საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით კენჭისყრამდე ოპოზიციასა და უმრავლესობას მიმართავს.
ზურაბიშვილი ოპოზიციას დაფიქრებისკენ, “ქართულ ოცნებას” კი ნაადრევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ერთიანობისა და სოლიდარობის დრო დგება. მისი თქმით, პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი ეფექტიან და სწრაფადმოქმედ პარლამენტსა და ყველასგან საქმიან მიდგომას მოითხოვს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ამ რთულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
“მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს; უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.