ახალი ამბები

ადვოკატი: ციხის ადმინისტრაცია ივერი მელაშვილის დაცვის უფლებას უხეშად არღვევს

28 დეკემბერი, 2020 • 865
ადვოკატი: ციხის ადმინისტრაცია ივერი მელაშვილის დაცვის უფლებას უხეშად არღვევს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია უხეშად არღვევს ივერი მელაშვილის დაცვის უფლებას, ვინაიდან ადვოკატს არ გადასცა ბრალდებულის მიერ მომზადებული საქმის წერილობითი ანალიზი.

ადვოკატის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ ამით ბრალდებულს ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება შეუზღუდა, რადგანაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც ბრალდებულის და ადვოკატის პირისპირ კომუნიკაცია ვერ ხერხდება, ეს ერთადერთი საშუალებაა საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე სამუშაოდ.

ამასთან, მარიკაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ დარღვევას. კერძოდ, როგორც თავად ამბობს, პენიტენციურ დაწესებულებაში დოკუმენტის არგადაცემის მიზეზად დაუსახელეს მისი “შინაარსობრივი პრობლემა”, რაც ადვოკატის თქმით იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაცია დოკუმენტის შინაარსს გაეცნო, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ:

“ერთად რომ ვიმუშაოთ ბრალდებულმა და ადვოკატმა, გვჭირდება მისი მოზარებები რომ დაწეროს და გადმოგვცეს. დღეს აღმოჩნდა, რომ შეზღუდეს სრულიად უკანონოდ მისი ეს უფლება.  შინაარსობრივად პრობლემა არისო, პირადი ხასიათის წერილს ჰგავსო, როცა ბატონი ივერის განმარტებით ეს იყო საქმის ანალიზი.

არცერთ შემთხვევაში არ აქვთ უფლება აღნიშნულ დოკუმენტს გაეცნონ. ჯერ ერთი, წერილი არ იყო, საქმის ანალიზი იყო, და მეორეც, როგორც ჩანს, შეხედეს შინაარსობრივად, რისი უფლებაც არ აქვთ. ეს არის ადვოკატთან ბრალდებულის კომუნიკაციის უფლების დარღვევა, შინაარსობრივი კონტროლის უფლება არ აქვს ციხის ადმინისტრაციას ადვოკატის და ბრალდებულის კომუნიკაციის, რაც ბატონი ივერის დაცვის უფლების უხეში დარღვევაა. ჩავაბარე საჩივარი და შემდგომ რეაგირებასაც აუცილებლად მოვახდენთ” ,- ამბობს მარიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სრულად არ აძლევს ბრალდებულის ადვოკატებს საქმის მასალებს, რითაც ასევე ირღვევა ბრალდებულის უფლებები.

ბრალდებას უარყოფენ პენიტენციურ სამსახურში. უწყებაში ამბობენ, რომ ბრალდებლ მელაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან, მათი თქმით, წერილი პირადი ხასიათის იყო და პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს.

უწყების განცხადებით, პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.

უწყებაში ამბობენ, რომ კანომდებლობის მიხედვით, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი კორესპონდენცია, რომლის ადრესატიც კანონით გათვალისწინებულ პირთა წრე არაა. მათ შორის კი, უწყების თქმით, ბრალდებულის ადვოკატი არ არის:

“N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; სასამართლო და ა.შ.) და რომელთა შორის არ არის ადვოკატი” ,- აცხადებენ უწყებაში.

უწყების განცხადებით, კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს შესაბამის უსაფრთხოების ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა:

შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად. ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს.

ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ-ს აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება” ,- ამბობენ პენიტენციურ სამსახურში. 


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი