ახალი ამბები

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

23 დეკემბერი, 2020 • 1521
“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას თქმით, მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარების შედეგად რეგიონში გაძლიერდა ან გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა და შექმნილ ვითარებაში საქართველოს ინტერესია, რეგიონში  საკუთარი სტრატეგიული პარტნიორების ყოფნის გაძლიერება.

“რეგიონში არსებულ ვითარებაზე დღეს საუბარი შესაძლებელია საკმაოდ ფრთხილად, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, საბოლოო შედეგები თვალსაჩინო არ არის არავისთვის. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ცვლილებების საბოლოო კონტურები დავინახოთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციონირება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე მკაფიოდ დააფიქსიროს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, საქართველოს უსაფრთხოების და მისი ინტერესების რეგიონში გაძლიერების თვალსაზრისით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყოფნა რეგიონში გავაძლიეროთ. ბოლო განვითარების შედეგი გახლავთ ის, რომ რეგიონში ან გაძლიერდა, ან გამოჩნდა/გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა. ამისთვის ჩვენთვის დღეს ყველაზე ნათელი ნაბიჯი და ლოგიკური შემდეგი ქმედება უნდა იყოს ის, რომ ჩვენც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყოფნა რეგიონში მაქსიმალურად გავაძლიეროთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით საქართველომ “ნეიტრალიტეტის დაცვა შეძლო, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები შეგვენარჩუნებინა ჩვენს მეზობლებთან”.

მთიან ყარაბაღში ომი ერთ თვეზე მეტია, რაც დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ასევე, კონტროლი მოიპოვა სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, მათ შორის სოთქის ოქროს საბადოს ნაწილზეც, რაც სომხური საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაცია. თუმცა, ოფიციალური ერევნის განცხადებით, მიმდინარეობდა საზღვრის დემარკაციის პროცედურები და აზერბაიჯანელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა 9-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის კორიდორში დგება 1960 მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით.

რუსული დანაყოფების დისლოკაცია ყარაბაღში 10 ნოემბერს, შეთანხმების გაფორმებიდან მალევე დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი