ახალი ამბები

40-მდე მძღოლი 2 კვირაა ირანიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

29 იანვარი, 2021 • 1929
40-მდე მძღოლი 2 კვირაა ირანიდან საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ამ დრომდე რჩება “სატვირთო მანქანების 40-მდე ქართველი მძღოლი”, რომლებიც ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

ისინი ორ კვირაზე მეტია ირან-აზერბაიჯანის ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ბილიასუვარსა და ასტარაში არიან გაჩერებულნი.

ნეტგაზეთი ირანში მყოფ მძღოლებს დაუკავშირდა, რათა გაეგო, თუ რა პირობებში იმყოფებიან და რა მოთხოვნები აქვთ მათ.

რას ამბობენ მძღოლები

“ველოდებით, როდის გაგვიშვებენ საქართველოში. ვიდეოც გავავრცელეთ ამ მოთხოვნით. აქ საბაჟოს უფროსი გვეუბნება, რომ როცა თეირანიდან ეტყვიან, რომ გამოგვიშვან, მაშინ მოგვცემენ ქვეყნის დატოვების უფლება. ჩვენ მოვითხოვეთ ოფიციალური დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე გვეუბნებოდნენ საზღვრის კვეთაზე უარს, მაგრამ ასეთი დოკუმენტი ვერავინ წარმოადგინა”, – აცხადებს ბილიასუვარის ირანულ მხარეს მყოფი ონისე ნაკვეთაური.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ტოვებენ თუ არა ეტაპობრივად ქართველი მძღოლები ირანის ისლამურ რესპუბლიკას, ონისე ნავეთაური პასუხობს, რომ იმ გამშვები პუნქტიდან, სადაც თავად იმყოფება, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში არ დაბრუნებულან.

“ამ საზღვრიდან ქართველი მძღოლი არ გასულა. გავიდა მხოლოდ მანქანა, რომელსაც ჰქონდა ქართული ნომრები, მაგრამ მართავდა რუსეთის მოქალაქე. იგი ასრულებდა ტრანზიტულ მარშრუტს, მიდიოდა ერაყში. როცა ირანში შემოვიდა, არც ერაყში გაუშვეს და აღარც უკან აბრუნებდნენ, მაგრამ დარეკა რუსეთის საელჩოში და ამის გამო ნება დართეს უკან, თბილისში დაბრუნებულიყო”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას ონისე ნაკვეთაური.

ონისე ნაკვეთაურის მიერ 23 იანვარს გავრცელებული ვიდეო, სადაც ქართველი მძღოლები მოითხოვენ მიზეზის განმარტებას, თუ რატომ ვერ ბრუნდებიან სამშობლოში.

ონისე ნაკვეთაურს მიაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული მიზეზი, თითქოს ირანს “საბუთების გაუმართაობის” გამო ვერ ტოვებენ, არასწორია.

“თავდაპირველად ჩვენ ქვეყანაში შემოგვიშვეს. მე დავიტვირთე, საბუთები გაფორმდა და რომ უნდა წამოვსულიყავი, მაგ მომენტში დაკეტეს საზღვარი ქართული მანქანებისთვის. ახლაც რომ მოვიდეს ქართული მანქანა, ქვეყანაში შემოუშვებენ, მაგრამ შემდეგ აღარსად აღარ გაუშვებენ”, – ამბობს იგი.

კიდევ ერთი მძღოლს, გიორგი სტურუას მიაჩნია, რომ ირანში ვერ მოხვდები საბუთების გაუმართაობის შემთხვევაში და ეს არ არის  ქვეყანაში მათი დაყოვნების მიზეზი.

“ჯერ ეს ფორმდება საქართველოში, ქართული საბაჟო ქვეყნიდან უსაბუთოდ არ გაგიშვებს, საქართველოში პლომბი იდება, შემდეგ აზერბაიჯანშიც პლომბი იდება, მაგრამ ახლა მოხდა ასეთი რამ, რომ ადგილობრივი ირანელები მივიდნენ აქაურ ტრანსპორტის მინისტრთან და განაცხადეს, რომ თუ ქართველებს აქვთ უფლება აქ ჩამოვიდნენ და იმუშაონ, მაშინ ჩვენც გვქონდეს უფლება, რომ საქართველოში შევიდეთო”, – აცხადებს გიორგი სტურუა.

“ჩვენც ვხვდებით, რა თქმა უნდა, რომ ამ [გადაწყვეტილებას] ადგილობრივი საბაჟოს წარმომადგენლები არ იღებენ. ეს მოდის თეირანიდან”, – მიაჩნია მას.

“გვითავდება თანხა. დღეში 10 აშშ დოლარი სჭირდება აქ ადამიანს და ამაში არ შედის სასტუმროს ხარჯები [სატვირთოს მძღოლები ღამეს მანქანაში ათევენ]. იმედი არ გვაქვს, რომ გამოგვიშვებენ. მოვა ირანელი ოფიციალური პირი, გვეტყვის, გადაიღეთ პასპორტების ასლები, მოვამზადოთ დოკუმენტაცია და ხვალ გაგიშვებთ, მაგრამ შემდეგ ისევ სახლში მიდიან და ეს გრძელდება”, – ამბობს გიორგი სტურუა.

სატვირთო მანქანის მძღოლების განცხადებით, საქართველოში რამდენიმე მანქანა გამოუშვეს ასტარას სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, რომელთაც თბილისში კაუსტიკური სოდა მოჰქონდათ. მათი თქმით, “ქართულ მხარეს ტვირთი სჭირდებოდა” და ამიტომ გაატარეს.

ირანში მყოფი მძღოლები ითხოვენ, რომ რაც შეიძლება მალე დატოვონ ირანის საზღვარი და ქვეყანაში დაბრუნდნენ, ასევე, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს კონსული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უშუალოდ გაეცნო საზღვარზე შექმნილ მდგომარეობას.

“ირანის საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხზე ინფორმაციის გაზიარების და მძღოლების მდგომარეობის ადგილზე კიდევ ერთხელ გაცნობის მიზნით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსული, გიორგი სახლთხუციშვილი ადგილზე ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა. მისი თქმით, უკვე განხორციელდა რამდენიმე მანქანის გამოშვება და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. კონსული გაეცნო საზღვარზე დარჩენილი დაახლოებით 40-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობას და მათ საჭიროებებს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

“გიორგი სახლთხუციშვილი ასევე შეხვდა საბაჟო ტერმინალის უფროსსა და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელს, რომელთაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ და აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მაქსიმალურად აქტიური მუშაობა საკითხის დროულად გადასაწყვეტად და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნებისთვის უფლების მისაცემად.
ამასთან, საქართველოს საელჩო ირანში აგრძელებს შესაბამის უწყებებთან მუშაობას მძღოლების საქართველოში დაბრუნების პროცესის დასაჩქარებლად”, – წერია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი უშუალოდ შეხვდა ირანში მყოფი სატვირთო მანქანების მძღოლების ოჯახის წევრებს და გააცნო არსებული რეალობა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ზუსტად რა მიზეზის გამო არ უშვებდნენ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში. საგარეო საქმეთა სამინისტროში განხვიცხადეს, რომ ამის მიზეზი “საბუთებთან დაკავშირებული საკითხები” იყო.

ნეტგაზეთი შეეცადა, დაკავშირებოდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს, იოსებ ჩახვაშვილს, თუმცა, უშედეგოდ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვების პრობლემური საკითხი განხილვის თემა იყო ჯავად ზარიფსა და გიორგი გახარიას შორის გამართული შეხვედრის დროს.

“მან [ჯავად ზარიფმა] ასევე განაცხადა ორმხრივ ვაჭრობაში, საბანკო სფეროში, ტრანზიტსა და ტრანსპორტირებაში არსებული პრობლემების სერიების შესახებ და საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვა პრობლემების აღმოფხვრა”, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ირანელ დიპლომატსა და გიორგი გახარიას შეხვედრას შეეხებოდა.

ჯავად ზარიფი საქართველოში 28 იანვარს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და გიორგი გახარიასთან. ასევე, ტელეფონით ესაუბრა დავით ზალკალიანს. მისი ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე


საქართველოსა და ირანს შორის ტვირთბრუნვა ძირითადად სატვირთო ავტომობილების გამოყენებით ხდება. არსებობს სამი შესაძლო მიმართულება, რომლის გავლაც ქართველ მძღოლებს ირანში ჩასასვლელად უხდებათ, მათ შორის თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით.

ნეტგაზეთთან საუბრისას ირანში მყოფი პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სამივე მიმართულებიდან შეუძლებელია ქვეყნის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი