ახალი ამბები

სამსახური გაქვს? გაიგე, რამდენს „გპარავს“ დამსაქმებელი

9 დეკემბერი, 2020 • 1815
სამსახური გაქვს? გაიგე, რამდენს „გპარავს“ დამსაქმებელი

საქართველოში დასაქმებულებს უკვე შეუძლიათ გამოთვალონ, თუ დღეში, კვირაში და თვეში რამდენს შეიძლება „ჰპარავდეს“ დამსაქმებელი.

„მოპარული ხელფასის“ კალკულატორი ახალი ონლაინ-ხელსაწყოა, რომელსაც თქვენი მონაცემების დამუშავება შეუძლია.

გამოთვლის დასაწყებად გადადით ამ ლინკზე

კალკულატორი შექმნა „ღირსეული შრომის პლატფორმამ“, რომელიც შრომის უფლებებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს.

რა არის „მოპარული ხელფასი“?

როგორც პროექტის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, „მოპარული ხელფასი არის ის კუთვნილი ხელფასი, რასაც დამსაქმებელი დასაქმებულებს არ უხდის“.

სოფო ჯაფარიძე იხსენებს, რომ მისი ორგანიზაციის, „სოლიდარობის ქსელის“ პრაქტიკა თავაპირველად კუთვნილი, მოჭრილი ხელფასის აუნაზღაურებლობის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყეს, — რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, — თუმცა აღმოაჩინეს:

არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს „ხელფასის მოსაპარად“ არაერთი „ტექნიკა“ აქვს შემუშავებული. მისი თქმით, ეს ტექნიკები შეიძლება იყოს:

  • როცა გიბარებენ არასამუშაო დღეებში, თუმცა ამისთვის არ გიხდიან;
  • როცა სამსახურში გიბარებენ ადრე, ან გვიანობამდე გტოვებენ, თუმცა ამისთვის არ გიხდიან;
  • თუკი ტრენინგებსა თუ გადამზადებაზე გიშვებენ, თუმცა ამ დროში ანაზღაურებას არ გაძლევენ;
  • თუ 11-თვიანი მუშაობის შემდეგ არ გიშვებენ შვებულებაში;
  • თუკი უკანონოდ გიქვითავენ ხელფასს, რადგან „მაღაზიაში ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მოიპარა“ და ა.შ.

„ხელფასის მოპარვის“ ტექნიკები


როგორც პლატფორმა წერს, „მოპარული ხელფასი“ შეიძლება, ადამიანებში დანაშაულთან არ ასოცირდებოდეს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ეს ძალიან დიდი პრობლემაა:

„მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის (EPI) 2017 წლის კვლევით დადგინდა, რომ მხოლოდ 10 შტატში დასაქმებულები წელიწადში, ჯამურად, 8 მილიარდ დოლარს კარგავდნენ სწორედ “მოპარული ხელფასის” გამო“.

მეთოდოლოგია

სოფო ჯაფარიძემ კალკულატორის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ კალკულატორი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გამოთვლისას 1.25-ჯერ გაზრდილი ტარიფით დაითვლის ხელფასს.

ეს ნიშნავს, რომ თუკი საათში 10 ლარს გიხდიან, კალკულატორი ყოველ ზეგანაკვეთურ საათზე დაითვლის, რომ 12.5 ლარი უნდა მოგცენ.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელი კანონმდებლობა დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, რომ ნომინალურად გაზარდოს ზეგანაკვეთურის ანაზღაურების ტარიფი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის შრომის კანონმდებლობის რეფორმა, — რომელიც პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის, — თავდაპირველად სწორედ ასეთი, 125%-იანი განაკვეთის შემოტანას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოო ვერსიიდან ეს დათქმა ამოიღეს.

მონაცემების პოლიტიკა

აღსანიშნავია, რომ საიტის შემქმნელებს ამ კითხვარის შევსებით მიაწვდით ინფორმაციას, რასაც, მათ თანახმად, კვლევისთვის გამოიყენებენ.

პლატფორმის თანახმადვე, პასუხების ანონიმურობა დაცული იქნება, თუ მომხმარებელი თავად არ გადაწყვეტს, რომ კითხვარის ბოლოს მიუთითოს საკუთარი სახელი და გვარი ან ელ-ფოსტის მისამართი.


„ღირსეული შრომის პლატფორმას“ აკომპლექტებენ შრომის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • Human Rights Watch;
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი – „ერთობა 2013“;
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი – „სოლიდარობის ქსელი“;
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;

მასალების გადაბეჭდვის წესი