ახალი ამბები

რა ელით ბავშვებს, რომლებმაც პანდემიის გამო შშმ სტატუსი და დახმარება დაკარგეს

26 იანვარი, 2021 • 1366
რა ელით ბავშვებს, რომლებმაც პანდემიის გამო შშმ სტატუსი და დახმარება დაკარგეს

28 ნოემბრიდან საქართველოში  საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალულია, რაც განსაკუთრებულად პრობლემურია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ყოველდღიური მოთხოვნების გარდა, ამ აკრძალვის გამო ბავშვების ნაწილს შეუწყდა შშმ პირების სტატუსი და, შესაბამისად, სახელმწიფო დახმარება.

მშობლები ამბობენ, რომ სტატუსის მისაღებად ბავშვებმა სპეციალურ კომისიაზე არაერთი დასკვნა უნდა წარადგინონ. ეს კი ტრანსპორტის არარსებობის პირობებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ზოგჯერ უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული.

მას შემდეგ, რაც მშობლებმა ამის შესახებ საჯაროდ საუბარი დაიწყეს, ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ კომისიაზე გასვლის ვადა გახანგრძლივდება.

რას ნიშნავს, როდესაც ბავშვს შშმ სტატუსს უჩერებენ – მშობლების გამოცდილება

ნეტგაზეთი პანდემიის განმავლობაში  რამდენიმე შშმ ბავშვის მშობელს ესაუბრა, რომელთა უმეტესობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს ტრანსპორტის აკრძალვას.

მშობლები გვიყვებიან, რომ აკრძალვების გამო შემოსავლის წყარო ბევრმა დაკარგა, შესაბამისად, სახლემწიფო მათთვის ბოლო იმედია. თუმცა აკრძალვებმა ასევე გაართულეს შშმ ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიწოდება – მათ შორის, სწავლისა თუ შშმ სტატუსის დამტკიცების თვალსაზრისით.

საქმე ის არის, რომ შშმ ბავშვები პერიოდულად სპეციალურ კომისიაზე უნდა გავიდნენ და სამედიცინო დოკუმენტაცია წარადგინონ. სწორედ კომისია წყვეტს სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხს.

ბათუმში მცხოვრები რუსო შარვაშიძე ერთ-ერთია იმ დედებს შორის, რომელთა შვილს შშმ სტატუსი და, შესაბამისად, ფინანსური დახმარება ტრანსპორტის აღდგენამდე შეუჩერდა.

ნეტგაზეთი მას მანამდე ესაუბრა, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ვადების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„კანონის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი არ არის.. ასე ვთქვათ, „გამოსწორებადი“ და იგივე რჩება, ბავშვი რამდენიმე წელიწადში ერთხელ კომისიაზე მაინც უნდა გავიდეს. ჩემთვის ეს გაუგებარია.

ჩვენ გავდივართ კომისიაზე, რომ ხელახლა დაგვიდგინდეს შშმ პირის სტატუსი იმ დიაგნოზის შემთხვევაში, რომელიც არ იცვლება“, – ამბობს რუსო შარვაშიძე.

ის გვიყვება, რომ კომისიაზე გასვლა განსაკუთრებულად რთულია ზამთარში, უამინდობის დროს, მით უფრო, როდესაც ბავშვი პირბადეს არ იკეთებს – „უნდა წავიყვანო სხვადასხვა ექიმთან, ფორმა ასი მივიღოთ, კომისია ჩაინიშნოს, რომ ისევ დაუდგინეს დიაგნოზი. ეს არათუ პანდემიის პერიოდში, ზოგადადაც არ უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს მოცემულობაა დიაგნოზის თვალსაზრისით. უსამართლობასთან გვაქვს საქმე ნამდვილად“.

„ბევრ ადგილას გვიწევს წასვლა. ბათუმში უკვე თებერვლიდან დაუშვეს [ტრანსპორტი], მაგრამ იქამდე ძალიან რთული არის და იყო. ჯერ უნდა მივსულიყავით უბნის ექიმთან, შემდეგ- სპეციალურ კლინიკაში, სადაც შეიკრიბება კომისია და ჩაინიშნება თარიღი. შემდეგ უკვე ჩვენ უნდა წავიდეთ.

ტაქსებით უნდა იმგზავრო, თუ საკუთარი ავტომობილი არ გყავს. როდესაც დამოკიდებული ხარ უმუშევრობის პერიოდში ამ მიზერულ პენსიაზე, ძალიან რთულია. პენსია არის 250 ლარი. მაშინ, როდესაც ვალუტის კურსი ასეთ მაღალ ნიშნულზეა და ყველაფერი გაძვირდა, მხოლოდ ამაზე დამოკიდებული ადამიანი ვერ იქნები. სამსახურები გაჩერებულია, ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა. იმის გამო, რომ შეჩერდა სტატუსი, მიღმა დავრჩით, ასე გამოდის“.

რუსო შარვაშიძე გვიყვება, რომ დახმარებისთვის ცხელ ხაზს მიმართა, თუმცა მათგან სტანდარტული პასუხი მიიღო – „კლინიკაშიც იმის მიხედვით იქცევიან, როგორც დაწესებულია. უტრანსპორტობის და უამინდობის გამო ვერ მივაღწიეთ იმ ადამიანთან, ვინც ადეკვატურ პასუხს გაგვცემდა“.

„ახლა უკვე ჩაინიშნა კომისია, გავივლით კომისიას, ისევ დაუდასტურება დიაგნოზი, რომელიც დაბადებიდან აქვს და შეუცვლელია. აღდგება ჩვეულებრივ სტატუსი, გაუგრძელდება პენსია და ის დახმარება, რომელიც სახელმწიფომ დააწესა, მათ შორის, შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება პანდემიის დროს.

ამ უკანასკნელსაც სტატუსის შეჩერების გამო ვერ ვიღებდით“, – გვიხსნის რუსო შარვაშიძე.

„ტრანსპორტის აკრძალვის გარდა, მთავარი სირთულე არის ჩაკეტილობა, სკოლის მიღმა დარჩენა – გარდა იმისა, რომ ბავშვი სკოლაში განათლებას იღებდა, ერთობოდა კიდეც. დისტანციურად კი ძალიან რთულია, როდესაც … ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური შეზღდუვა და ასეთ დროს მარტო ონლაინ ჩართვა უჭირს, საჭიროებს ჩემს ჩართულობასაც.როდესაც მე ფიზიკურად დრო არ მქონდა, რჩებოდა სწავლის მიღმა.

ასევე ვიღებდით ვაუჩერებს, ვარჯიშისა და ლოგოპედის დახმარებას, რასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო, ამ პერიოდში დარჩა ჰაერში. დისტანციური დახმარება რთულია. წარმოუდგენელიც კი. არ ვიცი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო,“.

სამინისტროს პასუხი და დაპირება

ნეტგაზეთთან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თეა გვარამაძემ თქვა, რომ უწყება გეგმავს კომისიაზე გასვლის ვადის გახანგრძლივებას.

გვარამაძე ამბობს, რომ დღევანდელ დღემდე სტატუსის გახანგრძლივება რამდენჯერმე მოხდა – პირველად 2020 წლის მარტიდან ივლისამდე გახანგრძლივდა, შემდეგ- 2020 წლის 28 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, ბოლოს კი -2021 წლის პირველ თებერვლამდე.

„ახლა ვაპირებთ, რომ ვადა გავახანგრძლივოთ პირველ აპრილამდე, ვინაიდან, როგორც გაცხადებულია, პირველი მარტიდან საქალაქო ტრანსპორტი დიდ ქალაქებში, სავარაუდოდ, ამოქმედდება. თუმცა ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ 1 თვის ვადაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და 1 თვის ვადაში აღიდგინონ შშმ სტატუსი“, – აცხადებს თეა გვარამაძე.

ამასთანავე, მისივე თქმით, ყველას, ვისაც ახლა შეჩერებული აქვს სტატუსი, დახმარება ჩაერიცხება – „მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ დავაიდენტიფიციროთ ყველა ის ადამიანი, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი. მათ აუცილებლად უნდა გაუგრძელდეთ დახმარების მიღება“.

„ეს იქნება მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება, რომელიც უკვე დავაინიცირეთ და მთავრობა როგორც კი მიიღებს დადგენილებას, პირველ აპრილამდე შშმ სტატუსის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება და ამონაწერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდება“.

ჩვენს კითხვაზე, რატომ მანამდე არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, გვარამაძე პასუხობს, რომ შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონოდა ვადაში აცდენას.

„ამ ცვლილებების იდეა იყო ის, რომ არ შეფერხებულიყო ბენეფიტის გაცემა და არ შეჩერებულიყო თქმა.. გამიჭირდება ზუსტად თქმა, შესაძლოა, იყო ვადაში აცდენა კონკრეტულ შემთხვევებში. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შედეგი გვაქვს. როგორც ვიცი, ბევრი არ არის რაოდენობრივად, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიც უნდა იყოს, უნდა დავფაროთ შესაბამისად“, – განაცხადა მან.

„პრობლემა გაუმართავი სისტემაა“ – უფლებადამცველის შეფასება

მარი კორკოტაძე, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, ერთ-ერთი პირველია, ვინც პანდემიის პირობებში სტატუსშეჩერებულ შშმ ბავშვებზე საჯაროდ განაცხადა.

კორკოტაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე განცხადება გამოაქვეყნა, კომენტარებში კი არაერთი მშობელი წერს, რომ მას და მის შვილს მსგავსი პრობლემა აქვს.

ციკლიდან მე რა შუაში ვარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი რომ ხარ, მაგიტომ გაქვს პრობლემა….

სახელმწიფომ, რომელმაც…

Posted by Mari Korkotadze on Friday, 22 January 2021

მარი კორკოტაძე გვიყვება, რომ ამ პრობლემას არათუ ინდივიდუალური, არამედ გაცილებით უფრო მასშტაბური სახე აქვს. ყველაფრის სათავეში კი სისტემაა, რომელიც შშმ პირებსა და ბავშვებს არ ითვალისწინებს.

„თავდაპირველად მინდა შევეხო მთავარ პრობლემას – ზოგადად, ეს სისტემა იმდენად გაუმართავია, რომ ადამიანს, რომელსაც, მაგალითად, აქვს  ფეხი ამპუტირებული და არის შშმ პირი, მას 2 წელიწადში ერთხელ იბარებენ ამ კომისიაზე, რათა მოხდეს მისთვის სტატუსის გაგრძელება. ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი – ადამიანს ორ წელიწადში ფეხი ვერ გაეზრდება, მაშინ რატომ მოგვყავს ის განმეორებით კომისიაზე? რას ვუმოწმებთ მას?

ეს არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც, ვთქვათ, რომელიმე კიდური აქვს ამპუტირებული. მაგალითად, რომ ავიღოთ დაუნის სინდრომი – ეს სინდრომი ადამიანს აქვს ცხოვრების ბოლომდე და მისი ასე გაუქმება არ მოხდება. ამ ბავშვებსაც კი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იბარებენ, რომ გაუგრძელონ სტატუსი. ასევე არის აუტიზმის სპექტრის შემთხვევებშიც, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვებს საკმაოდ რთული ქცევები აქვთ – მაინც იგივე მიდგომაა“, – გვიყვება მარი კორკოტაძე.

სხვა მშობლების მსგავსად, მარი კორკოტაძე გვიხსნის, რომ პანდემიის გამო კომისიებზე გასვლა განსაკუთრებით გართულდა, მით უფრო, რომ ამ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი აიკრძალა.

პრობლემაა ისიც, რომ რეგიონში მცხოვრები მშობლისთვის, რომელსაც პენსია და დანამატი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, კომისიაზე გასვლა ქალაქში მოუწევს, რაც დამატებითი 100-150 ლარის ხარჯია.

ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო შშმ ბავშვებს პანდემიის დროს ყოველთვიურად 100 ლარით ეხმარება. შეჩერებული სტატუსის გამო კი მშობლები ამ დანამატს ვერ იღებენ.

„იმდენად არაკომპეტენტური ადამიანები იღებენ ამ გადაწყვეტილებას, დაშვებასაც არ აკეთებენ, რომ შეიძლება ადამიანი ამგვარი პრობლემის წინაშე იდგეს“, – ამბობს ის.

კორკოტაძე იხსენებს, რომ მას თავადაც ჰქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს წამომადგენელთან. მისი თქმით, კითხვაზე, თუ რატომ არ გახანგრძლივდა კომისიაზე გასვლის ვადა, როგორც ეს წინა კარანტინის დროს იყო – მას უპასუხეს, რომ დღეს საგანგებო ვითარება ქვეყანაში არაა გამოცხადებული და არსებობს მხოლოდ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვა. შესაბამისად, ამგვარი დაშვების გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ახლა შეიძლება ის გაკეთდეს, რომ სასწრაფოდ გამოიცეს რაიმე ბრძანება – ან ჯანდაცვის მინისტრიმა, ან პრემიერ-მინისტრმა. უნდა მოხდეს გადავადება კომისიაზე გასვლის პროცედურების, მანამ, სანამ არ აღდგება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა. ამ ადამიანებს ჩვეულებრივად ჩაერიცხოთ პენსია და 100-ლარიანი დანამატი.

ეს მარტივი გასაკეთებელია და კანონის ცვლილებისგან განსხვავებით, დიდი დრო არ სჭირდება. ძალიან მარტივად შეიძლება ბრძანება დაიწეროს და მოეწეროს ხელი“, – განმარტავს მარი კორკოტაძე.


ამავე თემაზე ნეტგაზეთი კიდევ ერთი დედის, ეკა ქაძანაიას ისტორიას წაკითხვას გირჩევთ. სხვა მშობლების მსგავსად, ეკა ქაძანაია ყვება, თუ როგორ იბრძვის შვილის უფლებებისთვის პანდემიის პირობებში.

როცა შშმ ბავშვების საჭიროებებს დღის ცენტრები ვეღარ ფარავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი