ახალი ამბები

უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს – მენაბდე

2 თებერვალი, 2021 •
უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციის დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს – მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავებაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ უმრავლესობა ვალდებულია, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

მენაბდის თქმით, პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა.

“კონსტიტუციაში წერია, რომ არსებობს გადადგომის მექანიზმი. პარლამენტის როლი ამ პროცესში ფორმალური უნდა იყოს. პარტიებს შორის ურთერთპატივისცემა ნიშნავს არა მხოლოდ ერთად მსჯელობის ვალდებულებას, არამედ იმასაც, რომ კარი არ ჩაკეტო, როცა ვინმეს ამ კარიდან გასვლა უნდა. როგორც ახლა გახდა ცნობილი, პარლამენტი საკითხს ჩააგდებს, ანუ მანდატებს არ შეუწყვეტს ოპოზიციას. თუ ასე მოხდა, ის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან მოვა წინააღმდეგობაში”, – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

მენაბდის თქმით, ბუნდოვანია ასეთი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან ქართული პოლიტიკური სამართალი ასეთი სცენარისთვის მზად არ არის და პირდაპირი პასუხი არ აქვს.

“როგორც წესი, პრობლემა ტრადიციულად პირიქით დგას ხოლმე, უმრავლესობა უკანონოდ უწყვეტს ოპონენტს მანდატს (სპეციალური ტერმინიც კი არსებობს ამ ფენომენის აღსაწერად „ძეხვის დაჭრა“), ამიტომ კანონი ამის დაზღვევაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა, ალბათ, მაინც ღირს, ოპოზიციამ ეს მექანიზმი გამოიყენოს და სარჩელი მოამზადოს. როგორც 51 დეპუტატს არ აქვს მექანიზმი გააჩეროს პარლამენტის მუშაობა, ისე არ უნდა ჰქონდეს 90-ს ძალით დააკავოს კოლეგები რუსთაველის #8-ში. ასეთია სამართლიანობის მოთხოვნები. მაგრამ ჩვენი პარლამენტი საინტერესო ლაბორატორიაა, როგორც უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ბნელ ტალანებში ჩურჩულით ყვებიან, ერთხელ აქ გარდაცვლილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას არ მისცეს ხმა დეპუტატებმა. საკითხი ჩააგდეს, რადგან ახალი ქვორუმი ხელს არ აძლევდათ”, – წერს მენაბდე.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის 51 დეპუტატის განცხადებას განიხილავს, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 მანდატი მოიპოვა. თავდაპირველად ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ არჩევნების გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოსულმა 4-მა (ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია) და პარტია “მოქალაქეების” 2-მა დეპუტატმა (ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი). საპარლამენტო საქმიანობაში ამ დრომდე არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებები არ დაუწერია “გირჩის” სამ წარმომადგენელს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილს.

“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც გასული წლის 20 ნოემბერს არ გამორიცხა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ მანდატების დატოვების მოთხოვნას. თუმცა შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” ამ საკითხზე პარტიულ თათბირზე იმსჯელა და განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიცის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს” და პარლამენტს შესაბამის განცხადებას წარუდგენს. ეს გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” დღეს გადათქვა.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

  • პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
  • იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
  • მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
  • გარდაიცვალა;
  • დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
  • ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს ჩამონათვალს, რომელიც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია, ამავდროულად ამბობს, რომ საკითხს პარლამენტი წყვეტს. პარლამენტის რეგლამენტი არაფერს ამბობს ისეთ დაშვებაზე, როცა სახეზეა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის (რომელიმე) საფუძველი, თუმცა კენჭისყრაზე საკითხი ვარდება.

ეს გარემოება დავის საგანი იყო ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევის დროსაც, როცა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი — სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი — სახეზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, დამატებით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე ფორმალური ხასიათის იყო, თუ თავის თავში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოიაზრებდა. მაშინ უმრავლესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვალდებული იყო მელიასთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა, რადგან ამის საფუძველი არსებობდა და კენჭისყრა მხოლოდ მექანიკური ხასიათის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი