ახალი ამბები

როგორ “მოიპარეს” დამსაქმებლებმა ხელფასები — “ღირსეული შრომის პლატფორმის” ანგარიში

22 ივლისი, 2022 • 1199
როგორ “მოიპარეს” დამსაქმებლებმა ხელფასები — “ღირსეული შრომის პლატფორმის” ანგარიში

“ღირსეული შრომის პლატფორმამ” საქართველოში “მოპარული ხელფასის” შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც განხილულია დასაქმებულებზე შრომითი უფლებების დარღვევის ფინანსური გავლენა.

“მოპარული ხელფასის გამომთვლელი” ორგანიზაციამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ეს არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დასაქმებულებს ეხმარება იმ თანხების დაახლოებით გამოთვლაში, რასაც შეიძლება კუთვნილი შრომის ანაზღაურებიდან ხელფასის მოპარვის გამო კარგავდნენ. გამომთვლელი მომხმარებლებს კითხვებს უსვამს მათი მიმდინარე ხელფასისა და სამუშაო რეჟიმის შესახებ და მათი პასუხების საფუძველზე თვლის ხელფასის მოპარვით გამოწვეულ დანაკარგებს.

აღნიშნულ ანგარიშში მოცემულია 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისამდე შეგროვებული მონაცემები. ამ პერიოდში “მოპარული ხელფასის მთვლელი” 3 167-მა ადამიანმა გამოიყენა, რომლის 88%-მა ხელფასის მოპარვის მინიმუმ ერთი ფორმის შესახებ განაცხადა.

გამომთვლელის მომხმარებელთა “მოპარული ხელფასის” საერთო რაოდენობა 25 მილიონ ლარს შეადგენდა.

თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებმა მონაცემების შევსებისას შესაძლოა შეცდომები დაუშვან, დაავიწყდეთ გარკვეული დეტალები, შეაფასონ საათები და ა.შ, რის გამოც ვრცლად არ არის განხილული, რა თანხა დაკარგეს მომხმარებლებმა ხელფასის მოპარვის შედეგად.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ არსებული მონაცემები მიუთითებს საქართველოში ხელფასის მოპარვის კრიტიკულ მაჩვენებელზე, რაც პარლამენტის, სასამართლოს, შრომის ინსპექციის და სხვა ინსტიტუტების მხრიდან უფრო მჭიდრო შესწავლას და სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვს.

გამომთვლელი ხელფასის მოპარვის მხოლოდ შვიდ განსაზღვრულ კატეგორიას მოიცავს. კერძოდ:

  • აუნაზღაურებელი შრომა არასამუშაო საათებში (ანუ სავალდებულო სამუშაო, რომელიც არ ითვლება ჩვეულებრივი სამუშაო საათების ნაწილად)
  • აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა
  • ხელფასის უკანონო დაქვითვა
  • ანაზღაურებადი შვებულების არანაზღაურება
  • ავადმყოფობის დროის არანაზღაურება
  • გადაუხდელი ჩაის თანხა (tips)
  • სახელფასო დავალიანება (გამოტოვებული ხელფასი) ეს კატეგორიები და ჩვენი მეთოდოლოგია უფრო დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ მონაცემთა ნაწილში

ანგარიშის თანახმად, მთვლელის მომხმარებელთა 75.5% არასამუშაო საათებში ანაზღაურების 75.5% გარეშე მუშაობის მინიმუმ ერთი ფორმის შესახებ განაცხადა. უფრო დეტალურად იხილეთ ფოტოზე:

85%-მა განაცხადა, რომ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურება არ მიუღიათ. 88.3%-მა კი მიუთითა, რომ მათი შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფს, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა ნიშნავს, როდესაც კანონით კვირაში განსაზღვრული 40 საათის [სპეციალურ სამუშაოზე 48] გარდა, დასაქმებული დამატებით მუშაობს, თუმცა ანაზღაურებას არ იღებს. საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნულ საათებში შრომის ანაზღაურება ჩვეულებრივ საათობრივ განაკვეთზე მეტი უნდა იყოს.

ხელფასის მოპარვის კიდევ ერთ ფორმაზე – ხელფასის უკანონო დაქვითვაზე, მთვლელის მომხმარებელთა 15.5%-მა განაცხადა. დეტალურად იხილეთ ფოტოზე:

ხელფასის უკანონო დაქვითვა მაშინ ხდება, როდესაც დამსაქმებელი აკავებს ფულს დასაქმებულის ხელფასიდან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ანგარიშის თანახმად, ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია საცალო ვაჭრობის სექტორში, განსაკუთრებით სუპერმარკეტებში, როდესაც მოპარულ ან გაფუჭებულ [ვადაგასულის გარდა] საქონლის ღირებულებას დასაქმებულებს ხელფასიდან უქვითავენ.

ანგარიშში საუბარია ასევე შვებულების უფლების მქონე მომხმარებლებისთვის კუთვნილზე ნაკლები ხანგრძლივობის შვებულების მიცემაზე. ამის შესახებ 56.7%-მა განაცხადა.

ავადმყოფობის დროს გაცდენილი საათების არანზღაურების შესახებ 41.2%-მა განაცხადა. საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლებმა აუნაზღაურონ თანამშრომლებს სამსახურში გაცდენილი დღეები მათი ავადმყოფობის ან ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის საჭიროების შემთხვევაში, თუ ისინი ექიმის ცნობას წარადგენენ.

ანგარიშში ასევე მოყვანილია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ დაწესებულებაში დასაქმებულ ხალხს, ვისაც ე.წ. ჩაის თანხა ეკუთვნოდა, არ მისცეს. ანგარიშის თანახმად, ამის შესახებ 65.5%-მა განაცხადა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ე.წ. ჩაის თანხა თანამშრომლებს ხელფასთან ერთად უნდა დაურიგდეს, თუმცა ანგარიშის თანახმად, ხშირად ასე არ ხდება, რაც ხელფასის მოპარვის ერთ-ერთი ფორმაა.

მომხმარებელთა 6%-მა განაცხადა მინიმუმ ერთი ხელფასის დაკარგვის შესახებ, 28.6%-მა კი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ბოლო ხელფასის არაღების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურს“, როგორც შრომით უფლებებზე ზედამხედველ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელ ერთადერთ რგოლს, არ გააჩნია ერთიანი ხედვა და სტრატეგია ხელფასის მოპარვასთან საბრძოლველად. ამის გამო “ ხელფასის მოპარვასთან ბრძოლა ძირითადად არასისტემურად, მხოლოდ ვიწრო შრომითი უფლებების პრიზმიდან ხდება”.

ამასთან, ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ შრომის ინსპექცია ნაკლებად ანზოგადებს გამოვლენილ დარღვევებს და საზოგადოებას ინფორმაციას ნაკლებად ხდება.

ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლოების როლზეც:

“მოუქნელი და არათანმიმდევრულია საერთო სასამართლოების როლი ხელფასის მოპარვასთან ბრძოლის ნაწილში, რომელიც ძირითადად უკვე დასრულებულ შრომით ურთიერთობაში მოპარული ხელფასის დაბრუნების მიზნით ხდება ეფექტური”, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელფასის მოპარვის კულტურას არსებითად ახალისებს შრომის ანაზღაურების მომწესრიგებელი კანონმდებლობის სისუსტე ან/და არაგანჭვრეტადობა.

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განისაზღვროს ღირსეული მინიმალური ხელფასი, რომელიც დღესდღეობით თვეში 20 ლარს უტოლდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მინიმალურ ხელფასს წარმოადგენს. ასევე, პრობლემურია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მინიმალური ტარიფის არარსებობა, რაც დასაქმებულების ზეგანაკვეთური შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას ფაქტობრივად დამსაქმებლის კეთილსინდისიერების იმედად ტოვებს”, – მითითებულია კვლევაში.

რეკომენდაციები:

ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე კვლევის ავტორები სხვადასხვა უწყებას აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:

სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურმა“ დაიწყოს პროაქტიული მუშაობა საქართველოში ხელფასის მოპარვის უკანონო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით:

  • დაინტერესებულ პირთა ჩართულობით განსაზღვროს ის სექტორები და დასაქმების ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად გვხდება ხელფასის მოპარვის პრაქტიკა და პრიორიტეტულად განახორციელოს ამ დასაქმების ადგილებზე შრომითი უფლებების ინსპექტირება;
  • შეიმუშაოს ინსპექტირების პროცესში სამუშაო ადგილზე ხელფასის მოპარვის გამოვლენის ინსტრუქცია შრომის ინსპექტორებისთვის;
  • აწარმოოს აქტიური საინფორმაციო კამპანია ხელფასის მოპარვის პრაქტიკის წინააღმდეგ, მათ შორის, საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდოს ინფორმაცია ხელფასის მოპარვის მიმართულებით შრომის ინსპექციის მიერ გამოვლენილი ხშირი დარღვევების შესახებ, ამ პრაქტიკების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შექმნას დასაქმებულთა მიერ მოპარული ხელფასის დაბრუნების/ ანაზღაურების მექანიზმი (მაგ. ტრიბუნალი, კომისია და სხვა) რომლის საშუალებითაც დასაქმებულები შეძლებენ დროულად და ეფექტურად დაიბრუნონ მათი მოპარული ხელფასი.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შრომის ანაზღაურების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, მათ შორის, განსაზღვროს ღირსეული მინიმალური ანაზღაურება და ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ტარიფი. ასევე, დაიწყოს მუშაობა შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების აღიარებაზე, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების: ხელფასის დაცვის კონვენცია, 1949 წელი (No. 95), მინიმალური ხელფასის დადგენის კონვენცია, 1970 წელი (No. 131) რატიფიცირებით და მიიღოს ევროპის სოციალური ქარტიის მიუღებელი დებულებები, განსაკუთრებით 4§1 მუხლი (უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე).

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურთან“ კოორდინაციით პროაქტიულად გამოიძიოს ხელფასის მოპარვის ისეთი სისტემური შემთხვევები, სადაც ეკონომიკური დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

საქართველოს საერთო სასამართლოებმა და სსიპ „შრომის ინსპექციის სამსახურმა“ აწარმოონ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დავების/ დარღვევების შესახებ დეტალური სტატისტიკა, (მათ შორის, ხელფასის მოპარვის ფორმებისა და მოპარული ხელფასის ოდენობის მითითებით), ხელფასის მოპარვის პრაქტიკის დეტალური ანალიზისა და მასთან საბრძოლველად ეფექტური სახელმწიფო ხედვის შემუშავების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი