ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიები — ბებუას იმედი აფხაზეთში 4.5-წლიანი პატიმრობის ასაცილებლად

9 დეკემბერი, 2020 • 1531
ჟენევის დისკუსიები — ბებუას იმედი აფხაზეთში 4.5-წლიანი პატიმრობის ასაცილებლად

30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-93 წლების ომში გამარჯვების 27 წლისთავს აღნიშნავდნენ, როდესაც საქართველოს მოქალაქემ, 27 წლის ირაკლი ბებუამ, რომელიც გალში მცხოვრებ ბებიას სტუმრობს ხოლმე, გალის კულტურის სახლზე გადმოფენილ აფხაზური დროშის ფერების სიმბოლოს და ბანერს, წარწერით: “გილოცავთ გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს” ბენზინი გადაასხა.

ბებუა იმავე დღეს დააკავეს, 7 დეკემბერს კი გალის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გამოსასწორებელ კოლონიაში და 10 000 რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

როგორც ირაკლი ბებუას ოჯახი, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე განმარტავენ, აფხაზური მხრიდან მათ გაუზიარეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით სასჯელი ნახევრდება (გალის გამოსასწორებელ კოლონიაში გატარებული 1 დღე 2 კალენდარულ დღედ ითვლება) და სასჯელი რეალურად განისაზღვრება 4 წლით და 6 თვით. თბილისში იმედოვნებენ, რომ ირაკლი ბებუას აფხაზურ ციხეში 4-ნახევარი წლის გატარება არ მოუწევს და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მისი გათავისუფლება მოხერხდება.

“რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად გავაკეთე”…

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია 30 სექტემბერს გავრცელდა. ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც ბებუა საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, “ფეისბუკის” აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და  აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ არც აფხაზი ხალხის და არც დროშის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ ქართველების და აფხაზების დაშორების დღეს საზეიმოდ არ მიიჩნევს.

https://youtu.be/3WciaeqN7i0

“კარგი რა, რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად გავაკეთე — გაუცნობიერებლად ასეთი რამ როგორ უნდა ქნა?! არც დროშის საწინააღმდეგო მაქვს რამე, არც აფხაზების. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ძმები, როგორც ადრე, უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. ყველას პატიებას ვთხოვ, ვინც ნაწყენია, ყველას წინაშე მუხლს ვიდრეკ. არც ბანერი და არც ფერები ხელს არ მიშლის. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვზეიმობდეთ იმას, რომ ჩვენ ძმები აღარ ვართ”, – აცხადებს ირაკლი ბებუა ვიდეოჩანაწერში.

მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბებუას საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას აზრით, განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ირაკლი ბებუას ბრალი ხელოვნურად დაუმძიმა.

გალის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუა დამნაშავედ ცნო სამ ბრალდებაში: საბრძოლო ნივთიერებების უკანონო შეძენა/ შენახვა, სხვისი საკუთრების განზრახ განადგურება დაწვის გზით, და აფხაზეთის  სახელმწიფო დროშის შებღალვა.

ირაკლი ბებუა დროშის დაზიანებას აღიარებს, თუმცა ხელყუმბარის ფლობას არ ადასტურებს.

გალის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა 15 დღეში, თუ მხარეები საკასაციო კოლეგიაში არ გაასაჩივრებენ. ირაკლი ბებუას ადგილობრივი სახაზინო ადვოკატი იცავს. ოჯახს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, გაასაჩივრებს თუ არა გალის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ოჯახს საერთაშორისო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების შესაბამისი ჩართულობის და დაკავებულის გათავისუფლების იმედი აქვს და დამოუკიდებელ აქტივობებს აქციების სახით არ გეგმავს.

“ირაკლისთან კომუნიკაცია გვაქვს წითელი ჯვრის საშუალებით. წერილებს ვცვლით. წერილებში როგორც ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარებიათ და, ცხადია, სამედიცინო თავლსაზრისით ეს დადასტურებული არ არის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. გვაიმედებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მის უპირობოდ გათავისუფლებისთვის”, – ამბობს თამუნა ბებუა.

თბილისის რეაქცია

სუს-ის ცნობით, ბებუასთვის პატიმრობის შეფარდების ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის შეფასებით, ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის დანიშვნა მიზნად ისახავს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას.

„ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს და, სამწუხაროდ, განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას. ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები. იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს და ირაკლი ბებუა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეები, დაუბრუნდებიან ოჯახს და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

“მნიშვნელოვანია, ბებუას საქმე არ მოიხსნას მედიის და პოლიტიკური დღის წესრიგიდან…” 

ირაკლი ბებუას დაკავებიდან ერთ კვირაში, 7 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობების — “შეცვალე”, “გხედავ” და “დემოკრატიული მომავლისთვის” —ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მთავრობისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვეს. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მძიმე საქმის შემთხვევაში ერთჯერადი განცხადებები საკმარისი არა არის და საქართველის მთავრობისგან აქტიური რეაგირებაა საჭირო.

სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობა უძღოდა წინ ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ მას ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 48-დღიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეწყალებით გათავისუფლდა. აღნიშნულს წინ უძღოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თავნათავმჯდომარეების და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე, აშშ-ის მთავრობისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდებები ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

საქართველოში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს თხოვნითა და მოწოდებით, მათი მანდატის ქვეშ მიიღონ ყველა სათანადო ზომა აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს.

ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ:

  • გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;
  • უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;
  • მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.

ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსისადმი მოწოდებაა:

  • მიიღონ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
  • განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს.

მიმართვაზე ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება ირაკლი ბებუას ოჯახთან, ისევე როგორც აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველთან. ორგანიზაციას ასევე კომუნიკაცია ჰქონდა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან, რომელმაც ირაკლი ბებუას საკითხი აფხაზეთში ვიზიტისას განიხილა.

“ორი წერილი მივიღეთ აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველისგან, რომელმაც განმარტა, რომ ის საქმის მონიტორინგს ახდენს და ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომაროება ამ ეტაპზე ნორმალურია. ბებუას სასამართლო პროცესი დახურული. შედეგი გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო. ამ ეტაპზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გვაქვს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გააძლიეროს პოლიტიკური ფორმატების გამოყენება და ყველა ფორმატში, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების ფორმატში აქტიურად დააყენოს ირაკლი ბებუას გადმოცემის საკითხი. ბუნებრივია, სასამართლომდე, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, ამ პროცესის უზრუნველყოფა რთული იქნებოდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი რესურსი არსებობს, რომ ბებუას გადმოცემის საკითხი გააქტიურდეს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” EMC-ის იურისტმა თამთა მიქელაძემ.

თამთა მიქელაძის აზრით, ბებუას საქმემ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი პოლიტიკური პლატფორმების არსებობა, სადაც მსგავსი საკითხების განხილვა მოხდება.

“ცხადია, ჩვენ ვიაზრებთ, რომ არაფორმალური კავშირები არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე არც მედია და არც პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და მუდმივად მოხდეს ყველა პლატფორმაზე საკითხის გააქტიურება”, – დასძინა მიქელაძემ.

ბებუას დაკავების მსგავსი ინციდენტების განხილვის ფორმატია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, შექმნილი  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM). აღნიშნული ფორმატის მთავარი მიზანს წარმოადგენს ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლის მიზანია კონკრეტული ინციდენტებზე დროული რეაგირება და მისი აღმოფხვრა.

თუმცა, თუ ცხინვალის მიმართულებით IPRM შედარებით შეუფერხებლად ფუნქციონირებს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2016 წელს, ოთხწლიანი ინტერვალის შემდეგ განახლდა, 2018 წლის ზაფხულიდან ისევ შეწყდა. IPRM-ის ფარგლებში ბოლო შეხვედრის ჩასაშლელად და მექანიზმის მუშაობის შესაჩერებლად აფხაზურმა მხარემ ქართული მხარის მიერ სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საკითხის დაყენება გამოიყენა.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე, როგორც ირაკლი ბებუას პატიმრობა ,განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი