საზოგადოება

„რომ მივედით, დამწვრები დაგვხვდნენ“ – რა მოხდა ტყიბულში

31 იანვარი, 2022 • 1645
„რომ მივედით, დამწვრები დაგვხვდნენ“ – რა მოხდა ტყიბულში

ტყიბულის მინდელის შახტში წუხელ დაშავებულების ახლობლები ამბობენ, რომ მეშახტეები ისეთ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც საფრთხე არ უნდა შექმნოდათ და აფეთქების მიზეზის გარკვევას ელოდებიან.

ტყიბულში კვირა ღამით, სავარაუდოდ, მეთანის ჭარბი კონცენტრაციის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ტყიბულის შახტებში, ქვანახშირის მოპოვების განახლებიდან, წელიწადი არ გადის მუშების დაღუპვის გარეშე, თუმცა მეშახტეების მთავარი პრობლემა – უსაფრთხო შრომის გარემო – უცვლელი რჩება.

„რომ მივედით, დამწვარი იყო ხალხი“

„ნეტგაზეთთან“ საუბარში ერთ-ერთი დაშავებულის ახლობელი, ზაზა ზარნაძე, რომელიც თავადაც იმავე საწარმოშია დასაქმებული, ამბობს:

„ჩვენ რომ მივედით, უკვე დამწვარი იყო ხალხი, მომხდარი იყო აფეთქება. საშინელი სურათი დაგვხვდა, აღარც მინდა გახსენება“.

მისი მონათხრობის თანახმად, დაშავებულები „ქვემოთ იყვნენ, ისეთ ადგილზე, რომელიც უსაფრთხო იყო, – იმ ადგილზე, სადაც უნდა გამოსულიყვნენ, წესით და რიგით, უსაფრთხოდ და იქ აფეთქება არ უნდა მომხდარიყო”.

ზაზა ზარნაძე

„შახტი ჩვეულებრივად მუშაობდა, ყველას თავ-თავისი უბანი და სამსახური აქვს. მე ჩემს საქმეს ვასრულებდი, მაგრამ ამ დროს გვირეკავს დისპეტჩერი, ესე მოხდაო და გავიქეცით“, – იხსენებს იგი.

„ხდება ასეთი რაღაცები. უნდა ვუშველოთ ერთმანეთს, აბა, რისთვისა ვართ. შეძლებისდაგვარად ვცადეთ, დროულად გაგვეკეთებინა, რომ ცოცხლები გამოგვეყვანა. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ“, – ამბობს ის.

დაშავებულებს შორის იყო 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე, რომელიც შახტიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა, ზაზა ზარნაძის თქმით, სოფრომაძე გამოყვანისას კონტაქტური არ ყოფილა.

იგი მალევე გადაიყვანეს ტყიბულის კლინიკაში, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო და, მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჭაბუკა სოფრომაძის გარდაცვალება ღამის 2 საათისთვის დაადასტურა „ნეტგაზეთთან“ საუბარში კლინიკის  გენერალურმა მენეჯერმა, იური ელიაშვილმა.

დანარჩენი დაშავებულები, ტყიბულში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

„არც ვიცით, როგორ არიან“

ჯერჯერობით დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ბევრი არაფერი იციან ახლობლებმა, რომლებიც დამწვრობის ცენტრთან ელიან ახალი ამბების გაგებას.

იციან ის, რაც ტელევიზიითაც გადასცეს: 5-დან 3 ადამიანი მძიმედაა, ამ სამიდან ერთ-ერთი კი, განსაკუთრებით მძიმედ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თანახმად, რვავე პაციენტს, სავარაუდოდ, გაზის [მეთანის] აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები აღენიშნება.

მისი განცხადებით, დაშავებულთაგან 3 გადაყვანილია რეანიმაციაში, 5-ს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში.

„დამწვრობის გარდა, მათ აღენიშნებათ სხვადასხვა მოტეხილობა და ტრავმა. სამივეს მდგომარეობა საყურადღებოა, განსაკუთრებით ერთი გვყავს მძიმე“, – განუცხადა „მთავარ არხს“ გუგა ქაშიბაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას დამწვრობის ცენტრის ექიმი, თეა უროტაძე ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთ პაციენტს სხეულის მძიმე, 60%-იანი თერმული დამწვრობა აქვს მიღებული.

„პაციენტს აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, სხეულის, ტორსის დამწვრობა, მისი მდგომარეობა არის სერიოზულად მძიმე“, – უთხრა ექიმმა ჟურნალისტებს.

„ჩემი დისშვილია… ტელევიზიით გავიგე, რომ მოხდა ასეთი შემთხვევა, მერე დავრეკე ჩემს დისშვილთან და გავიგე, რომ აქაა ჩამოყვანილი… ვარაუდით ვიცი, რომ სწორედ 60%-იანი დამწვრობა რომ აქვს, ის არის ჩემი დისშვილი“, – უთხრა ჟურნალისტებს კლინიკასთან მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა.

„დილიდან აქ ვართ, მაგრამ არაფერი გაგვიგია, ერთი იყო, თვითონ ერთმა დაშავებულმა გადმოგვხედა ფანჯრიდან. ნორმალურად არ დაგელაპარაკებიან“, – ამბობს კლინიკასთან მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ამბობს, რომ დაშავებულებს შორის ბიძამისიც არის. მასაც მრავლობითი დამწვრობა აქვს.

ზაზა ზარნაძის თქმით, დაშავებულები, საშუალოდ, 40-დან 55 წლამდე ასაკისანი არიან და შახტში დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება აქვთ. „რამ გამოიწვია ეგ ამბავი [აფეთქება], არ ვიცი“, – გვეუბნება იგი.

რამ გამოიწვია აფეთქება?

კომპანია „საქნახშირში“, რომელიც ტყიბულის შახტებს ამუშავებს, ამ ეტაპზე კვლავ ვერ აკონკრეტებენ, რა მოხდა წუხელ და ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქნახშირის დასაქმებული

პოლიციაში ჯერჯერობით არ უთქვამთ დამატებითი დეტალები, თუმცა შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, პირველადი მოკვლევის შედეგები ასეთია:

  • „საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას. არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაობის განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში“;
  • „დარღვეულია ტექნიკური რეგლამეტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქბლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა“.

გამოვლენილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა საამფეთქებლო სამუშაოები და დახურა ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა (მინდელის სახელობის შახტის მე-2 უბანი).

მოგვიანებით, 31 იანვარს, „საქნახშირის“ დირექტრორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ განაცხადა, რომ მიღებულ იქნა შახტის 3 დღით გაჩერების გადაწყვეტილება. „ორი დღის განმავლობაში სიტუაციის სრულ ანალიზს მოვახდენთ და გავმართავთ პრესკონფერენციას მომხდარის მიზეზების შესახებ“, – თქვა მან.

„საგანგაშო სტატისტიკა“

ტყიბულში, სადაც XIX საუკუნიდან მოყოლებული მოიპოვებენ ქვანახშირს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოები 2006 წელს აღდგა.

2007 წლიდან დღემდე ტყიბულის შახტებს 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს:

„ეს საგანგაშო რიცხვი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ტყიბულში დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივი ცვლილებების მამოძრავებელი უნდა გამხდარიყო, თუმცა ტყიბულის მიმართ არსებული სისტემური უყურადღებობისა და დარღვევების ეს ჯაჭვი დღემდე ხელუხლებლად აგრძელებს არსებობას“.

ტყიბულის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი 2018 წელს დადგა, როდესაც აპრილსა და ივნისში მინდელის შახტში საწარმოო შემთხვევების შედეგად 10 დასაქმებული დაიღუპა და 9 დაშავდა.

საპროტესტო მუხტსა და შექმნილ კრიზისს სახელმწიფომ შახტების დროებით დახურვით უპასუხა. დროებითი დახურვის განმავლობაში დასაქმებულებს იძულებით განაცდურს უნაზღაურებდნენ, თუმცა 2019 წლის სექტემბერში დამსაქმებელმა კომპანიამ ხელფასები დააგვიანა, რასაც დემონსტრაციები მოჰყვა.

სწორედ ამ ფონზე, 2019 წლის სექტემბერში ინვესტორმა, GIG ჯგუფმა ბიზნესიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მეშახტეების პროტესტის ფონზე, ტყიბულში ჩავიდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ახალი ინვესტორის ვინაობა გააცნო მეშახტეებს.

ახალი ინვესტორი

„საქნახშირის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ამ პერიოდიდან მოყოლებული არის „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის მოქალაქე გიორგი ჭელიძე. ამასთან, 2019 წლის 7 ნოემბრიდან „საქნახშირის“ გენერალური დირექტორად საჯარო რეესტრში ფიქსირდება კომპანია „კოალ ოფ ჯორჯია“.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ (GTUC), რომელიც ტყიბულის ინციდენტის გამოძიებაშიც არის ჩართული, აცხადებს, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც „საქნახშირის“ ოპერატორი კომპანია შეიცვალა, „სრულიად შეიცვალა ნახშირის მოპოვების მიმართ დამოკიდებულება და შიდა სამრეწველო პოლიტიკა“.

კერძოდ, პროფკავშირის თანახმად, თუკი GIG ჯგუფის მიერ საწარმოს ოპერირების დროს „მთავარი აქცენტი კეთდებოდა მოპოვებული მადნის დიდ რაოდენობაზე, Coal of Georgia-ს შიდა სამრეწველო პოლიტიკა მთლიანად დაეყრდნო მადნის უსაფრთხო მოპოვების კონცეფციას“.

„შახტის შრომის უსაფრთხოების სისტემა აღჭურვილია მეთანის კონცენტრაციის გაზომვის როგორც ხელოვნური, ასევე ავტომატური საშუალებებით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ყოველი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყებისას იყოს ცნობილი, თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია კონკრეტულ სამუშაო ლოკაციაზე და თუ კონცენტრაციის მაჩვენებელი ნორმაშია, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა შახტის დისპეტჩერის მიერ“, – აცხადებს პროფკავშირი.

GTUC-ის ინფორმაციით, მეშახტეების ბრიგადას შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია: „ფეთქითი მასალის ნახშირის ფენებში დამონტაჟების წესებიც ზედმიწევნით იყო დაცული, დეტონატორის ელექტროსადენიც საჭირო სიგრძის იყო და აფეთქების მომენტშიც უსაფრთხო პოზიციებზე იდგნენ“.

„ეს ყოველივე მიგვანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ფაქტის კვლევა უნდა წარიმართოს შემდეგი მიმართულებით: ჰქონდა თუ არა შახტის სადისპეტჩეროს ინფორმაცია მეთანის მაღალი კონცენტრაციის შესახებ და თუ ასეთი ინფორმაცია არსებობდა, რატომ, ვის მიერ და ვისი ბრძანებით გაიცა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს დაწყების ნებართვა“, – წერს პროფკავშირების გაერთიანება.

„უსაფრთხო სამუშაო გარემოზე დაპირება არ შესრულებულა“

მეორე მხრივ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ 2019 წელს გაუმჯობესებული სამუშაო გარემოს შესახებ მიღებული დაპირების მიუხედავად, ეს დაპირება არ შესრულებულა.

სსც იხსენებს, რომ „2018 წლის ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ, რომლის შედეგადაც 10 მეშახტე დაიღუპა, შახტებში უსაფრთხოების მდგომარეობის გამოსწორებისთვის სახელმწიფოს დაკვეთით მომზადდა გერმანული საინჟინრო-აუდიტორული კომპანიის დასკვნა.

დასკვნაში საუბარია სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაზე, მოძველებულ, დაზიანებულ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უშუალოდ შახტში ჩასასვლელი გვირაბის ამორტიზებულ მდგომარეობაზე – და ხარვეზიანი, ქაოტური მოპოვების პრაქტიკაზე.

„დასკვნა შეიცავდა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ცვლილებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც, დასკვნის ავტორთა აზრით, აუცილებელი იყო შახტში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, აუდიტორულ დასკვნაში მითითებული მძიმე დარღვევების გამოსწორების მიზნით გაცემული რეკომენდაციები არათუ არ გაითვალისწინეს, არამედ, რიგ შემთხვევებში, შრომის უსაფრთხოების მხრივ, შახტებში არსებული მდგომარეობა გაუარესდა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

შრომის ინსეპქციის კრიტიკა

შრომის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, „ღირსეული შრომის პლატფორმა“ შრომის ინსპექციას აკრიტიკებს. ამის მიზეზი კი შემდეგია:

„მომეტებული საფრთხეებისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გადაუდებელი საჭიროების მიუხედავად, პლატფორმის ხელთ არსებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციას, ბოლო წლებში, ტყიბულში უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების მიზნით არცერთი ინსპექტირება არ განუხორციელებია“.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch რამდენიმე თვის წინ წერდა: შრომის ინსპექციის მუშაობის განსაკუთრებით დიდი ნაწილი მოდის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ზედამხედველობაზე, როდესაც შრომის უსაფრთხოების სხვა საკითხები უყურადღებოდ რჩება.

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ განცხადებით, შრომის ინსპექციის საქმიანობის პრიორიტეტი, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად სწორედ „მსგავსი მაღალი რისკის მქონე კომპანიების სისტემატური პრევენციული შემოწმება უნდა იყოს და არა მხოლოდ უკვე დამდგარი ინციდენტების შემდგომი მოკვლევა“.

ყველაფრის გათვალისიწნებით, ორგანიზაციები შრომის ინსპექციას მოუწოდებენ, საფუძვლიანად შეისწავლოს შრომის უსაფრთხოების კუთხით შახტებში არსებული მდგომარეობა და მიიღოს პრევენციული ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად.

მასალების გადაბეჭდვის წესი