ახალი ამბები

3 დეპუტატს მანდატი შეუწყვიტეს, 51-ს – არა, რატომ?

2 თებერვალი, 2021 • 2262
3 დეპუტატს მანდატი შეუწყვიტეს, 51-ს – არა, რატომ?

“პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი”, — ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტულ საფუძველებსაც ჩამოთვლის, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ტიპის გადაწყვეტეტილებები განსხვავებულია პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით.

პარლამენტის გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვლის კენჭისყრაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი პირადი განცხადებით თქვეს. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არცერთი დაკმაყოფილდა, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კანონმდებლობა განსხვავებული ინტერპრეტაციებით 

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

  • პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
  • მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • გარდაიცვალა;
  • დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
  • ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, ამავდროულად ამბობს, რომ საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის რეგლამენტი არაფერს ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება.

ეს გარემოება დავის საგანი იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის დროსაც, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი — სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი — სახეზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, დამატებით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ფორმალური ხასიათის იყო, თუ თავის თავში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოიაზრებდა. მაშინ უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ მექანიკური ხასიათის იყო.

პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას განიხილავს; 2019 წლის 26 ივნისი. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით აამოქმედა საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟის პრევენციული მექანიზმი. ამავდროულად, ოპოზიციას სადეპუტატო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შანსი მისცა.

“საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სამართლებრივადაც გამართულია.

“ჩვენ არ გვინდოდა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის საბოტაჟის პოლიტიკა გაგვეფორმებინა. ამიტომ პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. პარლამენტს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა — არც წინააღმეგ მიგვიცია ხმა და არც მხარი დავუჭირეთ, უბრალოდ, პარლამენტარებმა არ მიიღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს”  ქადაგიშვილმა.

მანამდე კომიტეტმა, ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, შეისწავლა და დაადასტურა დეპუტატების მიმართვების ნამდვილობა და მხარი დაუჭირა მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.

პარლამემენტის დღევანდელი გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განსხვავებული შეფასება აქვთ ოპოზიციაში. “ლელოს” წარმომადგენელი, იურისტი კახა კოჟორიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “სამართლებრივი აბსურდია”, ადამიანს დაავალდებულო თანამდებობაზე ყოფნა, თუ მას ეს არ სურს.

“ქართული ოცნება” საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას ჭრის, კერავს და იყენებს იმის მიხედვით, მის პოლიტიკურ დღის წესრიგს როგორ აწყობს და არა იმის მიხედვით, თვითონ ეს კანონები და კონსტიტუცია რას ამბობს და სახელმწიფო ინტერესებში რა შედის. “ოცნება” პარტიულ საკითხებს ყოველთვის სახელმწიფოებრივზე მაღლა აყენებდა და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ნათლად წერია, იურისტები ამას ნორმის იმპერატიულად ფორმულირებას ვეძახით, რომ საკუთარი დეპუტატს საკუთარი განცხადებით უწყდება უფლებამოსილება და არა — “შეიძლება შეუწყდეს”. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება”, – ამბობს კოჟორიძე.

კანონმდებლობის ნორმა, რომ უფლებამოსილებაზე უარის თქმის შესახებ დეპუტატის პირადი განცხადების შემთხვევაშიც საკითხი კენჭისყრაზე გადის, კოჟორიძის შეფასებით, დამზღვევი მექანიზმია იმ შემთვევისთვის, თუ დეპუტატს განცხადება ზეწოლის შედეგად აქვს დაწერილი.

“პარლამენტმა ერთადერთი შეიძლება გაარკვიოს, რამდენად ამ პირის დაწერილია და რამდენად მის ნამდვილ ნებას გამოხატავს განცხადება. მაგრამ თუ დაადგენს და დარწმუნდება, რომ ნამდვილად განმცხადებლის სურვილია დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, უფლება არ აქვს მაინც არ შეუწყვიტოს”,  – ამბობს კოჟორიძე.

“ევროპული საქართველოს” შეფასებით, “ქართული ოცნება” კანონმდებლობას არღვევს, რათა პარლამენტში შესვლის საკითხზე ოპოზიციასთან ვაჭრობა გააგრძელოს.

“ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა. ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში შეუძლებელია. რაც შეეხება მოტივს, რომ მეტი დროს მისცენ ოპოზიციას, ეს არის სინამდვილეში დრო “ქართული ოცნებისთვის”, რომ პარლამენტში დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

იურისტების შეფასება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავებაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

მენაბდის თქმით, პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა და ოპოზიციითვის მანდატების არშეწყვეტა კონსტიტუციის სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

“კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს. პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა”, – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, პარლამენტში დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ხელოვნურად ჩაგდება, ასევე, სახიფათო დეინსტიტუციონალიზაციის დასაწყისი იქნება.

“ამ დეპუტატებმა უკვე თქვეს უარი მანდატზე, შესაბამისად, არც სხდომებს დაესწრებიან და სხვა ანაზღაურებადი სამსახურიც ექნებათ. თუკი საგაზაფხულო სესიისას სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრებიან და შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან, ეს კონსტიტუციით დადგენილი დამატებითი საფუძვლებია ამ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტისთვის. ამაზე გადაწყვეტილების მიღებაც პარლამენტის ვალდებულებაა. თუკი პარლამენტი ამ სამი საფუძვლით უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს ოპოზიციონერ დეპუტატებს, მაშინ ეს პრეცედენტად იქცევა სხვა დეპუტატებისთვისაც, მმართველი პარტიიდანაც. მათაც არ შეუწყდებათ უფლებამოსილება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, ისედაც ნდობაშემცირებული პარლამენტი (და დემოკრატია) რად იქცევა, თანაც, საპარლამენტო რესპუბლიკაში”, – წერს ალაფიშვილი.

პირადი განცხადების მსგავსად, სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერი საფუძველია. “ქართული ოცნება”, რომელმაც პირველი მიზეზით დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, ამბობს, რომ კონსტიტუციის მოთხოვნისამებრ, ოპოზიციონერების მიერ სხდომების გაცდენის შემთხვევაში,  საკითხს საშემოდგომო სესიაზე საკითხს მიუბრუნდება.

“პარლამენტის 51 ოპოზიციონერი დეპუტატი ბოიკოტის რეჟიმში არ არის (ბოიკოტი არასაპატიო გაცდენად არ ითვლება – რედ.). ისინი საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ. გამომდინარე აქედან, რამდენ სხდომასაც გააცდენენ, ჩამოეჭრებათ ხელფასი. ამავდროულად, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ თუკი დეპუტატები საპარლამენტო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენენ, მათ უფლებამოსილება უწყდებათ. ამიტომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მათი განცხადების გარეშეც დადგება. როდესაც საგაზაფხულო სესია დაიხურება, მოხდება დათვლა და ანალიზი. საკითხი პარლამენტის წინაშე, როგორც კონსტიტუცია ითხოვს, კონსტიტუციის რანგში დადგება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

განსხვავებული მიდგომა “პატრიოტთა ალიანსისადმი” 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა (ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია) და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა (ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი). საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე და ავთანდილ ენუქიძე უნდა შესულიყვნენ. ავთანდილ ენუქიძისგან განსხვავებით, პირველმა სამეულმა სადეპუტატებო მანდატებზე უარი თქვა და პარლამენტმა მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს სხვებზე ადრე, 4 იანვრის სხდომაზე უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა. “პატრიოტთა ალიანსს” ცესკოსთვის არ მიუმართავს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით, შესაბამისად, ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ადგილმონაცვლეებად პარლამენტში გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიიანი შევიდნენ. ენუქიძესთან ერთად, მათ პარტია “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს და მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციიდან პირველ წარმომადგენლებად წარდგნენ.

იმ ფაქტს, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას, ხოლო დანარჩენ 51 ოპოზიცონერს მანდატები შეუნარჩუნა, ორმაგ სტანდარტად და კანონდარღვევად აფასებს გოჩა თევდორაძე.

“რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოყენება. უმთავრესი კი ისაა, რომ “ქართული ოცნება” საერთოდ გასულია კანონიერების ჩარჩოდან, არად დაგიდევს კონსტიტუციას, მაშინაც დაარღვია და ახლაც არღვევს კანონს. “პატრიოტთა ალიანსი” იყო რეალური ოპოზიციური ძალა, რომლის ხილვაც პარლამენტში არ სურდათ. ჩვენ დავწერეთ განცხადებები მანდატებზე უარის თქმის შესახებ, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. “ქართულმა ოცნებამ” ეს შანსი გამოიყენა და განცხადებები დააკმაყოფილა”,  – განუცხადა “ნეტგაზეთს” თევდორაძემ.

“ორმაგი სტანდარტი აქ არ არის”, – ამბობს, თავის მხრივ, ირაკლი ქადაგიშვილი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 4 იანვრის განსხვავებულ გადაწყვეტილებას იმ ფაქტით ხსნის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების შემთხვევაში პარლამენტში ადგილმონაცვლეები შედიოდნენ და საბოტაჟის საფრთხე არ იქმნებოდა.

“სია რომ ჩაეხსნათ, რა თქმა უნდა, მათაც არ დავუჭერდით მხარს — დღევანდელი გადაწყვეტილება ამაზე მიანიშნებს”, – ამბობს მაჭარაშვილი.

რა იქნება შემდეგ?

დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გოჩა თევდორაძე ფიქრობს, რომ 51 დეპუტატი ამ შანსს გამოიყენებს და საკონსტიტუცო სასამართლოს მიმართავს.

“იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და თავის სახელს დაარქმევს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იცით, რომ სასამართლო ხელისუფლებაც მიტაცებულია “ოცნების” მიერ, ამიტომ ყველაფერი მოსალოდნელია”, – ამბობს თევდრაძე.

ოპოზიციას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიმართავს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს.

“ჯერჯერობით გადაწყვეტილება “ლელოს” არ მიუღია. ალბათ, იქნება ამ საკითხზე მსჯელობა [ოპოზიციაში] და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია”, – გვითხრა კოჟორიძემ.

კონსტიტუციონალის, ვახუშტი მენაბდის აზრით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის თაობაზე ბუნდოვანია პარლამენტის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან “ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს”.

“როგორც წესი, პრობლემა ტრადიციულად პირიქით დგას ხოლმე — უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს (სპეციალური ტერმინიც კი არსებობს ამ ფენომენის აღსაწერად „ძეხვის დაჭრა“), ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა, ალბათ, მაინც ღირს, ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს”, – მიიჩნევს იგი.

მენაბდის აზრით, როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი, გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს, “ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში”.

“ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები. მაგრამ ჩვენი პარლამენტი საინტერესო ლაბორატორიაა, როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ბნელ ტალანებში ჩურჩულით ყვებიან, ერთხელ აქ გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ მისცეს ხმა დეპუტატებმა. საკითხი ჩააგდეს, რადგან ახალი ქვორუმი ხელს არ აძლევდათ”, – წერს მენაბდე.

უმრავლესობას მოვუწოდებ, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება — ზურაბიშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი