ახალი ამბები

ირანში მყოფი სატვირთოების ნაწილი საქართველოში კვლავ ვერ ბრუნდება

1 თებერვალი, 2021 • 1445
ირანში მყოფი სატვირთოების ნაწილი საქართველოში კვლავ ვერ ბრუნდება

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მყოფი სატვირთო მანქანების საქართველოს მოქალაქე მძღოლები, რომლებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უკვე 2 კვირაზე მეტი ხანი არიან გაჩერებული, სამშობლოში ჯერ კიდევ ვერ ბრუნდებიან.

სატვირთოების მძღოლები ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ბილიასუვარისა და ასტარას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ირანულ მხარეს არიან გაჩერებულნი.

ირანში მყოფმა ონისე ნაკვეთაურმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ სამშობლოში დაბრუნების საშუალება კვლავ არ ეძლევათ. “მესაზღვრეები არაფერს ამბობენ. მგონი, აქ მოგვიწევს ზამთრის გატარებაც”, – ამბობს იგი.

ნეტგაზეთი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 29 იანვარსაც დაუკავშირდა. მაშინ ისინი აცხადებდნენ, რომ დღის განმავლობაში 10 ამერიკული დოლარი ეხარჯებოდათ საკვებსა და ჰიგიენის ნივთებში და საზღვარზე დაყოვნება მათთვის დამატებით ფინანსურ ზარალს ქმნიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას ნეტგაზეთს განუცხადა, რომ “მძღოლებს საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ და მათი სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდებოდა”.

სამინისტროს ინფორმაციით, 30 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან გამოუშვეს 7 საქართველოს მოქალაქე მძღოლი. “საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა. საქართველოს კონსული შეხვდა ირანის ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორს და ქართველი მძღოლების სამშობლოში დაბრუნების საკითხი განიხილა”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

გასულ კვირას ჩვენთან საუბრისას სატვირთოს ერთ-ერთმა მძღოლმა გიორგი სტურუამ განაცხადა, რომ “საბუთები წესრიგში ქონდათ, მაგრამ ქვეყნიდან მანამ არ გამოუშვებდნენ, სანამ საბაჟოს ადმინისტრაცია ბრძანებას თეირანიდან არ მიიღებდა.”

საქართველოს მოქალაქეების ირანში დაყოვნების პარალელურად, თბილისში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, რომელმაც გიორგი გახარიასთან შეხვედრის დროს, ქართულ მხარეს სთხოვა, რომ აღმოფხვრილიყო ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები, მათ შორის, ტრანზიტისა და ტვირტთბრუნის სფეროებშიც.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად, თუ სად იმყოფებიან და რას ითხოვენ ქართველი მძღოლები, იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი