტრუმენტების ამოქმედება და აღნიშნულის შესახებ ხშირ შემთხვევაში ინფორმირებულია საზოგადოება.

თუმცა ბოლო პერიოდში ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ოფიციალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილისტური განცდის დანერგვა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნეგატიური და ნიჰილისტური განწყობების წახალისება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს.

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში იდება უდიდესი ძალისხმევა მათი გამართულად ფუნქციონირებისთვის. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცხელი ხაზის გააქტიურებას წარმოაჩენს რუტინულ, არაფრის მომცემ პროცედურად, ჯდება საოკუპაციო რეჟიმის ნარატივში და მიუთითებს პირის ან პირთა ჯგუფის საკითხში გაუთვიცნობიერებლობაზე”, – ამბობებ სუს-ში.

რაც შეეხება გათავისუფლების პროცესის შესახებ სახელმწიფოს მიერ დეტალური ინფორმაციის გაზიარებას, სუს-ში აცხადებენ, რომ ოკუპაცია წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევას და განხორციელებული სამუშაო შეიცავს სპეციფიკურ, ზოგ შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციას. შესაბამისად, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულის გასაჯაროება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ხდება დოზირებულად საჭიროების შემთხვევაში:

“სწორედ ამიტომ, მცდარია ნარატივი, რომ სახელმწიფო არ მუშაობს უკანონოდ დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებად, რადგან აღნიშნულის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის. უკანონო დაკავებებების ფაქტზე საზგოადების პროტესტი ლეგიტიმურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს.

თუმცა პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშნველოვანი საკითხები. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი შეკრებების გამართვამ შესაძლოა დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. აღნიშნულ პროცესში შესაძლოა პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ საზგოადოებას და პოლიციას.

უკანონო დაკავებების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, ასევე, საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილი საპოლიციო ძალების მუშაობას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში”, – აცხადებს გიორგი საბედაშვილი.


სუს-ის დღევანდელ განცხადებას წინ უძღოდა გუშინ, 10 თებერვალს ენგურის ხიდთან სოხუმში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდაჭერი აქცია. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელენე ხოშტარიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ბებუას საქმეზე უმოქმედობაში.

“ხელისუფლება არ ლაპარაკობს ამაზე, პრაქტიკულად, არ მოქმედებს. ამიტომ ჩვენი ამოცანა, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ირაკლი ბებუას, არის საერთაშორისო პარტნიორების, ელჩების ყურადღების მიპყრობა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლებისადმი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ელენ ხოშტარიამ.

ჟენევის დისკუსიები — ბებუას იმედი აფხაზეთში 4.5-წლიანი პატიმრობის ასაცილებლად

მასალების გადაბეჭდვის წესი