ახალი ამბები

მშრომელებს თვეში საშუალოდ ₾670-ს, წელიწადში კი ₾8030-ს ჰპარავენ – პლატფორმა

28 იანვარი, 2021 • 1039
მშრომელებს თვეში საშუალოდ ₾670-ს, წელიწადში კი ₾8030-ს ჰპარავენ – პლატფორმა

„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ გამოაქვეყნა „მოპარული ხელფასის გამომთვლელის“ პირველადი მონაცემები, რომლის თანახმადაც დასაქმებულთა 87%-ს „ჰპარავენ“ ხელფასს.

„მოპარული ხელფასის“ კალკულატორი ახალი ონლაინ-ხელსაწყოა, რომელსაც თქვენი მონაცემების დამუშავება შეუძლია. კალკულატორი 2020 წლის დეკემბერში შექმნა „ღირსეული შრომის პლატფორმამ“, რომელიც შრომის უფლებებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს.

28 იანვარს გამოქვეყნებული შედეგები ეფუძნება 9 დეკემბრიდან 28 იანვრამდე, ანუ პირველი 50 დღის მონაცემებს. პლატფორმის თანახმად, ამ პერიოდში კითხვარი 2 709 დასაქმებულმა შეავსო. შესაბამისად, ინფორმაცია მათ პასუხებს ეფუძნება.

ამ მონაცემების თანახმად, პლატფორმის განცხადებით, დასაქმებულთა წლიური ჯამური მოპარული ხელფასის რაოდენობა 21,756,487 ლარს უტოლდება, რაც 1 დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8,031, ხოლო თვიურად 669 ლარს წარმოადგენს. პლატფორმის თანახმად, მოპარული ხელფასის ჯამი 21,756487 ლარია.

პლატფორმის შეფასებით, „მოპარული ხელფასის“ ეს მაჩვენებელი კარგად უჩვენებს, რომ „საქართველოში მოპარული ხელფასის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ეს პრაქტიკა დასაქმების ადგილებზე უბრალოდ ნორმალიზებულია“.

„დამსაქმებლები ამაზე ორჯერ არც კი ფიქრობენ, ისე ავალდებულებენ დასაქმებულებს იმუშაონ ზეგანაკვეთურად, ანაზღაურების გარეშე, არ აძლევენ მათ კუთვნილ შვებულებას, უკანონოდ უქვითავენ ან საერთოდ არ უხდიან ხელფასს“,- აცხადებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.

„აუცილებელია, შრომის ინსპექციამ ახალი მანდატის ფარგლებში, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების შემოწმებისას, მოპარული ხელფასის პრაქტიკის აღმოფხვრა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახოს. თუ არ მოხდება იმ დამსაქმებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც მშრომელთა უფლებების დარღვევის ხარჯზე ითვისებს მშრომელთა ანაზღაურებას, ეს უკანონო პრაქტიკა უბრალოდ  უკონტროლოდ გაგრძელდება“, – ციტირებს პლატფორმა ვაკო ნაცვლიშვილს, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელს.

„გამომთვლელის მონაცემების თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან. დასაქმებულთა 78% მიუთითებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე არასამუშაო დროს მუშაობაზე, რისი ყველაზე გავრცელებული ფორმებიცაა:

  • დამცავი აღჭურვილობის ან სამუშაო უნიფორმის ჩაცმის დრო: დასაქმებულთა 36% მიუთითებდა ასეთი ვალდებულების არსებობაზე, საიდანაც ეს დრო  დასაქმებულთა 52%-ს არ უნაზღაურდება.
  • სამუშაო ადგილის/პროცესის მომზადება: დასაქმებულთა 67% მიუთითებდა ასეთი ვალდებულების არსებობაზე, თუმცა მათ 86%-ს ამისთვის არანაირ ანაზღაურებას არ უხდიდნენ.
  • სავალდებულო ტრენინგები და შეხვედრები: დასაქმებულთა 48%-ს ავალდებულებდნენ მონაწილეობა მიეღო არასამუშაო დროს ტრენინგებში, რომელთა 80%-საც ამის სანაცვლოდ არანაირ ანაზღაურებას არ აძლევდნენ.
  • შესვენების დროს მუშაობა: დასაქმებულთა 48% მიუთითებდა შესვენების დროს მუშაობას შესაბამისი ანაზღაურების გარეშე“, – წერია განცხადებაში.

„მოპარული ხელფასის კიდევ ერთ გავრცელებულ პრაქტიკას ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება წარმოადგენს, რომლის არსებობაზეც დასაქმებულთა 34% მიუთითებს. კანონმდებლობის თანახმად, შრომა, რომელიც აღემატება კვირაში 40 საათს (48 საათს სპეციფიკურ საწარმოებში) ზეგანაკვეთურ შრომას წარმოადგენს და გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს. დასაქმებულთა 89% მიუთითებს, რომ მათი შრომითი ხელშეკრულება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფს საერთოდ არ განსაზღვრავს.

შვებულების უფლების დარღვევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომლის დარღვევაზეც დასაქმებულებები მიუთითებდნენ. კანონმდებლობის თანახმად, ყველა დასაქმებულს მუშაობის 11 თვის შემდეგ ეკუთვნის ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში მინიმუმ 24 სამუშაო დღის ოდენობით. თუმცა იმ დასაქმებულთა 57%-მა, რომელთაც კანონით შვებულება ეკუთვნოდათ, მიუთითა, რომ ან საერთოდ არ მისცეს კუთვნილი შვებულება, ან სრულად ვერ შეძლეს 24 დღის გამოყენება.

მოპარული ხელფასის საქართველოში დამკვიდრებული სხვა მნიშვნელოვანი ფორმები:

  • მომსახურების სფეროში იმ დასაქმებულთა 2/3, რომელთა დასაქმების ადგილზეც ჩაის (თიფს) იღებდნენ, მიუთითებდა, რომ ისინი დამსაქმებლისგან ჩაის თანხას არ იღებდნენ.
  • იმ დასაქმებულთა ¼, რომელიც სამსახურიდან წამოვიდა, მიუთითებდა, რომ მათ არ მიუღიათ წამოსვლამდე მათთვის კუთვნილი ბოლო შრომის ანაზღაურება.
  • დასაქმებულთა 14% მიუთითებდა ხელფასის უკანონო დაქვითვაზე, პროდუქტის დაზიანების, მოპარვის ან სხვა გარემოების გამო“.

„ღირსეული შრომის პლატფორმას“ აკომპლექტებენ შრომის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • Human Rights Watch;
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

არქივიდან:

სამსახური გაქვს? გაიგე, რამდენს „გპარავს“ დამსაქმებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი