ახალი ამბები

2 მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში

6 აპრილი, 2021 •
2 მიზეზი, თუ რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში

უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში ავტომობილის საწვავი თითქმის ყოველდღიურად ძვირდება. ბენზინგასამართ სადგურებზე ზოგი სახეობის საწვავი 3 ლარზე მეტიც ღირს.

სტატიის გამოქვეყნების მომენტში, 6 აპრილს, ერთი ლიტრი “რეგულარის” ტიპის საწვავის ღირებულება სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურში, საშუალოდ, 2.58-დან 2.62 ლარამდე მერყეობს, “პრემიუმი” — 2.79-დან 2.82-მდე ღირს, ხოლო “სუპერის” ღირებულება 2.88-დან 2.92-მდე ლარს შეადგენს. “სუპერის” ზოგი სახეობა 3.08 ლარიც კი ღირს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასები საშუალოდ 15 თეთრით გაძვირდა. ერთწლიან მონაკვეთს თუ დავაკვირებით, ვნახავთ, რომ ბოლო ერთ წელიწადში ლიტრ საწვავზე ფასმა 60-70 თეთრით მოიმატა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რას უკავშირდება ბენზინის ფასის ზრდა ქვეყანაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ აღნიშნული მატება ორ ძირითადი მიზეზით, უცხოურ ბაზრებზე საწვავის გაძვირებითა და ქართული ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გაუფასურებით აიხსნება.

გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე

“ნავთობპროდუქტებზე წლის დასაწყისიდან ფასი პერმამენტულად იზრდებოდა. ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც საწვავი ძვირდება”, — განუცხადა ნეტგაზეთს ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობის ფასების ცვლილება 2021 წლის 7 იანვრიდან 5 აპრილამდე/Inter Continental Exchange Futures Europe

2021 წლის 5 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონის სანავთობო ბირჟაზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 68.65 აშშ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, იგივე პროდუქტი იანვრის დასაწყისში 50.73 აშშ დოლარი ღირდა, რაც 17.92 აშშ დოლარით იაფია დღევანდელ ფასზე.

აღნიშნული დროის განმავლობაში ევროპულ ბირჟაზე ნავთობზე ყველაზე მაღალი ფასი 11 მარტს დაფიქსირდა და ბარელზე 66 აშშ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურება 

მთვრალაშვილის განცხადებით, მეორე ძირითადი მიზეზი, რატომაც ბენზინის ფასები ძვირდება, არის ეროვნული ვალუტის დოლარის მიმართ გაუფასურება.

“ბოლო პერიოდში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა დოლართან მიმართებით. მას შემდეგ, რაც გაუფასურება დაიწყო, ამან საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა საწვავის ფასზე.

პროდუქტის შესყიდვა ხდება დოლარში, ხოლო მისი გაყიდვა- ლარში. შესაბამისად, ვალუტის გაუფასურების გავლენა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს”, — განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა.

ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ერთი თვის წინ, 5 მარტს, ერთი აშშ დოლარი 3.319 ლარი ღირდა, ხოლო 5 აპრილის მონაცემებით — 3.43 ლარი.

არსებობს თუ არა საწვავის მარაგები?!

ნეტგაზეთის კითხვაზე, აქვთ თუ არა საწვავის იმპორტიორ კომპანიებს საწვავის მარაგები, რაც შესაძლებელს გახდიდა, რომ საწვავზე ფასი მომენტალურად არ გაზრდილიყო, მთვრალაშვილი აცხადებს, რომ “კომპანიებს შესაძლოა, ჰქონდეს მაქსიმუმ 20 დღის მარაგი, თუმცა ისინი მუდმივად ანახლებენ მარაგებს”.

“მარაგი მაქსიმუმ შეიძლება იყოს 20 დღის, თუმცა ისინი დროის გარკვეული პერიოდულობით მუდმივ განახლებას ახორციელებენ. მაშინ, როდესაც ფასები საერთაშორისო ბაზარზე იზრდება, ლარის გაცვლითი კურსი იცვლება, ეს ის ფაქტორებია, რომელიც ფასზე მყისიერად მოქმედებს.

არ არსებობს მსგავსი რამ, რომ საქართველოში ვინმეს რამდენიმე თვის მარაგი ჰქონდეს”, — ამბობს იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.


საქართველოში საწვავი იმპორტირებული პროდუქციაა. მის საფასურში ასევე შედის აქციზის ფიქსირებული გადასახადიც, რომელიც ბოლოს 2017 წელს გაიზარდა და ერთ ტონა ბენზინზე 500 ლარს შეადგენს.

ავტომობილთა მძღოლების ნაწილი ფასების გაზრდას პერიოდულად აპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი