ახალი ამბები

ჯაფარიძემ მანდატის შენარჩუნებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

8 თებერვალი, 2021 • 1369
ჯაფარიძემ მანდატის შენარჩუნებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის მიერ დეპუტატების მიმართვის საწინააღმდეგოდ მათთვის მანდატების შენარჩუნების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ჯაფარიძის აზრით, პარლამენტმა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო.

“დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და უარი მითხრა მანდატის გაუქმებაზე. ამ დადგენილებას ვასაჩივრებთ. საქართველოს პარლამენტი წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი – შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, მაგალითად, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა, არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი — სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სიგიჟეა, ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაოო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიესალმება დავის საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანას.

“მათ არ სჯერათ საერთაშორისო პარტნიორების. გასაგებია, რომ არ სჯერათ „ქართული ოცნების“ და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის, იქიდან გამომდინარე, რომ არის კონკრეტული სამართლებრივი თემები, რაზეც ვფიქრობ, ორი აზრი ვერ იარსებებს — დისკრეცია არის საქართველოს პარლამენტის, მიიღოს ერთი ან მეორე გადაწყვეტილება”, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვლის კენჭისყრაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი პირადი განცხადებით თქვეს. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არცერთი დაკმაყოფილდა, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

 

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ამავდროულად, დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტი კენჭისყრაზე წყვეტს. პარლამენტის რეგლამენტი არაფერს ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავებაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

მენაბდის თქმით, პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა და ოპოზიციითვის მანდატების არშეწყვეტა კონსტიტუციის სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

“კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს. პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა”, – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, პარლამენტში დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ხელოვნურად ჩაგდება, ასევე, სახიფათო დეინსტიტუციონალიზაციის დასაწყისი იქნება.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

3 დეპუტატს მანდატი შეუწყვიტეს, 51-ს – არა, რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი