ახალი ამბები

კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი „მილიციელი“ ზუგდიდში დააკავეს

29 თებერვალი, 2024 • 908
კარბაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი „მილიციელი“ ზუგდიდში დააკავეს

ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობაში ეჭმიტანილი „მილიციელი“ დავით კვეკვესკირი ზუგდიდში დააკავეს.

ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, კვეკვესკირი ზუგდიდში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმალებოდა და ამჟამად გადაყვანილია თბილისში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდში დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დავით კვეკვესკირს გალის პროკურატურა კარბაიას საქმეზე ეძებს, ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

2023 წლის 9 დეკემბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის „მილიციის“ სამმა თანამშრომელმა ჩხრეკის მიზნით გააჩერა და სასტიკად სცემა საქართველოს მოქალაქე თემურ კარბაია, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალი წარუდგინა გალის ე.წ. მილიციის სამ თანამშრომელს — ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავასა და დავით კვეკვესკირს. ზარაქუა და აბშილავა 2024 წლის 10 თებერვალს გალში დააკავეს, დავით კვეკვესკირი კი მიმალვაში იმყოფებოდა.

ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის გამოძიების თანახმად, გასული წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა კარბაია ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანა მილიციის განყოფილებაში, სადაც უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემოწმების ბოლოს დაკავებულმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართა, მილიციელმა კი სახეში გაარტყა. სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომელთაც კვეკვესკირთან ერთად კარბაია სცემეს. შედეგად, თემურ კარბაიამ დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახეზე. ე.წ. პროკურატურის ცნობით, ცემის შემდეგ კირბაია კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.

თემურ კარბაია 9 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარ ფოტოზე: თემურ კარბაია

მასალების გადაბეჭდვის წესი