ახალი ამბები

თეირანი სწავლობს, როგორ ეპყრობიან ქართველი მესაზღვრეები ირანელებს

23 სექტემბერი, 2021 • 1953
თეირანი სწავლობს, როგორ ეპყრობიან ქართველი მესაზღვრეები ირანელებს

ირანი სწავლობს, როგორ ეპყრობიან ქართველი მესაზღვრეები საქართველოში მცხოვრებ ირანელებს. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

სახელმწიფო გამოცემის, IRNA-ს თანახმად, ხატიბზადეს ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოში მცხოვრები ირანელების საჩივრები ქვეყნის მესაზღვრეების მხრიდან “არასათანადო და მიკერძოებული მოპყრობის”, ასევე, “ირანელებისათვის საქართველოს საზღვარზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების” შესახებ.

ირანის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, საკითხს სერიოზულად სწავლობს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო თბილისში, თეირანში საქართველოს საელჩოსთან ერთად.

აღნიშნა რა, რომ ასეთი საქციელი არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები, ხატიბზადემ დასძინა, რომ ქართველი ოფიციალური პირების მხრიდან ამ პრობლემის მოგვარება უმოკლეს დროშია ნავარაუდები.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელის პასუხს. უწყების კომენტარს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი