ახალი ამბები

სვანეთში კრიპტოვალუტის უკანონო საწარმო ელ. ენერგიას იტაცებდა – “ენერგო პრო”

24 დეკემბერი, 2020 • 1696
სვანეთში კრიპტოვალუტის უკანონო საწარმო ელ. ენერგიას იტაცებდა – “ენერგო პრო”

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ბანგურიანის” დახმარე ნაგებობაში გახსნილი კრიპტოვალუტის საწარმო აღმოაჩინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

“მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

მაგალითად, სასტუმრო ,,ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი.

ხშირად ხდება ავარიების ფაქტები და კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ დროულად შეაკეთონ მწყობრიდან გამოსული ქსელი, თუმცა ელექტროენერგიის განსაკუთრებით მომატებულ მოხმარებას,კვლავ მწყობრიდან გამოჰყავს. ამასთან, ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებს არ აქვთ ადგილზე უსაფრთხოდ გადაადგილების და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების აღმოჩენის საშუალება”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრიპტოვალუტის რეგულირება და მოპოვება საქათველოში 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის საჯარო გადაწყვეტილებით, რომელიც 2019 წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა, განისაზღვრა კრიპტოაქტივისა და მის მოსაპოვებლად გამოყენებული სიმძლავრის გადასახადების დაბეგვრა. მიღებული გადაწყვეტილებით:

  • კრიპტოვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადით
  • ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან
  • კრიპტოვალუტის მისაღებად გამოყენებული სიმძლავრე (გამოყენებული ელექტროენერგია დროის მონაკვეთში) არ ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს, ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.
  • კრიპტოვალუტის მისაღებად გამოყენებული სიმძლავრე (გამოყენებული ელექტროენერგია დროის მონაკვეთში) ექვემდებარება დღგ-თი დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს, ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.

კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგოტევადი საქმიანობაა და, როგორც წესი, ეს ისეთ ქვეყნებში ხოციელდება, სადაც ელექტროენერგია შედარებით იაფია. სწორედ ასეთი ქვეყანაა საქართველოც, სადაც კრიპტოსაწარმოები ძირითადად განლაგებულია თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა სვანეთი და აფხაზეთი.

  • თავისუფალ ეკონომიკურ ზონები

როგორც წესი, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებული საწარმოები გათავისუფლებულნი არიან  გადასახადებისგან. ასევე, რიგ შემთხვევაში, გადასახადებისგან თავისუფალია ელექტოენერგიაც, რაც აიაფებს წარმოების ხარჯებს, შესაბამისად კრიპტოვალუტის მოპოვებას უფრო მომგებიანს ხდის.

  • სვანეთი

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ელექტოენერგიის გადასახადს არ იხდის. როგორც ენერგო-პრო ჯორჯიამ ნეტგაზეთს განუცხადა, ამის მთავარი მიზეზი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს გამოცემული ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები განთავისუფლდნენ ელექტოენერგიის გადასახადიდან.

“მოსახლეობა უკვე თითქმის 30 წელია ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. სწორედ ამიტომაა, რომ ზამთრის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ მიზეზით მესტიაში ძალიან ბევრს აქვს გახსნილი კრიპტოსაწარმოები, რაც ძალიან ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას ავთო დვალიშვილი.

  • აფხაზეთი

წლების განმავლობაში, ელექტროენერგიის ფასის სიიაფისა და ხელმისაწვდომობის გამო, აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვება მომგებიანი ბიზნესი იყო. თავის მხრივ, კრიპტოვალუტის მოპოვება ენერგოტევადი დარგია და ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას საჭიროებს.

ენერგიის მოხმარების ჭარბი ზრდა, ზრდის დაწოლა ენერგიის მიწოდების ქსელებზე. ჯერ კიდევ 2018 წელს იმდროინდელი აფხაზეთის დე დაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა კრიპტოვალუტების მოპოვების შეზღუდვის შესახებ, თუმცა სამართლებრივი დოკუმენტი მხოლოდ ახალი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დროს დამტკიცდა

დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის განცხადებით, აფხაზეთში აიკრძალა ყველა სახის კრიპტოვალუტის წარმოება.

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ საკითხში პრიორიტეტები არ აქვს. არსებობს დადგენილება – ვინც არ უნდა აწარმოებდეს კრიპტოვალუტას, ყველას უნდა გაეთიშოს”, – განაცხადა დეკემბრის თვეში ოზგანმა.

იქამდე, კრიპტოვალუტის მაინინგი აფხაზეთში ოფიციალურად არ ეკრძალებოდათ მათ, ვისაც ამის ნებართვა გააჩნდა. თუმცა ელექტროენერგიის მზარდი ხარჯვისა და კრიზისის შექმნის ფონზე, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყოველდღიურად ხდება უკანონო საწარმოების აღმოჩენა და მათი დახურვა. კანონიერად მომუშავე საწარმოებს კი საქმიანობა 2021 წლის მაისამდე შეუჩერეს. ამის მიუხედავად, კრიპტოვალუტის საწარმოები აფხაზეთში კვლავ მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კრიპტოფერმების დიდი ნაწილი ჩინოვნიკების მფლობელობაშია.

ფოტო გარეკანზე: კრიპტოვალუტა ბიტკოინის ლოგო


კრიპტოვალუტების საქართველოში მოპოვების შესახებ გაეცანით სტატიას ნეტგაზეთის არქივიდან:

კრიპტოვალუტის მომპოვებელი ადამიანები საქართველოში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი