ახალი ამბები

რიყის დოქები „კარტოგრაფების საქმის” მოწმის ოჯახმა იყიდა – ფორმულა

25 მარტი, 2022 • 2998
რიყის დოქები „კარტოგრაფების საქმის” მოწმის ოჯახმა იყიდა – ფორმულა

რიყის დოქები, რომელიც გუშინ 10 020 000 ლარად გაიყიდა, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმის, დავით ხიდაშელის ოჯახმა იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის განცხადებით, აღნიშნული თავად ხიდაშელმა დაუდასტურა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელსაც თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე ჰქონდა გამოტანილი, ქონება კომპანია Global Victory Trust-მა იყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

დავით ხიდაშელი “რუსთავი 2-თან” ამბობდა, რომ 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მათ შორის ასახელებს სატელეკომუნიკაციო, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობას. ამავე ინტერვიუში ხიდაშელმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკები, რომელიც შემდგომ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულნი არიან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

“ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და რუკის მოძიება მთხოვა” – ხიდაშელი

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი